• როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან

    ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020 10:44 view 22146
    როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან

    ბოლო თვეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასს აჭარბებს. 14 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულია 29 727 ადამიანი. 10 ათასამდე ინფიცირებული საავადმყოფოებსა და კოვიდ-კლინიკებში არის მოთავსებული, დაახლოებით 19 700 ადამიანი კი სამკურნალოდ სახლშია დატოვებული. რა უნდა გაითვალისწინონ ინფიცირებულებმა სახლში მკურნალობის დროს – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

    – კორონავირუსის პრევენცია/მკურნალობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითია, მაგალითად, სოდიანი წყლის, ნივრის, ლიმნის გამოყენება, არყით დეზინფექცია. რას იტყვით ამის შესახებ?

    – მითები ბევრია. ზოგადად, სამედიცინო მითები ძალიან გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებით მომრავლდა. მითები არსებობს ისეთი, რომლებიც მავნებლობით არ გამოირჩევა და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ისეთი, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. აი, მაგალითად, ისეთი მითი, რომ ნიორი სასარგებლოა.

    ნიორი ვერ აკეთებს ვერც ერთი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის პროფილაქტიკას, მაგრამ ნიორი მავნე მაინც არ არის და ამიტომ ექიმები ძალიან არ ვებრძვით ამ მითს. მაგრამ ის, რომ ალკოჰოლი, არაყი არის ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის კარგი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

    ალკოჰოლი მავნეა ორგანიზმისთვის და მეტიც, ალკოჰოლის მიღება იმუნიტეტს გარკვეულწილად აქვეითებს და პირიქით, უფრო მიმღებელს ხდის ორგანიზმს ინფექციების მიმართ. ასევე, არაფრით არის გამართლებული სოდიანი წყალი, წყალბადის ზეჟანგს ხმარობენ, რაც ასევე მავნეა ორგანიზმისთვის და ა.შ.

    მოკლედ, მთავარია, რომ ნორმალურად მოვიპოვოთ სამედიცინო ინფორმაცია, არ ვენდოთ სხვადასხვა ტიპის სიახლეს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში რომ ვრცელდება. ვენდოთ მხოლოდ დასაყრდენ წყაროებს.

    ყველაზე ხშირად თვითიზოლაციაში მყოფი კოვიდით ინფიცირებულები ახლობლების თუ ნაცნობი ექიმების დახმარებით ანტიბიოტიკებს იღებენ და ასევე, სვამენ C და D ვიტამინებს...

    – თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. ანტიბიოტიკი ცალსახად არაფრის პრევენცია არ არის და არც სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება კოვიდისთვის. კოვიდს იწვევს ვირუსი - კორონავირუსი, ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს, მხოლოდ – ბაქტერიებზე. ამიტომ კორონავირუსის მქონე პაციენტებში ანტიბიოტიკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო თუ გართულდება რომელიმე ბაქტერიული ინფექციით, მაგრამ ამას თვითონ პაციენტი ვერ შეაფასებს და შესაბამისად, მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს არის თუ არა ბაქტერიული გართულება, ანუ სჭირდება თუ არა ადამიანს ანტიბიოტიკი.

    უაზროდ დანიშნული ანტიბიოტიკები, რომელიც ადამიანს არ სჭირდება, პრობლემას წარმოადგენს, რადგან, ჯერ ერთი, თვითონ ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება აქვს (მაგალითად კუჭ-ნაწლავზე) და მეორეც, როდესაც ადამიანს ნამდვილად სჭირდება ანტიბიოტიკი, ეს ანტიბიოტიკები აღარ არის ეფექტური და მათი როლი ქვეითდება.

    რაც შეეხება C და D ვიტამინებს, რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გვიცავს ან კორონას მიმდინარეობას ამსუბუქებს.

    მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ის ვიტამინებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ნამდვილად მავნე არ არის და პირიქით, ხშირ შემთხვევაში ბევრ ადამიანს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს. ამიტომ ამ ვიტამინების საწინააღმდეგო ექიმებს არაფერი არ გვაქვს.

    – ახლა ზამთარია და ჩვენი კვების რაციონიც იცვლება. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად? რა საკვები პროდუქტები უნდა მივიღოთ, რომ ორგანიზმი გავამდიდროთ ვიტამინებით?

