• «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    კვირა, 03 ოქტომბერი 2021 15:41 view 31100
    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს ჯოყოლოს, ბირკიანს, ძიბახევს, ომალოს, ხალაწნებსა და დუმასტურს, მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, კარლო მუხაურმა გაიმარჯვა. მუხაურმა ხმების 49.27 % დააგროვა (540 ხმა), „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ალხანაშვილმა კი 36.68 % (402 ხმა). 

    ამავე მაჟორიტარულ ოლქში „პატრიოტთა ალიანსიდან“ სეიდა ციხესაშვილმა 12.68 % მიიღო (139 ხმა), „თავისუფალი საქართველოდან“ ბადრი წუწაშვილმა 1.37 % (15 ხმა). 

    ხალაწნისა და ჯოყოლოს ოლქში სულ 2587 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა 1158-მა ადამიანმა მიიღო. 

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. 40 %-იანი სავალდებულო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ელდარ ბაღაკაშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    „ქართული ოცნებიდან“ ელდარ ბაღაკაშვილმა ორივე საარჩევნო უბანზე 37.5 % მიიღო (363 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა 30.89 % (299 ხმა). ხმების 29.86 % დააგროვა (289 ხმა) დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისლამ მარგოშვილმა; „პატრიოტთა ალიანსიდან“ შამილ გაურგაშვილმა 1.76 % მიიღო (17 ხმა). დუისისა და წინუბნის ოლქში 2268 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 1033-მა ადამიანმა მიიღო.

    ელდარ ბაღაკაშვილი პანკისის სოფელ დუისში მასაჟისტად მუშაობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა, რომელიც შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ, თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა.

    არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. 

    რაც შეეხება ახმეტის სხვა მაჟორიტარულ ოლქებს, პირველ ტურში „ქართული ოცნება“ ქვემო ალვნის, თუშეთის ომალოსა და მაღრაანის ოლქშიც დამარცხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სოსო ბაბულაიძემ ამომრჩეველთა ხმების 50.12 % (805 ხმა) მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სერგეი მელწაიძემ 49.88 % (801 ხმა). 

    ზემო ალვნის, ხორბალოსა და კასრისწყლის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბესარიონ კაიშვილმა 597 ხმა მიიღო (45.75 %), დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი უჯირაულმა 541 ხმა დააგროვა (41.46 %). გახარიას პარტიიდან თამაზ ლუხუმაიძემ 12.8 % (167 ხმა).

    მატანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მამუჩარაშვილმა 9 ხმით მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ფირუზ შიომღვდლიშვილს. მამუჩარაშვილმა 49.15 % (980 ხმა) მიიღო, შიომღვდლიშვილმა 48.7 % (971 ხმა).

    ქალაქი ახმეტაში „ქართული ოცნებიდან“ კახა მამულაშვილმა 54.39 %-ით გაიმარჯვა (1897 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი უძილაურმა 37.04 % (1292 ხმა) მიიღო; გახარიას პარტიიდან გიორგი სალთხუციშვილმა 4.5 % (157 ხმა); „პატრიოტთა ალიანსიდან“ გიორგი თურქოშვილმა 4.07 % (142 ხმა).

    დანარჩენ მაჟორიტარულ ოლქებში ხმები ასე განაწილდა:

    შახვეტილა 

    • ზეზვა უძილაური („ქართული ოცნება“) – 108 ხმა (58.06 %)
    • გიორგი უძილაური („ლეიბორისტული პარტია“) – 46 ხმა (24.73 %)
    • ეთერ ფეტვიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 31 ხმა (16.67 %)

    ზემო ხოდაშენი, ხორხელი, ოჟიო

    • ზეზვა ფიცხელაური („ქართული ოცნება“) – 859 ხმა (54.64 %)
    • ელენე მარკოზაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 664 ხმა (42.24 %)
    • ბადრი ბასილაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 49 ხმა (3.12 %)

    საკობიანო

    • რევაზ გახუაშვილი („ქართული ოცნება“) – 376 ხმა (65.73 %)
    • ნუკრი ღუბიანური („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 196 ხმა (34.27 %)

    ქისტაური 

    • დავით ავაზაშვილი („ქართული ოცნება“) – 843 ხმა (61.09 %)
    • კობა მაზიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 430 ხმა (31.16 %)
    • ოთარ სულაშვილი („გახარია - საქართველოსთვის“) – 86 ხმა (6.23 %)
    • მზია გაგლოშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) – 21 ხმა (1.52 %)

    2021 წლის მოწვევის საკრებულოს ახმეტაში 30 წევრი უნდა ჰყავდეს, 10 მაჟორიტარული სისტემით და 20 პროპორციულით. 

    2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში ახმეტას მერობის ორი კანდიდატი ჰყავს. 30 უბნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 26 უბნის შედეგია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ხმების 46.88 % (5793 ხმა) მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა 53.12 % (6565 ხმა). წინასწარი მონაცემებით, ახმეტაში მერის ასარჩევად მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

    ზურაბ ოტიაშვილი უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და დუშეთის ყოფილი გამგებელია. ალექსი ფიცხელაური მეღვინეა და სოფელ ახშანში მცირე მარანს ფლობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის, შენგელი ფიცხელაურის ძმისშვილია. 

     

    ნახეთ სტატია - ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]