• აცრა ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტე – ლილი სვიაკაური

    შაბათი, 21 აგვისტო 2021 12:32 view 3680
    აცრა ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტე – ლილი სვიაკაური

    „მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო თუნდაც ჩემი პედაგოგებისთვის“, – ამბობს დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური, რომელიც 12 აგვისტოს კორონავირუსზე აიცრა. ის ამ სკოლაში პირველი იყო, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა. მას შემდეგ კიდევ 6 პედაგოგი აიცრა. ლილი სვიაკაური იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იქნება.

    ვაქცინაციასთან დაკავშირებით ლილი სვიაკაურმა პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ისაუბრა:

    – აცრის გადწყვეტილება თვითონ მივიღე, მივიღე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო თუნდაც ჩემი პედაგოგებისთვის. მოგეხსენებათ, პედაგოგები რატომღაც თავს იკავებენ ვაქცინაციისგან, უამრავი ტყუილ-მართალი იწერება სოციალურ ქსელებში და ძირითადად, მოსახლეობაც, პედაგოგებიც არჩევანს აკეთებენ მაინცდამაინც უარყოფითისკენ. ისინი რომ არ რეგისტრირდებიან და უკანა პლანზე აქვთ ვაქცინაციის ჩატარების საკითხი, ამანაც გადამაწყვეტინა. თუნდაც ჩემი უსაფრთხოებისთვის, ჩემი კოლეგების უსაფრთხოებისთვის ავიცერი.

    მიმაჩნია, რომ ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა. იმედია, ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ვაქცინაცია უკვე ბევრ პედაგოგს ექნება ჩატარებული.

    – ახალი სასწავლო წელი ახლოვდება. ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. პანკისშიც გაზრდილია ინფიცირებულთა რიცხვი. ამ პირობებში როგორ ხედავთ ახალი სასწავლო წლის დაწყების შესაძლებლობას? როგორ უნდა მოხდეს სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და როგორც ბავშვების, ისე მასწავლებლების დაცვა?

    – ზუსტად ეპიდსიტუცია რომ გართულებულია, ქვეყანაში რომ მძიმე მდგომარეობაა და ახალი სასწავლო წელი ახლოვდება - ეს ყველა პედაგოგმა უნდა გაითავისოს.

    რა თქმა უნდა, თუ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება, შეიძლება სწავლა დისტანციურად წარიმართოს, მაგრამ რატომ? უკეთესია, რომ ის ბავშები სკოლის კედლებში, თავიანთ საკლასო ოთახებში შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს.

    დისტანციურ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით რაღაც გამოცდილება კი მივიღეთ გასულ სასწავლო წლებში, მაგრამ სკოლაში სწავლას ვერაფერი შეცვლის. ამისთვის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია.

    რა თქმა უნდა, მოსწავლეების აცრა სავალდებულო არ არის, ჯერჯერობით, მათი ასაკიდან გამომდინარე. როდესაც პედაგოგების მაქსიმალური რაოდენობა აცრილი იქნება (შეიძლება 100%-იანი ვაქცინაცია არ იყოს) და როდესაც დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, იმედია, სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართება.

    – მაგრამ, მაინც არსებობს იმის შანსი, რომ კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეთ?

    – მუდმივად კონტაქტი მაქვს და ამ ეტაპზე, სკოლის არცერთი თანამშრომელი, არცერთი პედაგოგი ინფიცირებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პანკისში საკმაოდ გართულებულია ეპიდსიტუაცია.

    განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე პედაგოგების დაახლოებით 40% აიცრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს, საჭიროა იქ დასაქმებულთა 80% იყოს აცრილი.

    ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა (471 - კახეთში), 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში 61 236 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]