    – კვება ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. როგორც პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ასევე კოვიდ დაავადებულისთვის სრულფასოვანი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მინდა ვუთხრა მსმენელს, რომ კოვიდის მქონეებს ხშირად მადის გაუკუღმართება აქვთ, ან უმადობა და ისინი ამ დროს იყენებენ იმისთვის, რომ საკვები არ მიიღონ და წონის კორექცია მოახდინონ. ეს აბსოლუტურად არასწორია, შიმშილი არ შეიძლება, პირიქით სრულფასოვნად უნდა ვიკვებოთ.

    მაგალითად, ძალიან კარგია თუ მივიღებთ რძის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს. ზამთრის სეზონზე ეს უფრო რთულია, მაგრამ, მაგალითად, ციტრუსები ხელმისაწვდომია ზამთრის სეზონზე, ბევრ ოჯახში შეიძლება ვაშლი ინახებოდეს მთელი ზამთრის განმავლობაში და ა.შ. რაც ხელმისაწვდომი აქვს ოჯახს სეზონურად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს: ხილი, ბოსტნეული, როგორც ითქვა რძის პროდუქტები. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტები. ასევე სითხით შევსება უნდა მოხდეს. წყალი მივიღოთ ბევრი, რომ არ გამოშრეს ჩვენი ორგანიზმი, რადგან ეს იწვევს გამოფიტვას.

    პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, საყოველთაო კარანტინმა, იზოლაციამ დაამძიმა ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ფაქტორს კოვიდით ინფიცირების დროს? რა უნდა გააკეთოს კოვიდ ინფიცირებულმა სახლის პირობებში სტრესთან გასამკლავებლად?

    – კორონავირუსის პანდემიამ კლინიკური ზიანის გარდა და ალბათ უფრო მეტადაც ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ფონი შექმნა. ადამიანები პანიკაში არიან და ამით სერიოზულად ირთულებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგი განსაკუთრებით სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარდება, ამას ობიექტურადაც აქვს გარკვეული გამართლება, მაგალითად, როდესაც ადამიანი ექიმს ვერ უკავშირდება, ეს კიდევ უფრო ძაბავს და სტრესში ვარდება.

    პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რომ თუ ჩვენ არ ვართ რისკ ჯგუფი. განსაკუთრებით თუ ვართ ახალგაზრდა ასაკში და არ გვაქვს თანხმლები დაავადებები, კორონავირუსი მსუბუქად გაივლის, გამოვჯანმრთელდებით.

    კორონავირუსის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას რაიმე ემუქრება. თავი უნდა დავიმშვიდოთ და წყნარად მივყვეთ რეკომენდაციებს.

    მეორე - ძალიან დიდია ოჯახის წევრების როლი, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად უნდა გაამხნევონ ერთმანეთი. გასაგებია, რომ კორონას თან ახლავს იზოლაციის საჭიროება, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დისტანციურადაც გავამხნევოთ ადამიანი და ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად.

    ასევე ბევრს სასოწარკეთილება ეწყება იმიტომ, რომ ჩაკეტილია სახლში და არ იცის, მაგალითად, როგორ მოიმარაგოს პროდუქტები და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარედან ყურადღებით ვიყოთ ჩვენი ახლობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ. ფსიქოლოგიურად სიმშვიდის საფუძველს იძლევა, როდესაც იცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გყავს.

    მთავარია, რომ მშვიდად მივყვეთ იმ მინიმალურ რეკომენდაციებს, რაც ბინაზე მართვას სჭირდება და სულ ისმის სოციალური ქსელებით, ტელევიზიით. ვაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები, ღრმად ვისუნთქოთ, ჰაერზე ვიყოთ. ეს დაგვეხმარება დამშვიდებაში და მობილიზაციაში, რომ უფრო კარგად ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არ დავხარჯოთ ჩვენი დრო და ენერგია არასაჭირო შფოთვაზე.

    სახლში მკურნალობისას კოვიდ-პაციენტები საუბრობენ სუნთქვის გაძნელებაზე. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სპაზმი სახლში დაგვემართა?

