• პანკისში ჰესებს აღარ აგაშენებინებთ - გაფრთხილება ინვესტორს და მთავრობას ხეობიდან

    პარასკევი, 29 ივნისი 2018 23:36 view 23614
    პანკისში ჰესებს აღარ აგაშენებინებთ - გაფრთხილება ინვესტორს და მთავრობას ხეობიდან

    „აქ ვინც დგას, ხომ წინააღმდეგია მაგ ჰესების მშენებლობის? ყველაზე მთავარი რაც არის, ამდენი ხალხია კანონი. არ გვინდა და მაინც აკეთებენ. შემდეგში ეს ტექნიკა რომ დააზიანოს ხალხმა და ცუდი შედეგები მოჰყვეს, მერე უნდა თქვან, ტერორისტული აქტი მოხდაო. ჩვენ ეს არ გვინდა, ნუ მივიყვანთ აქამდე საქმეს და შევწყვიტოთ სანამ დროა“, - აღნიშნა სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა დათო ცისკარიშვილმა პანკისის ხეობაში დღეს გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებმაც სოფელ ბირკიანში ახალი ჰესის - „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს. დღევანდელ აქციას არ ესწრებოდნენ პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელები.

    აქციაში 200-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა. მათ ჰესების მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, ახმეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი შეხვდა, რომელიც პანკისის მკვიდრია.

    „ორი თვეა რაც მაგ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ბევრად დიდი ხანია, რაც აქ მესამე ჰესის მშენებლობის იდეა გაჩნდა, ორ თვეზე მეტია რაც ეს მილები ამოიტანეს. დღეს ყველა მათეს რომ გაიძახის და ხეობისთვის, ხალხისთვის ზიანის მომტანად რომ შემრაცხეს, არასწორად მიმაჩნია. მე ყოველთვის ჩემს ხეობას, ხალხს ვედექი გვერდში და მომავალშიც ვედგები.

    სანამ მე დავიწყებდი მაგ კომპანიაში მუშაობას, ჩემს გარდა დახლოებით 100 ადამიანი მუშაობს ამ ხეობიდან. ჩემგან რას ითხოვთ? რა გავაკეთო? მეუბნებით, რომ სამუშაოს თავი დაანებე, ნურსად იმუშავებ და სახლში იჯექიო? მაგის აშენება კარგია თუ ცუდია, მშენებლობის შეჩერება ვის უნდა სთხოვოთ, მათეს? თუ მე წამოვალ ჰესს აღარ ააშენებენ? ვინც ხელისუფლებაში არიან, მათ რატომ არ ესაუბრებით? რატომ არ მოგყავთ ისინი? მე რატომ დამიძახეთ? ხელისუფლების წარმომადგენლები სად არიან?“ - მიმართა მათე ქავთარაშვილმა აქციის მონაწილეებს.

    „როცა გამგებლის მოადგილედ დაინიშნე და მაქედან დაიწყო შენი კარიერა, მხარდაჭერა მიიღე ჩვენგან. შენც ქისტი ხარ, ჩვენი მხარე ხარ შენც. ამდენ ხალხს რაც არ უნდა, შენ რატომ უნდა გინდოდეს? შენ წამოხვალ თუ არ წამოხვალ, ჩვენ ჰესს მაინც არ ავაშენებინებთ. შენ უნდა უთხრა, რომ ხალხი წინააღმდეგია, ხეობისთვის საზიანოა და ჰესს ნუ ააშენებთ. ჩვენ არ ავაშენებინებთ ამ ჰესს და შენ ნუ გადაგვეღობები“, - უპასუხეს აქციის მონაწილეებმა მათე ქავთარაშვილს.

    „ჩვენს უკან მთელი ხეობა დგას. ჩვენ გვინდა რომ ჰესი აშენდეს? არა! ვფიცავ, ამათ ვინც არ უნდა მოიყვანონ, მეზობელი რესპუბლიკებიდან დახმარებაც რომ მოითხოვონ, ესენი აქ ჰესს ვერ ააშენებენ. მთავრობა ჩვენ ვართ, მთავრობა ჩვენი არჩეულია და ისე უნდა იყოს, როგორც ხალხს უნდა.

    სანამ ამ ჰესის მშენებლობას დაიწყებდით, მოსულხართ და ვინმესთვის აზრი გიკითხავთ? ვართ თუ არა ამ ჰესის მშენებლობის მომხრე? დღეს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, როცა მთლიან მოსახლეობას ეხება საქმე, ამდენ ხალხს დაუპირისპირდი. კი ამბობთ მე რა გავაკეთეო, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ, რომ ამდენი ხალხი არ შეკრებილიყო.

    დღეს არც ჩვენი უხუცესთა საბჭოა აქ, ისინი უბრალოდ ფულს იღებენ და მეტი არაფერი. ჩვენი უხუცესთა საბჭო ესენი არიან, ვინც აქ სხედან. ღმერთის ნებით ამათ მოვუსმენთ და მათი მოსმენით ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ამის მერე შენ იქნები თუ შენთან ვინც მუშაობენ ეგენი იქნებიან, პატრიოტები თუ ხართ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მანდ არ უნდა მუშაობდეთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე, სოფელ დუისში მცხოვრებმა დაუდ მარგოშვილმა.  

    აქცია დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მონაწილეებმა ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულ ტრაქტორისტს მოსთხოვეს მუშაობა შეეწყვიტა და მილების ჩასაწყობად გათხრილი არხები მიწით ამოევსო. აქციის მონაწილეების მოთხოვნა შესრულდა.

    აქციაზე ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი ბესიკ ონიანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

    სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში პანკისის მცხოვრებლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

    ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

    პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. პანკისის მცხოვრებლებს დაპირდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ ჰესის სამშენებლო სამუშაობზე, ჰესის ამუშავების შემდეგ კი 40 ადამიანს სამსახური შეუნარჩუნდება. ასევე, ინვესტორმა ადგილობრივებს შესთავაზა რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მდინარის კალაპოტში კარიერების შეძენა და მოსახლეობისთვის გადაცემა, რომ სახლების ან სხვა ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალა უფასოდ მოიპოვონ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

    ამ თემაზე:

    რატომ ვერ შეუერთდა უხუცესთა კავშირი პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    უთევზო ალაზანი და მილებში დატყვევებული მდინარეები პანკისში

    რატომ აპროტესტებენ პანკისის ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობას

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]