• გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 77 900-ზე მეტ მოქალაქეს სურს

    პარასკევი, 19 თებერვალი 2021 23:16 view 5536
    გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 77 900-ზე მეტ მოქალაქეს სურს

    გერმანიაში დასაქმების სააპლიკაციო ფორმა პირველ 4 დღეში საქართველოს 77 921-მა მოქალაქემ შეავსო. საბანკო დავალიანების არსებობა დასაქმების მსურველს ხელს არ შეუშლის, ჩაერთოს ამ პროგრამაში. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს, საქართველოდან პირველ ლეგალურ შრომით მიგრანტებს კი გერმანია 2021 წლის აპრილიდან მიიღებს.

    როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან სატაცურის, მოცვის და სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულის მსხვილ მეურნეობებში, რომლებსაც გერმანელი ფერმერები ფლობენ. რაკი მოსავლის აღების პროცესი გერმანიაში 7-8 თვე გრძელდება, აპლიკანტები საქართველოში არა ერთჯერადად, არამედ რამდენჯერმე შეირჩევიან და პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ 3 თვით შეძლებენ გერმანიაში მუშაობას მიმდინარე წლის აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. 

    გერმანიაში სეზონური მუშაობა კვირაში 5-6 სამუშაო დღეს და დღეში 8-10 საათით დასაქმებას გულისხმობს, მინიმალური ხელფასი კი 9.50 (დარიცხული) ევრო იქნება.

     „გერმანიაში გადასახადები საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 47%-მდე ადის, მაგრამ სეზონური სამუშაოები ცალკე კანონმდებლობით რეგულირდება. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიური ხელფასიდან მხოლოდ 5% გამოაკლდება.

    ამას ემატება კვების და საცხოვრებლის ხარჯი, რომელიც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამსაქმებელთან მოლაპარაკებაზე. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხარჯებიც არ იქნება მაღალი - კვებისა და საცხოვრისის დღიურ ხარჯებს დაახლოებით ორი საათის ანაზღაურება დაფარავს, ხოლო დანარჩენი ყველა საათის ანაზღაურება დარჩება როგორც სუფთა დანაზოგი“, – განაცხადა გადაცემა „ფოკუსში“ საუბრისას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა.

    სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, საქართველოდან გერმანიაში ყოველთვიურად რამდენი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

    „ჩვენ წინასწარ ვერ ვისაუბრებთ რამდენი ადამიანის დასაქმება მოხდება ამ სეზონზე. ამ შემთხვევაში, რეალურად დამსაქმებელი არის გერმანული მხარე და ქართული მხარე, განსაკუთრებით ვაკანსიების რაოდენობის მხრივ, დამოკიდებული ვართ მათზე. ვინ გაემგზავრება პირველ ეტაპზე ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ადამიანზე და რა კვალიფიკაციებზე შემოვა მოთხოვნა და ამას მოჰყვება ჩვენი საპასუხო ქმედებები“, – აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

    გერმანიაში დასაქმების მსურველების აპლიკაციებს დასაქმების სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს. შერჩევის პირველ ეტაპზე გადაირჩევა არასწორად შევსებული ფორმები და ის განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

    კერძოდ, აპლიკანტი უნდა იყოს 18-60 წლამდე, წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომაროების დამადასტურებელი დოკუმენტი, ე.წ. ფორმა 100, არ უნდა ჰქონდეს ნასამართლეობა და არ უნდა უფიქსირდებოდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის დარღვევა.

    „თუ მოქალაქეს შენგენის ზონაში ჰქონდა დეპორტაცია ან თავშესაფრის მოთხოვნით იყო ჩასული, უარი მიიღო და შემდეგ თავისი ნებით უკან დაბრუნდა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში სამუშაოდ ვერ წავა. ეს არის გერმანული მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები და თუ საქართველოს მოქალქე ვერ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ავტომატურად გამოეთიშება პროცესს“, – განმარტა გიორგი ბუნტურმა.

    გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველები ინდივიდუალურ გასაუბრებას საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში გაივლიან და ეს პროცედურა უახლოეს მომავალში დაიწყება.

    „ამ გასაუბრების დროს გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის სხვდასხვა მეთოდით გადამოწმდება მათი კვალიფიკაცია. მაგალითად, როცა ადამიანს რაღაც კონკრეტული გამოცდილება აქვს მითითებული, ინდივიდუალური გასაუბრების დროს სფეროს მიხედვით სპეციალურ კითხვებს დაუსვამენ და მარტივად მივხვდებით ნამდვილად აქვს მას ეს გამოცდილება“, – აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

    საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში გასაუბრების გავლის შემდეგ აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში განთავსდება და გერმანელი ფერმერები სწორედ ამ ბაზიდან შეარჩევენ სამუშაოდ წამსვლელ კანდიდატებს, რომელთაც ოფიციალური ხელშეკრულება საქართველოშივე გაუფორმდებათ.

    „თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს პროგრამა, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან საქართველოს მოქალაქეები ადგილზე და რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა გადაცემაში „ფოკუსი“

    რაც შეეხება გერმანიაში ჯანმრთელობის დაზღვევას, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გერმანიაში ჩასვლისთანავე დამსაქმებელი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქე შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევით, რომლის ღირებულებასაც ფარავს თვითონ დამსაქმებელი.

    „შესაბამისად თუ ჩვენი ქვეყნის მოქალქეს გერმანიაში ყოფნის დროს დაუდასტურდება კორონავირუსი ან სხვა ავადობა, არსებული დაზღვევის ფარგლებში ყველა ჯანდაცვის სერვისი და მკურნალობა უზრუნველყოფილი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

    დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ პირველივე დღეს 53 274 პირი დარეგისტრიდა და სააპლიკაციო ფორმა 35 121 პირმა შეავსო.

    დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

    • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
    • ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე;
    • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
    • ფიზიკური ჯანმრთელობა;
    • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
    • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
    • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია ერთმა წევრმა მაინც შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.
    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]