    – ყველას ხელი არ მიუწვდება, განსაკუთრებით რაიონებში, მაგრამ თუ შესაძლებლობა გვაქვს ან ვითხოვოთ, ან შევიძინოთ პატარა მოწყობილობა, რომელსაც ჰქვია „პულსოფსიმეტრი“. მარტივად გამოსაყენებელი, თითზე ჩამოსაცმელი პატარა აპარატია, რომელიც ზომავს ჩვენი სისხლის ჟანგბადით გაჯერების ხარისხს და ძალიან კარგია იმისთვის, რომ დავაკვირდეთ თუ რა ციფრებია. თუ, მაგალითად, 94-ს ქვემოთ ჩამოდის ეს ნიშნავს, რომ უჭირს ჩვენს ორგანიზმს, უჟანგბადოდ არის და გვჭირდება სამედიცინო დახმარება. თუ 94 და ზემოთ არის შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ზოგიერთს აქვს განცდა, რომ თითქოს სუნთქვა უჭირს, მაგრამ „პულსოფსიმეტრი“ ნორმალურ ნიშნულზეა, რაც ნიშნავს, რომ საშიში არაფერია.

    თუ არ გვაქვს გაზომვის საშუალება ან ვგრძნობთ, რომ სუნთქვა გვიჭირს, უნდა დავიწყოთ ღრმა სუნთქვა, ანუ ცხვირით ღრმად ჩავისუნთქოთ და პირით თითქოს ბუშტს ვბერავთ ესე ამოვისუნთქოთ, ან სინამდვილეში გავბეროთ ბუშტი, ესეც კარგი სუნთქვითი ვარჯიშია. გამოვაღოთ ფანჯარა  და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერით. ოთახში არ უნდა ცხელოდეს, არ უნდა ვიყოთ ლოგინში ძალიან თბილად და ვიმოძრაოთ.

    სუნთქვის გაძნელებისას ასევე კარგია სკამზე ჩამოვჯდეთ, მოვდუნდეთ, მხრები ჩამოვუშვათ და ხერხემალში გასწორებულმა ღრმად ვისუნთქოთ. ეს ღონისძიებები დაგვეხმარება, რომ გავიუმჯობესოთ სუნთქვა, სანამ მივიღებთ სამედიცინო დახმარებას.

    – რამდენად ხდება ვირუსის ზედაპირით გადაცემა?

    – ზედაპირები, რა თქმა უნდა, არის ინფიცირების რისკის ქვეშ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჭიროა რაციონალური მიდგომაა. ხელის ჰიგიენა აუცილებელია იმიტომ, რომ ხელით ვირუსის გადატანა ამ გზით საკმაოდ ხშირია.

    სამუშაო მაგიდის და ასეთი ზედაპირების პერიოდული დამუშავება სასურველია, თუმცა, მაგალითად, სრულიად არ აქვს აზრი ქუჩის დეზინფექციას, რადგან თვითონ ვირუსი ვერ ცხოვრობს დიდხანს და მითუმეტეს, ამ გზით ვერ გავრცელდება.

    რაც შეეხება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, თუ ყოველდღე იქ ბავშვი დადის, რა თქმა უნდა, საღამოობით მიზანშეწონილია ზედაპირების დამუშავება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როდესაც ცარიელი სკოლების დეზინფექცია დაიწყო და შემდგომ იქ ბავშვები აღარ შესულან. ასეთ არასაჭირო ქმედებებს აზრი არ აქვს.

    არ არის საჭირო მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია, არ გვჭირდება საკვები პროდუქტების საპნით რეცხვა. რაციონალური, ჩვეულებრივი ჰიგიენა საკმარისია და არა გადაჭარბებული და არასაჭირო ქმედებები .

    – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაიწყო B ტიპის გრიპის ცირკულაცია. როგორ განვასხვავოთ ეს გრიპი კორონავირუსისგან? შესაძლებელია თუ არა, ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ცდომილება და სეზონური გრიპის კორონავირუსად აღქმა?

    – სიმპტომების გარჩევა ძალიან რთულია, რადგან ძალიან ჰგავს გრიპი და კორონა ერთმანეთს, თუმცა კორონავირუსს ცოტა მეტად ახასიათებს, მაგალითად, სპეციფიური სუნის და გემოს შეცვლა, რაც გრიპისთვის არ არის დამახასიათებელი. ასევე, განსაკუთრებულად გამოხატულია ზურგის კუნთების ტკივილი, რაც ნაკლებად ახასიათებს გრიპს. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ორივეს დროს გვაქვს სიცხე, ხველა და ა.შ. ამიტომ ერთადერთი საშუალებაა ლაბორატორიული დიაგნოსტიკაა.

