• სპეცოპერაციას, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

    ორშაბათი, 16 აპრილი 2018 16:37 view 20389
    სპეცოპერაციას, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

    2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. პანკისის სათემო რადიოს კი სხვადასხვა წყაროებმა უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის შესახებ

    „მე და ჩემს მეუღლეს პირველ სართულზე გვეძინა. კარის შემტვრევის და პარალელურად სროლის ხმა მოგვესმა, იმავე დროს იატაკზე რაღაც ბრახუნის, თითქოს ადამიანის დავარდნის ხმა იყო. ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა და გამოგვეღვიძა. მე გარეთ გამოვვარდი და კიბეზე დავაპირე ასვლა. ვიცოდი ხმა სახლის მეორე სართულიდან იყო. სპეცრაზმელები აქვე, ეზოში იყვნენ. კიბეზე დამაგდეს. 10-15 წუთი იქ მამყოფეს. მერე, პირველ სართულზე დედაჩემის საძინებელში შემიყვანეს, იატაკზე დამაგდეს და იარაღით დამადგნენ. გატოკების უფლებას არ მაძლევდნენ.

    ვხედავდი რომ აღელვებულები იყვნენ. ვუთხარი კიდეც, რატომ ხართ ასე შეშფოთებულები, ასეთ პანიკაში? აქ, ჩემთან თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ მეთქი. პასუხს არ მაძლევდნენ. როგორც წამოწევას დავაპირებდი, ტვინს გაგასხმევინებ, დაეგდეო და მაგინებდნენ.

    დედაჩემი, მეუღლე და ჩემი შვილი ნატა ცალკე ოთახში ჰყავდათ. დედა ავად გახდა, ტუალეტში გასვლა ითხოვა, უარი უთხრეს. ტაშტი შემოუტანეს, 70 წლის ქალს იარაღით დაადგნენ და მოისაქმეო. სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და სასწრაფო არ გამოიძახეს. ფაქტობრივად, მძევლად ვყავდით აყვანილი სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში, სანამ არ გათენდებოდა.

    დაახლოებით 9 საათისთვის, თემირლანის საძინებელში შემიყვანეს. რომ შევხედე, ყველაფერი სისხლში იყო ამოსვრილი, იატაკზეც სისხლი იყო, ვკითხე, ეს რა ხდება, რა ამბავია მეთქი? შენმა შვილმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო. როგორ, რით გაგიწიათ მეთქი და აგერ, გახედე, ხელყუმბარა ჰქონდაო. სადღაც, კუთხეში ხელყუმბარა იყო დაგდებული. ლოგინს და ტელეფონს შევხედე, ყურსასმენები სულ სისხლში იყო ამოსვრილი, ხელყუმბარას კი სისხლის წვეთიც არ ჰქონდა. შვილებს იფიცებდნენ და მეუბნებოდნენ, მხარშია დაჭრილიო. თითქმის დამარწმუნეს.

    ეზოში რომ ჩამოვედი, ყველას ვეკითხებოდი, თემირლანი სად არის მეთქი. პასუხს არავინ მცემდა. ვცდილობდი გამერკვია ჩემი ოჯახის თავს რა ხდებოდა. მაშინ ერთი პირი მოვიდა ჩემთან და ზიზღით მკითხა - სტუმრები ვინა გყავდაო. რომელ სტუმრებზე მელაპარაკები მეთქი, ეგ შენ იცი ვინც იყვნენო. მე სტუმრები ყოველდღე მომდიან, რომელ სტუმრებს გულისხმობ მეთქი და მაშინ დამიგდო ქაღალდი, აი, წაიკითხე, აქ წერიაო. რომ წავიკითხე, იქ ეწერა: რამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და მათთან ერთად ჩაწერილი იყო კიდევ ბორზიევი და სოლტახმადოვი. მე ვუთხარი, ეს ორი, მარგოშვილი და ალდამოვი ჩემი მეზობლები არიან, იმ ორს მე არ ვიცნობ მეთქი. ისევ თემირლანს ვკითხულობდი. ამავე პირმა მითხრა, თელავის საავადმყოფოშიაო გადაყვანილი. მეზობლისგან მანქანა გამოვიყვანე და თელავში წავედი. საავადმყოფოში რომ მივედი, ჩვენებური ქალი დამხვდა. ვკითხე, თემირლანი ხომ არ მოუყვანიათ მეთქი. მოიყვანეს და ტყვია შუბლში აქვსო ნასროლი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს პირი სოსო გოგაშვილი ყოფილა. ტელევიზიიდან ვიცანი. 

