• შეღავათი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში ბრალდებულებს - პანკისიდან ხმების სანაცვლოდ

    პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 20:38 view 3128
    ფოტოზე - „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ფოტოზე - „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და იძულებით მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 პირი ჰყავს დაკავებული. მათგან 3 პანკისის ხეობის მკვიდრია - 26 წლის ბაქარ ფარეულიძე და ისლამ დუიშვილი, 22 წლის ზელიმხან აჭიშვილი. პატიმრობაში მყოფი მეოთხე პირი 20 წლის ზელიმ ბაკაევია. ახალგაზრდებისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სწორედ ბრალის შეცვლას ითხოვდნენ, რამდენიმე დღის წინ პანკისში გამართულ აქციაზე, რომელშიც ძირითადად დაკავებულების ახლობლები მონაწილეობდნენ. მათ ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ და თანადგომას დაპირდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ არსებული, „LEXUS GX“-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „CZ“-ის მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

    გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    ბრალდებული ბაქარ ფარეულიძე ხელისუფლებასთან დაახლოებული პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური ისლამის თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტან ფარეულიძის პირადი დაცვის წევრია მეორე დაკავებული - ისლამ დუიშვილი. ფარეულიძის რესტორნების ქსელშია დასაქმებული და მათი მეგობარია მესამე დაკავებული - ზელიმხან აჭიშვილი.

    ვახტანგ ფარეულიძე იყო 16 ოქტომბერს პანკისში გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მან თქვა, რომ დაკავებულებს სუფთა წარსული აქვთ, „ტაჯიკ ბიზნესმენებთან“ მიმართებაში, შესაძლოა, რაიმე გადაცდომას ან კანონდარღვევას ადგილი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო გატაცება:

    „ის, რაც მოხდა თბილისში, რა თქმა უნდა, მანდ გამოიკვეთა გარკვეული კანონდარღვევა, იყო გადამეტებები ჩვენი ბიჭების მხრიდან, მაგრამ ეს არ ყოფილა გატაცება და გამოძალვა. ვალის მოთხოვნა სხვა არის, გამოძალვა სხვა არის.

    გატაცება მე მესმის ასეთი, შებოჭო, ძალით ჩააგდო მანქანაში, წაიყვანო, გადამალო ორი-სამი დღით, დაიხსნას პოლიციამ ან თვითონ გაიქცეს, ან მისმა ახლობლებმა მოაკითხონ და გაანთავისუფლონ. მაგრამ ორი სამი სადგურის იქით გადაყვანა და შემდეგ ადამიანის დაბრუნება, მე პირადად გატაცებად არ მიმაჩნია.

    იმედია, ჩვენი პროკურატურაც და შესაბამისი უწყებებიც ამ საკითხს სწორად მიუდგებიან.

    ბიჭები წასულები იყვნენ ვალის მოსათხოვად, მაგრამ ამ ვალის მოთხოვნაში იყო რაღაცა დარღვევები, იყო გადაცდენები და იყო ცოტა გადამეტებები, მაგრამ ის, რომ ხალხის გატაცება და ფულის გამოძალვა მოხდა, ეგ არ ყოფილა.

    ჩვენ არა ვართ დაკავებულები ხალხის მოტაცებით, ჩვენ არა ვართ დაკავებულები ხალხის გამოძალვით და არა ვართ ასეთ საქმეში შემჩნეულნი. ამ ტაჯიკებზე კიდევ ვიტყვი დარწმუნებით, გადაამოწმონ ჩვენმა ძალოვანებმა, ორი მათგანი არის ტაჯიკისტანში ძებნილი. ტაჯიკისტანი, უზბეკისტანი, რუსეთი, ხალხის მოუტყუებლად ქვეყანა არც დაუტოვებიათ. მაგათ ყველგან ჰყავთ ხალხი „გადაყრილი“ და ამ ცხოვრებას ეწევიან. ესეც ზედმიწევნით შესწავლილი აქვთ ადამიანებს, თანხის მოსათხოვად რომ მივალ, როგორ დაიცვან და აარიდონ თავი. 5 ტაჯიკი ნანახი არავის ჰყავს, ნანახი ორია და 5 ტაჯიკი ჩივის. მოკლედ, სათავისოდ ააწყეს სიტუაცია და აქეთ შემოგვიტიეს.

    სამართალდამცავებმა ისინი დააკავეს ვითომ ბიზნესმენების მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით და ჩვენ, აქ მოსული ხალხი რასაც ვითხოვთ, გვინდა, რომ კანონით მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ამ ხალხს შეღავათი გაუკეთონ და გათავისუფლდნენ. ხომ არსებობს საპროცესო, გირაო. ეს ხალხი თავისუფლებაზე გამოვიდეს.