    ანტიგენის ტესტებს შეიძლება გარკვეული ცდომილება ჰქონდეს, PCR ტესტებსაც აქვთ ცდომილება, თუმცა გრიპი თუ აქვს ადამიანს, მცდარად კორონავირუსზე დადებითს ანტიგენის ტესტი არ უნდა გვაძლევდეს.

    – რა განსხვავებაა ანტიგენსა და PCR-ს შორის? რისთვის არის ერთი და რისთვის არის მეორე?

    – ორივეს მიზანი ერთი და იგივეა, უნდა დაადგინოს ამჟამად არსებული ინფექცია. რა თქმა უნდა, PCR-ი არის ნომერ პირველი ყველა ინფექციური დაავადებისთვის და სიზუსტით გარკვეულად აღემატება ანტიგენის ტესტს. დიახ, არსებობს შემთხვევები, რომ ანტიგენის ტესტმა დადებითი ან უარყოფითი აჩვენა და შემდეგ PCR-მა სხვანაირად აჩვენა, მაგრამ ეს ძალიან ხშირი არ არის. ვინაიდან PCR-ის ხელმისაწვდომობა დაბალია ბევრ ადგილებში, განსაკუთრებით რაიონებში, ანტიგენის ტესტი მაინც კარგი გამოსავალია, რადგან გამოვლენას გაზრდის. თუმცა, ექიმს აქვს უფლება, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო პასუხში რაიმე ეჭვი შეეპარება, დაასაბუთოს და გადაიმეოროს გამოკვლევა PCR-ის მეთოდით.

    – კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ რა ხდება? დაამარცხე და აღარ შეგხვდება? ძალიან ხშირად გამიგია, რომ კოვიდის დამარცხებიდან რამდენიმე თვე „მწვანე ადამიანი“ და არ არსებობს რეინფიცირების საფრთხე.

    – ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე ბოლომდე არ არის პასუხი გაცემული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვხედავთ რაც პრაქტიკაშია, რომ ერთი წელი გადის პანდემიის გავრცელებიდან და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ინფიცირებულები ამ პერიოდამდე ინარჩუნებენ იმუნიტეტს, ანუ ხელახალი ინფიცირება არ ხდება. ხელახალი ინფიცირების შემთხვევები არსებობს, მაგრამ არის ძალიან იშვიათი. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი, თუმცა, ჩვენ თუ სხვა ვირუსის მაგალითებით ვიხელმძღვანელებთ, როდესაც გადატანიდან 2-3 წელი რჩებოდა იმუნიტეტი, ვვარაუდობთ, რომ კორონავირუსის გადატანის შემთხვევაშიც დაახლოებით ამ ვადებში იქნება ანტისხეულები სისხლში.

    – დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო ვაქცინაცია. საქართველოში თებერვალ-მარტში იგეგმება ვაქცინის ჩამოტანა. ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია? რაიმე უკუჩვენება ხომ არ აჩვენა მან გამოცდის პერიოდში, მაგალითად ორსულებთან, ქრონიკულად დაავადებულებთან მიმართებაში?

    – გეთანხმებით, ვაქცინაცია იწყება ვეროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, საქართველოში ჯერ ეს ვაქცინა გვექნება - „ფაიზერი“, თუ სხვა გადაწყვეტილი არ არის. რამდენიმე ვაქცინა გავიდა ბოლოში წარმატებულად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს ვაქცინების, ბოლოში წარმატებით გასვლა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის ვაქცინა დადასტურდა და დადასტურდება, რომელსაც გვერდითი მოვლენები ექნება ძალიან მინიმალური. სწორედ, უსაფრთხოების ფაზა უნდა გაიაროს კარგად ვაქცინამ იმისთვის, რომ დადასტურდეს. ვაქცინების წარმოებაში ჩაშვება ნიშნავს, რომ მათ ეს უსაფრთხოების ფაზა წარმატებულად გაიარეს.

    რა თქმა უნდა, ამჟამად ლაპარაკი ამ ვაქცინის მომავლის პერსპექტივაზე და ხანგრძლივ ეფექტებზე ვერ მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ვადებში რა ვადაც გაიარა კლინიკური გამოცდები ვაქცინები ჩაითვალა უსაფრთხოდ.