    რაც შეეხება ხელყუმბარას - როცა შეცვივდნენ, ნახეს, რომ თემირლანს ხელში ტელეფონი ეჭირა. დასტურდება კიდეც, რომ დაჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე, 03:21 საათზე ჩემს შვილს მეგობართან მიმოწერა ჰქონდა და შეტყობინება აქვს გაგზავნილი. თემირლანს ხელში ტელეფონი რომ ჰქონდა, არვიცი რა ეგონათ, ესროლეს და მოკლეს. როგორია ახლა, უდანაშაულო 19 წლის ბიჭი საკუთარ საძინებელში, საწოლში მოკლა. რაღაც ხომ უნდა მოემოქმედებინათ. ვიდრე ხელყუმბარა არ მოიტანეს, ცდილობდნენ ჭრილობიდან სისხლდენა შეეჩერებინათ. ბალიშები, საბანი, ყველაფერი სისხლით იყო გასვრილი. ხელყუმბარა როგორც კი მოიტანეს, სუს-ის მანქანაში ჩაუსვიათ და წაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაჭრილი სოფელ მატანში გადასცეს.

    ხელყუმბარის მოტანის მიზანი იყო, ეთქვათ, წინააღმდეგობა გაგვიწიაო. თემირლანი მკვდარიც რომ ყოფილიყო, მაინც ჩაუდებდნენ ხელში იმ ხელყუმბარას, რათა შემდგომში ზედ ანაბეჭდები ყოფილიყო. ისინი გააკეთებდნენ ამას.

    - ბატონო მალხაზ, ერთადერთი „მტკიცებულება“, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახმედ ჩატაევთან და მასთან ერთად მყოფ პირებთან თემირლანის კავშირზე მიუთითებს, საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრებია, სადაც ჩანს, რომ თემირლანი და სუს-ის მტკიცებით - ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თბილისში, ვაგზლის მოედანზე ერთად გადაადგილდებიან და ტელეფონს ყიდულობენ. საიდან იცნობდით ბორზიევსა და სოლტახმადოვს?

    - მეც და თემირლანიც ვიცნობდით ორ ახალგაზრდა მამაკაცს, სეიფულას და აბდულას და არა ბორზიევსა და სოლტახმადოვს. იმ ორ ბიჭს მე და თემირლანი კი არა, ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი იცნობდა. ისინი ორი წლის განმავლობაში თითქმის აქ, პანკისში ცხოვრობდნენ. დადიოდნენ მეჩეთში, ტყეში, თამაშობდნენ ფეხბურთს, ფრენბურთს, ალაზანზე, ბაწარაში პიკნიკებზე გადიოდნენ. პოლიციის შენობის წინაც გადაადგილდებოდნენ. ყველასთან საერთო ჰქონდათ, მეგობრობდნენ.

    - სად, ვისთან ცხოვრობდნენ პანკისში?

    - აქ ცხოვრობდნენ რამაზ მარგოშვილთან (ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულებიდან ერთ-ერთი. ავტ). კიდევ სხვაგანაც ცხოვრობდნენ, სუს-მა ჩემზე კარგად იცის სადაც. ის ორი ბიჭი აქ რომ ცხოვრობდა, უეჭველი იცოდა ემზარ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის ადგილობრივმა თანამშრომელმა. გამორიცხულია ეს მას არ სცოდნოდა. როგორც მე დღეს ვხედავ, ის ორიც მათივე შემოყვანილი იყო თავიანთი „ნასედკების“ მეშვეობით, ესენი თანამშრომლობენ ერთად.

    - თემირლანის მკვლელობიდან სამ თვეზე მეტი გავიდა. საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. თქვენ 2 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდით. რა მოთხოვნები გქონდათ, რას დაგპირდათ მთავარი პროკურორი?