    კიდევ ვამბობ, ბიჭებმა გადაამეტეს, შეიძლება რაღაც კანონდარღვევა იყო, მაგრამ გატაცება ეს არ არის. ადამიანი რომელიც გამოიყვანეს, ნახევარ საათში თუ ორმოც წუთში თავის მანქანასთან დაბრუნდა, თავისით ჩაჯდა ის მანქანაში. არ არის გაკოჭილი, დაბმული, ზედ იარაღ დადებული და ძალით ჩასმული. შეიძლება შეშინებული იყო მაგ მომენტში, მაგრამ თავისი ფეხით ჩაჯდა მანქანაში.

    რაც შეეხება თანხას, წინა დღეს „თიბისი ბანკიდან“ არის გამოტანილი, ეს დოკუმენტი რა თქმა უნდა არსებობს. ეს ჩემი პირადი თანხაა.

    იარაღი მე და ჩემს ძმას, ბაქარ ფარეულიძეს ოფიციალურად გვაქვს გაფორმებული. მანქანით ორის ტარებაც შემიძლია და ათის ტარებაც. კანონი მე ამაში არ მზღუდავს. მე ეს მაქვს ოფიციალურად.

    ჩვენ მაგ დღეს ვაპირებდით ხეობაში ჩამოსვლას, სამძიმარი იყო სოფელ ომალოში, სამძიმარზე გამოსვლას და იარაღიც მანქანაში შესაბამისად გვედო. გავდივართ, ხშირად ვისვრით მიზანში და ამიტომ“.

    აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მისვლა „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ასე ახსნა: „დღეს, პანკისის ხეობაში შეხვედრა მქონდა ქალთა საზოგადოებასთან, უხუცესების ნაწილთან და მითხრეს, რომ ხალხი იყო აქ შეკრებილი და მოვედი რა თქმა უნდა ამ შეკრებაზეც. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც გუბერნატორად ვმუშაობდი, იმ პერიოდში ყოველთვის მქონდა კონტაქტი თქვენთან, ყველა საკითხი - მშვიდობა იყო, რაღაც გამოწვევა იყო, რაღაც გადასაწყვეტი საკითხი იყო, მოვდიოდი, თქვენთან ერთად ვიზიარებდი იმ პრობლემას. დღეს მე გუბერნატორი აღარ ვარ, კანდიდატი ვარ „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ საზოგადოებასთან შეხვედრა და თქვენი გულისტკივილის თუ თქვენი თხოვნის გათვალისწინება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისე, როგორც არასდროს, დღეს, კანონი და მათ შორის სამართალდამცავი სისტემა არის დემოკრატიული, სამართლიანობისკენ მოწოდებული, რომ ადამიანი კი არ დათრგუნოს, კი არ დაჩაგროს და მას იმაზე მეტი მოსთხოვოს პასუხი, ვიდრე მას ეკუთვნის, არამედ, პირიქით, გამოძიება იქნება თუ სასამართლო, ადამიანს დაშვებული შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის გამოსწორების საშუალება ჰქონდეს.

    კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში კანონით არავის აქვს უფლება, მითუმეტეს პოლიტიკოსს, რომ პირდაპირ ჩაერიოს და საგამოძიებო სამსახურის მუშაობაში რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს.

    ჩვენ ერთი დაპირება შეგვიძლია მოგცეთ, რომ ჩვენ ვეცდებით ყურადღება მივადევნოთ, რომ სამართლიანად და გონივრულად იყოს ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. ამ გაგებით მე თქვენს მხარეზე ვიქნები, ამ სამართლიანობის კუთხით“.

    პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილია, რომ ირაკლი ქადაგიშვილი აქციის მონაწილეებთან შემთხვევით არ მისულა და შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი. აქციის რამდენიმე მონაწილემ სათემო რადიოს დაუდასტურა, რომ აქციაზე ქადაგიშვილის მისვლის შესახებ, შეკრებამდე იცოდნენ.

    დაკავებულების ოჯახის წევრები, ნათესავები, ხეობის სოფლებში მცხოვრებლებს კარდაკარ ხვდებიან და სთხოვენ, 31 ოქტომბერს ხმა „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ქადაგიშვილს მისცენ, რათა პატიმრობაში მყოფმა მათმა შვილებმა შეღავათი მიიღონ. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობს ვახტანგ ფარეულიძე. პატიმრობაში არიან არამხოლოდ მისი ძმა და რამდენიმე მეგობარი, თანამშრომელი, არამედ, რაიონული სასამართლოს განაჩენით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი მის ცოლის ძმას - 27 წლის არბი ქავთარაშვილს, რომელიც ვისური მუთოშვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული. 37 წლის ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში პოლიციელების თვალწინ მოკლეს. გარდაცვლილის დედის განცხადებით, მისი შვილი ვახტანგ ფარეულიძის კუთვნილი იარაღით არის მოკლული.

     

    განახლება ამ თემაზე: ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]