    რაც შეეხება ორსულებსა და ქრონიკულად დაავადებულებს, ორსულების საკითხი ჯერ ღიაა. ზოგი ვაქცინა, როგორც ვიცით, შეიძლება ორსულში ან არ შეიძლება, მაგრამ ქრონიკული დაავადების მქონეები, რა თქმა უნდა ნომერ პირველი სამიზნეები იქნებიან ამ ვაქცინის, რადგან კორონავირუსი ყველაზე მეტად ამ ადამიანებს აზარალებს.

    – არსებობს ვარაუდი, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში, ადამიანს კორონავირუსი არ შეხვდება ან არ გადაედება. დღეის მდგომარეობით რამდენად შეგვიძლია ამაზე საუბარი?

    – ამ ვაქცინების მთავარი სამიზნე არის, რომ არ იყოს გართულებები, სიკვდილიანობა შეამციროს, ეს რამდენად შეამცირებს ინფიცირებასაც ცოტა ღია საკითხია. პრეტენზიას ვაქცინები უფრო ხშირად აცხადებენ სიმპტომალური დაავადების შემცირებაზე. როდესაც ეფექტზე ლაპარაკობენ ზუსტად ამას წერენ, რომ 80-90%-ით შეამცირა სიმპტომური დაავადება.

    – საუბარია ვაქცინის თებერვალ-მარტისკენ შემოტანაზე. არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე რა შეიძლება მოხდეს იქამდე?

    – ჩვენ არ ვიცით. ჯერჯერობით, პრინციპში, სტაბილიზაციას ვხედავთ და იმედია აღმავლობა აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვაქცინამდე პროფილაქტიკის მეთოდებით უნდა მივაღწიოთ.

    – რა ვერ გავაკეთეთ და ვერ გაითვალისწინა მთავრობამ, ჯანდაცვის სისტემამ გავრცელების პირველი ტალღის შემდეგ? ეპიდემიოლოგებსა და პოლიტიკოსებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იგივე სიტუაცია, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების რიცხვით ჩვენ ლიდერი ვართ მსოფლიოში.

    დაგვიანდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თავიდანვე, არ უნდა ყოფილიყო ყველა პაციენტი საავადმყოფოში, ეს არის ერთ-ერთი რაც არ იქნა გათვალისიწინებული. მეორე - ამ რაოდენობაზე გათვლები არ იყო და არ მოხდა საკმარისი რაოდენობით საავადმყოფოების მომზადება; ასევე, კლინიკებში არსებული პერსონალი მომზადებული არ შეხვდა ამ აღმავლობას. ძირითადი პრობლემა იყო პერსონალის სათანადო ტრენინგებთან და მომზადებასთან როგორც ამბულატორიულის, ისე სტაციონალურ ქსელში. აი, ეს არის მთავარი რაც შეიძლებოდა ამ პერიოდში უფრო მობილიზებულად მოგვესწრო.

    გადატვირთული საავადმყოფოებიდან გამომდინარე, განიხილება თუ არა საველე ჰოსპიტლების მოწყობა ან არსებული საჯარო სივრცეების გამოყენება?, თქვენ თუ გაქვთ გეგმა ან რეკომენდაცია მთავრობისთვის?

    საველე ჰოსპიტლები არის უკიდურესი ღონისძიება, რადგან ძალიან რთულია მათი მართვა, თუნდაც ზამთარში გათბობა, აღჭურვა და ა.შ. ჩვენთან ჯერ კიდევ სხვა რეზერვებია, ამიტომ საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა ჯერ არ დგას. მაგალითად,

    შეგვიძლია შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი, იმიტომ, რომ ბევრი ისეთი პაციენტი წევს ჰოსპიტალში, რომელსაც არ სჭირდება სტაციონარში და შეიძლება ბინაზე დარჩეს.

    ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, რომ დაიხვეწოს ეს კრიტერიუმები და მეორე – ჩვენ გვაქვს ბევრი ისეთი შენობა, რომელიც შეიძლება ცოტა უფრო ადრე გარემონტებულიყო, მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ზედა სართულები. რად გვინდა საველე ჰოსპიტალი, როდესაც გვაქვს შენობები, სადაც უზარმაზარი რესურსია, რომელიც თბილისს ძალიან წაადგება. ამჟამად, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა კარგი იქნებოდა უფრო ადრე ჩატარებულიყო. ჯერჯერობით შენობის რესურსები არის და ნაკლებად გვჭირდება საველე ჰოსპიტლები.

     

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით.

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]