    - პირველად გვითხრეს, რომ 10-12 ადამიანი ჩავსულიყავით და შევხვდებოდით მთავარ პროკურორს. უნდა ვყოფილიყავით ოჯახის წევრები და ავტორიტეტული ადამიანები ხეობიდან. დავთანხმდი. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, მხოლოდ ოჯახის წევრებიო. რატომ მეთქი და არის რაღაც, რომლის გასაჯაროებაც არ შეიძლებაო. პროკურორს შევხვდით მე, ოჯახის წევრები და ადვოკატები. არაფერი უჩვენებიათ, არცერთი აბზაცი. ვითხოვდი და ვითხოვ, რომ დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭონ, შოთაძემ არ შეგვიძლიაო. თემირლანის უდანაშაულობა აღიარეთ მეთქი და არ შეგვიძლიაო. მე ვუთხარი, თქვენ მთავარი პროკურორი ხართ, მაგრამ არაფერი არ შეგძლებიათ და რაზე ჩამომიყვანეთ მეთქი. ბოლოს ვთხოვე, სუს-ს რა ინფორმაციაც აქვს, რომელსაც ვერ ვეცნობით, მაგაზე წვდომა ჰქონდეთ მეთქი ადვოკატებს. ათ დღეში მოვაგვარებო. 45 დღეში ყველა ექსპერტიზა დასრულებული იქნება და გამოძიება ობიექტურად ჩატარდებაო. ყველაფერი ტყუილი გამოდგა. შეხვედრის შემდეგ არანაირი სიახლე არ არის.

    დღევანდელი ხელისუფლებისგან არაფერს ველი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სისტემაც დაიშალოს და თემირლანის უდანაშაულობაც დამტკიცდეს. მეც ნერვები მაქვს, მეც ადამიანი ვარ, მე რკინა არ ვარ.

     

    თემირლანის დედა - გოგაშვილმა მითხრა, სპეცრაზმელი რომ მოკლეს თბილისში, ხომ გახსოვთო?

    თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი იხსენებს, რომ სპეცოპერაციის დღეს ადგილზე მყოფი ძალოვანებიდან ერთ-ერთს მასთან დიალოგი ჰქონდა და მოგვიანებით, მასში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამოიცნო.

    „ჩემი შვილი მანახეთ მეთქი რომ ვითხოვდი, ერთ-ერთმა მიპასუხა, შენი შვილი განყოფილებაშიაო გადაყვანილი. იმ კაცს ყავისფერი ქურთუკი ეცვა. იქ, კარში ვიდექით მე, რამაზ მარგოშვილის მეუღლე ლია დუიშვილი და ჩემი გოგო ნატა, ესენი მაკავებდნენ, არ მიშვებდნენ აქეთ. იმ კაცმა თითის ქნევით მითხრა, სტუმრები ვინა გყავდნენო. ვინ სტუმრები მეთქი? კარგად იცით ვისზეც გეუბნებით. სპეცრაზმელი რომ მოკლეს თბილისში, ხომ გახსოვთ, ჩემზე კარგად იცით ვინ სტუმრებზეც ვამბობო. არ ვიცოდი მე ეს კაცი ვინ იყო. თემირლანის გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაციას რომ ვადევნებთ თვალს, სურათებში ის კაცი ვიცანი. სოსო გოგაშვილი ყოფილა“, - ამბობს მედიკო მარგოშვილი.

    იმყოფებოდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის ჩატარების დროს პანკისის ხეობაში და ხელმძღვანელობდა თუ არა სპეცოპერაციას და დაკავების პროცესს, პანკისის სათემო რადიომ ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. კონფიდენციალობის პირობით დაგვიდასტურეს, რომ სოსო გოგაშვილი, 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ნამდვილად იმყოფებოდა. წყაროების ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში ხელყუმბარის დადების შესახებ დავალება მან გასცა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის დროს პანკისში არ იმყოფებოდა. „ეს არის ტყუილი. სოსო გოგაშვილი იქ არ იმყოფებოდა, შესაბამისად ასეთ დიალოგსაც ადგილი ვერ ექნებოდა“, - განაცხადა გიორგობიანმა.

    პანკისის უხუცესთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხასო ხანგოშვილის თქმით, სწორედ სოსო გოგაშვილი უძღვებოდა 26 დეკემბრის სპეცოპერაციიდან მესამე დღეს თელავში გამართულ შეხვედრას, სადაც ცდილობდა პანკისელი უხუცესების დარწმუნებას, რომ სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა: „ჩვენთვის უცნაური იყო, როდესაც გოგაშვილმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული სპეცრაზმელის, მისი მეუღლისა და შვილის ფოტოები დაგვირიგა. დავათვალიერეთ, სინანული გამოვთქვით, მაგრამ როდესაც გარეთ გამოვედით, გაოცება გამოვხატეთ, რას ნიშნავდა ეს, რა უნდოდა ეთქვა ამით? შეხვედრისას ის მაქსიმალურად ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა“.

     

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

     

    ამ თემაზე:

    პანკისის იმამის მიმართვა - ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში

    გელა მთივლიშვილი

    გელა მთივლიშვილი

    საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]