• ხმა პანკისიდან - ჯოყოლა აჭიშვილი ► რა გახსნის ხეობას

    შაბათი, 16 მარტი 2019 22:01 view 6016
    ხმა პანკისიდან - ჯოყოლა აჭიშვილი ► რა გახსნის ხეობას

    „თბილისში ან სხვაგან ნაცნობი რომ შეგხვდება ან ვინმე გაგიცნობს და გაიგებს, რომ ქისტი ხარ, ზოგი მეკითხება ხოლმე, ხეობაში რომ ჩამოვიდე საზღვარგარეთის პასპორტი მინდა? საზღვრებია მანდ? პოსტი უნდა გადავლახო? ამ მითებს, რაც პანკისის ხეობაზეა, ეს გზა დაანგრევდა, გააქრობდა“, - გზას, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტი ჯოყოლა აჭიშვილი საუბრობს, პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, ახმეტა თუშეთთან უნდა დაეკავშირებინა.

    პანკისში მას „სიცოცხლის გზაც“ კი დაარქვეს. ჯოყოლა ამბობს, რომ ამისთვის ბევრი მიზეზი აქვთ: პანკისი-თუშეთის გზა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების დასაქმებას; ცოდნა-განათლება უფრო ღირებული გახდებოდა; ხეობას ჩიხიდან გამოიყვანდა.

    ჯოყოლა 44 წლის არის, სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. ოთხი შვილი ჰყავს. პროფესიით იურისტია, თუმცა ვერ მუშაობს: „ხეობაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, დაუსაქმებლობა ყველაზე დიდი პრობლემა. ან საქართველოდან უნდა წავიდნენ სადმე სამუშაოდ, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად მუშაობენ ან ბირჟაზე გამოვიდნენ და უსაქმოდ ისხდნენ.

    ვინც კარგად სწავლობს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ნახევარზე მეტი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მიდის. სწავლობენ, უმაღლესს ამთავრებენ და ვინც უკან ბრუნდება, ზის ხეობაში“.

    პანკისის ხეობაში ახალგაზრდების 96.3% დაუსაქმებელია. უმრავლესობა (72.3%) აცხადებს, რომ საზოგადოებრივად აქტიური არ არის – ასეთია ხეობაში 2016 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგი. კვლევაში ხეობის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა 14-29 წლის 405–მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

    2016-2018 წლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პანკისში 30-მდე პროექტი დაფინანსდა 5, 10 ან 15 ათასი ლარით. გაიხსნა საოჯახო სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, ავტომობილების სახელოსნო, ფიტნეს კლუბები, თუმცა ზოგიერთი საწარმო მალევე დაიკეტა.

    „პროექტებს, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ, ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები არ უნდა იგებდნენ. სხვა დაინტერესებულ პირებსაც უნდა მივცეთ რამის დაწყების, განვითარების შესაძლებლობა, ვინც რამეს გააკეთებს, რაღაცას მიაღწევს, თვითონაც დასაქმდება და სხვასაც დაასაქმებს“, - ამბობს ჯოყოლა.

    2017 წლის 28 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ, პანკისში ახალგაზრდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სათემო რადიოს მიერ მოძიებული მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში, ომალოსა და დუმასტურის საჯარო სკოლებში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. დირექტორების თქმით, სწავლა უმეტესად დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შეწყვიტეს და ამის ძირითადი მიზეზი პანკისში მცხოვრები ოჯახების საზღვარგარეთ წასვლაა. ბავშვების რაოდენობა შემცირდა საბავშვო ბაღებშიც.

    „საზღვარგარეთ წასვლის მიზანი მხოლოდ დასაქმება არ არის“, - აღნიშნავს ჯოყოლა. მისივე თქმით, ხეობაში ბევრი ახალგაზრდა წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავს.

    „მაგალითად, ბევრ ბავშვს აქვს ფიზიკური მონაცემები, რომ ივარჯიშოს სპორტის რომელიმე სახეობაში და წარმატებას მიაღწიოს. ჭიდაობის დარბაზი გვაქვს მხოლოდ სოფელ დუისში. სპორტული ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ხეობაში. ჯოყოლოში უნდა აეშენებინათ სპორტული დარბაზი, 2017 წლისთვის თანხაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩააგდეს. რატომ არ გააკეთეს, არვიცი“.

    სკოლის შემდეგ თავისუფალი დრო კიდევ ერთი გამოწვევაა პანკისისთვის, 2019 წლიდან მითუფრო. ხეობაში არსებული არაფორმალური განათლების ცენტრები, დაფინანსების ამოწურვის გამო, გასული წლის დეკემბერში დაიხურა და აღარ მუშაობს. დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრების აქტივობებში 300-დე ბავშვი იყო ჩართული.

    პანკისის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად ჯოყოლა იმასაც ასახელებს, რომ მისი ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანას ხეობა ჯერ კიდევ სახიფათო რეგიონების სიაში ჰყავს შეყვანილი:

    „პანკისის ხეობას ეს შავი ლაქა როგორმე უნდა მოშორდეს. ზოგიერთ ქვეყანას პანკისი შეყვანილი ჰყავს სახიფათო რეგიონების სიაში. ამიტომაც, ამ ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი არ ჩამოდის.

    „თუ ამ ჩიხური მდგომარეობიდან არ გამოვედით, ძნელად წარმომიდგენია პანკისის ხეობის განვითარება. ჩიხიდან გამოსვლის, ხეობის გახსნის ერთადერთი შესაძლებლობა კი პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობა იყო, რომელიც, როგორც გავიგეთ, ჩავარდა. ზოგი აქედან ავიდოდა თუშეთში, ზოგი იქიდან ჩამოვიდოდა აქეთ, ჩიხში აღარ ვიქნებოდით, მოძრაობა იქნებოდა. ამით პანკისისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდებოდა - ხალხიც დასაქმდებოდა და ხეობაც გაიხსნებოდა. ეს გზა თუშეთის გარდა ამ ხეობასაც ბევრ სიკეთეს მოუტანდა. ახალგაზრდები საბუთებსაც ამზადებდნენ, რამდენიმე მათგანი იჯარით ფიქრობდა მიწის ნაკვეთის აღებას და იქ რამის გაკეთებას, ზოგი ყიდვას აპირებდა გზასთან ახლოს, რომ სამომავლოდ რამე გაეხსნა. ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ეს მოტივაციაც ჩაკლეს“.

     მე და სახელმწიფო - გაუცხოება და ინტეგრაციასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები პანკისში

    რა პრობლემებია პანკისში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით? გაზრდილია თუ არა გაუცხოება პანკისის მცხოვრებლების მხრიდან და პირიქით, პანკისის მიმართ? რა უწყობს ხელს გაუცხოებას? რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გადასაწყვეტად და უფრო ეფექტიანად როგორ შეიძლება დაიხარჯოს საბიუჯეტო რესურსები? რა გავლენა იქონია მთის კანონმა პანკისის ხეობაზე, რომელსაც მთავრობამ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა? რა როლი აქვს პანკისის ხეობაში პრობლემების გადაწყვეტის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობას და რას ურჩევენ მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    მზია ბექაური - ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგი;

    გულიკო ხანგოშვილი - პანკისის ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი;

    შაქრო ტერტერაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

    ირაკლი უჯირაული - თუშების სათემო საბჭოს წარმომადგენელი;

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]