• დუისში კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს

    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 15:03 view 4493
    დუისში კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.

    უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი გუშინ საღამოს წაუკიდეს. ორგანიზაციის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, ამ ინციდენტს წინ მუქარები უძღოდა.

    დღეს, დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართა, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები, პროექტების ბენეფიციარები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტის დროულად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი უკვე რამდენიმე წელია პანკისის ხეობაში აქტიურად მუშაობს. ფონდი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ძირითადად საგანმანათლებლო, კულტურულ, უფლებადაცვით და ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, ორგანიზაციის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ასევე სასწავლო ცენტრი.

    ცოტა ხნის წინ, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი შეუერთდა საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასაც. ამავე დროს, პანკისის ხეობაში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ფუნქციონირებს უხუცეს ქალთა საბჭო.

    ფონდის დირექტორის იზა ბექაურის წინააღმდეგ პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იზა ბექაურმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. პანკისის სათემო რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იზა ბექაურის თქმით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ მის ორგანიზაციას პანკისში მუშაობა შეეწყვიტა. რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით, იზა ბექაურს საკუთარი პროფილი გაუქმებულიც ჰქონდა.

    შეგახსენებთ, გასულ წელს პანკისში საახალწლო ნაძვის ხე დაწვეს. დუისში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, წინასაახალწლოდ ნაძვის ხე პირველად დადგეს, თუმცა მეორე დილით ნაძვი დამწვარი დახვდათ. ადგილობრივები ვარაუდობდნენ, რომ ნაძვის ხე განზრახ დაწვეს, რადგან ხეობაში მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს არ აღნიშნავს და საზეიმო ღონისძიებების გამართვის წინააღმდეგები არიან. პოლიციას ეს ფაქტი არ გამოუძიებია.

    პოლიციის მიერ დღემდე გამოუძიებელია სოფელ დუისში მდებარე ქავთარაშვილების სახლის გადაწვის ფაქტიც, რომელიც 2016 წლის 18 აპრილს მოხდა.

     

    ამ თემაზე:

    პანკისში დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

    იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]