• რა საკითხებზე ისაუბრეს პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრებთან შეხვედრაზე

    სამშაბათი, 16 აპრილი 2019 13:00 view 4942
    რა საკითხებზე ისაუბრეს პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრებთან შეხვედრაზე

    პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხეობის სოფლებში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემები და ზეწოლა წინასაარჩევნოდ - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრებთან შეხვედრაზე.

    „ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც გვაქვს, ჰესების თემაა. არასწორი და ძალადობრივი პოლიტიკით გამოირჩევა ეს პროცესები. იმ დღიდან, როცა ჩვენ დავიწყეთ ამ ჰესების წინააღმდეგ სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ხდება მოწინააღმდეგეების პოლიციაში დაბარება; შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან არის ჩარეული ამ პროცესებში. მე პირადად ვიყავი შეხვედრაზე, როცა საუბრობდნენ, რომ იცით რაა, ჰესის წინააღმდეგ თუ გახვალთ აქციაზე, თქვენ დაკარგავთ სამსახურს“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა.

    რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაინტერესდნენ, პროტესტის გამოხატვის გამო დაკარგა თუ არა ვინმემ სამსახური. ახალგაზრდებმა ვერცერთი ფაქტი ვერ დაასახელეს.

    „ამ მუქარას თქვენ არ გაუჩერებიხართ. დღეს, ღიად, კამერების და მედიის სრული თანდასწრებით გვაქვს პირდაპირი დიალოგი, სადაც თქვენ ერთი წუთითაც არ შეგშინებიათ არც მუქარებზე საუბარი, არც თქვენს პოზიციაზე. ეს ნიშნავს, თქვენ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ამისთვის არავინ დაგსჯით. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, - უპასუხა ახალგაზრდებს ვიცე პრემიერმა ცქიტიშვილმა.

    ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის გუბერნატორი: ჰესი არ არის ერთი ხეობის საჭიროება. ჰესი არის მთელი საქართველოს საჭიროება. საქართველოს აქვს ელექტროენერგიის 30 %-იანი დეფიციტი, ნავთობის ერა ნელ-ნელა უკან მიდის, წინ ელექტრომობილების და ელექტროენერგიის ერა მოდის. საქართველოს აქვს ერთადერთი უნიკალური წყარო ჰესები. მთელი ცივილიზებული მსოფლიო მცირე ჰესებით გადის ფონს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ერთი,

    თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ამბობს, რომ ეს ისეთი დამაზიანებელია ბუნებისთვის, რომ არ შეიძლება, პირველ რიგში მთავრობა იქნება, ვინც იტყვის, რომ ეს არ გაკეთდება. მაგრამ, თუ გარემოზე ზემოქმედება ამბობს, რომ გაწეული ზემოქმედება ღირს ამ რისკად და არ არის დამაზიანებელი ისე, რომ გაანადგუროს გარემო, შეცვალოს ყოფა და ა.შ. მაშინ ეს უნდა გაკეთდეს.

    თქვენ შეიძლება თქვათ, რომ სახელმწიფოს მიერ დადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭიროებს გადამოწმებას. მეც გეუბნებით, თუ საჭიროებს გადამოწმებას, დავიქირავოთ კომპეტენტური, თანხას თქვენ არ გადაიხდით, ოღონდ კომპეტენტურმა თქვას, რომ ეს ზემოქმედება ისეთი ზემოქმედებაა, რომელიც დაუშვებელია, თუ ეს ზემოქმედება ისეთი ზემოქმედებაა, რომელიც ნორმალურ ჩარჩოებში ზის და შეიძლება ჰესის აშენება“.

    შეხვედრის მონაწილის, რამზან გორგიშვილის თქმით, ხეობის მოსახლეობა არც ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგია და არც ქვეყნის განვითარების: „ჩვენ არ ვამბობთ „არა ჰესს“, ჩვენ ვამბობთ „არა ასეთ ჰესებს“. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ჰესების მშენებლობის შესახებ მაშინ გაიგო, როცა მილების ამოზიდვა დაიწყეს“.

    სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ „რთული თემაა, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა, სამართალი არ დაიკარგება“.

    „გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არ იყო ჩართული თემირლანი იმ კავშირებში, რაზეც არის ეჭვი და რაც არის დადგენილი, თუმცა ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ისევე როგორც, მოხდა ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება სწორად და პროპორციულად, ასევე ამ შემთხვევაში ეს არის გამოძიების დასადგენი“.

    წინასაარჩევნოდ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა შენგელი ტოხოსაშვილმა, სოფელ ომალოდან. მისი თქმით, ზეწოლის გამო, ზემო ხალაწნის თემში სხვა კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ასევე, ზეწოლა განხორციელდა მის მიმართ სხვადასხვა დროს. ტოხოსაშვილს კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია. გუბერნატორმა მას მიანიშნა, რომ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა. შენგელი ტოხოსაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირია.

    ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, წინასაარჩევნოდ, პანკისის ხეობაში 12 აპრილს ჩავიდნენ და რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 19 მაისს, ზემო ხალაწნის თემში შუალედური არჩევნები იმართება, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ზემო ხალაწნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა, რომელიც გასული წლის ზაფხულში, პანკისში გამართული კადიროვების მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]