• პანკისში წუხან, რომ ადგილობრივების მიმართ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს – ნინო ლომჯარია

    პარასკევი, 19 იანვარი 2018 15:34 view 5076
    პანკისში წუხან, რომ ადგილობრივების მიმართ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს – ნინო ლომჯარია

    პანკისში ადგილობრივები ძალიან წუხან, რომ აღიქმებიან, როგორც ტერორისტები ან ტერორიზმთან კავშირში მყოფი ადამიანები“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა პანკისში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. ნინო ლომჯარია ხეობაში ყოფნისას სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პედაგოგებს, ქალთა საბჭოს წევრებს, უხუცესთა კავშირისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

    „ყველა წუხს, რომ ხელისუფლების მხრიდან, მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და სტიგმა ამ თემის მოსახლეობის მიმართ. ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ ქვეყნის პატრიოტები არიან. მათ ყველა შეხვედრაზე განაცხადეს, საზოგადოებამდე და მედიამდე მიმეტანა, რომ ძალიან განიცდიან ამ სტერეოტიპებს. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში პანკისის ხეობაში სიმშვიდე იყო. განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო პროექტი და ფაქტიურად, ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გააღვიძა ის დამოკიდებულებები, რაც არსებობდა. თემის მიმართ არსებული სტიგმა თავიდან შექმნა. მეორე საკითხი, რასაც ყველა ხაზს უსვამს არის კომუნიკაციის ნაკლებობა ხელისუფლებასთან. ეს საკითხი წამოწია ყველა ჯგუფმა ვისაც ვესაუბრეთ, რომ ძალიან იშვიათი და ნაკლებია ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია ან გარკვეულ შემთხვევაში ხდება კონკრეტულ ჯგუფთან შეხვედრა და არა ხეობის მთლიან მოსახლეობასთან“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

    სახალხო დამცველის განცხადებით, ხეობის მცხოვრებლებმა სთხოვეს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება მოითხოვოს. ლომჯარიას თქმით, ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები არ სცემს პასუხებს იმ კითხვებს, რაც პანკისელებს გამოძიებასთან აქვთ.

    „სახალხო დამცველის პირველი და ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ვილაპარაკეთ ხეობაში არსებულ პრობლემებზე და პანკისში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ და რა შენიშვნები გვაქვს ხელისუფლებასთან. მომავალშიც გვექნება მსგავსი შეხვედრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეებმა დაინახონ ის რეალური სიტუაცია, რაც ქვეყანასა და ხეობაში გვაქვს, დაიმსხვრეს ის სტერეოტიპები, რომლებიც არსებობს პანკისთან მიმართებაში. სახალხო დამცველი დაგვპირდა, რომ აუცილებლად მიიტანს ჩვენს შენიშვნებს, გულისტკივილს ხელისუფლებამდე და იქნება ამაზე საუბარი“, – განაცხადა პანკისის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა.

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავში სასიკვდილოდ დაჭრეს. სპეცოპერაციის შედეგად 4 ადამინი დაკაავეს, რომელთაც ბრალად ტერორიზმის ხელშეწყობა ედებათ. სუს-ი ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებს გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილსაც. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. სახალხო დამცველმა 10 იანვარს განაცხადა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს იყო თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო უწყებების მიერ ძალის გადამეტება ან დაგვიანებული და არაეფექტიანი სამედიცინო დახმარება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]