• სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, პანკისის სპეცოპერაციაზეც

    ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2022 14:01 view 3554
    პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, პანკისის სპეცოპერაციაზე, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.

    „წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს;

    „მინდა, გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა შენი ერთი განცხადებით, მაგალითად, შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში.

    ამის ნაცვლად, შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში.

    სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად, ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

    ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ. ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყამენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს. ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამე თუ ვიცი, რომ „იმის“ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზამ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ. დროებით „ღირსეულო გენერალო“, - წერია გოგაშვილის სახელით გავრცელებულ ფეისბუკპოსტში.

    იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების თქმით, სპეცოპერაციის დროს, ადგილზე იმყოფებოდა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ სპეცოპერაციის დროს პანკისში მისი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]