• მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პანკისში 22 პროექტი დაფინანსდა [Video]

    ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 10:11 view 5374
    მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პანკისში 22 პროექტი დაფინანსდა [Video]

    საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში პანკისის ხეობაში 22 ბიზნესიდეა დაფინანსდა. აქედან 18 პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის დახმარებით არის მომზადებული.

    ლეილა აჭიშვილს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმრო აქვს. სასტუმრო 6 ადამიანზეა გათვლილი. ტურისტების სიმრავლის გამო ლეილამ ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა და მცირე გრანტის მისაღებად მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით ჯერ ბიზნესიდეა დაწერა, შემდეგ ბიზნესგეგმა შეადგინა და 15 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსებაც მოიპოვა. პროექტის ფარგლებში მას საოჯახო სასტუმროში პირობების გაუმჯობესება და ვაინახური სამზარეულოს მოწყობა სურს. პროექტის განხორციელების შემდეგ, ლეილა სასტუმროში 10–12 ადამიანის მიღებას შეძლებს კომფორტულ პირობებში. ამასთან, პანკისში სტუმრად მყოფ ან მთაში მიმავალ ტურისტებს შეეძლებათ ლეილასთან ტელეფონით დარეკონ და 15–20 წუთში გემრიელი საგზალი მზად დახვდებათ.

    პანკისში ველოტურების განვითარებისთვის მიიღო მცირე გრანტი ნაზი დაქიშვილმა. მას უკვე 4 წელია სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმრო აქვს, სადაც 12 ადამიანის მიღება შეუძლია.

    ნაზის საოჯახო სასტუმროდან 5-10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი, მსოფლიოში ცნობილი უთხოვარის ყველაზე დიდი კორომებით. ხადორის ჩანჩქერი, თორღვა პანკელის ციხე, მდინარე ალაზანი და ალაზნის პირას მდებარე რამდენიმე ადგილი, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება.

    „ამ პროექტის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. 4 წლის განმავლობაში ბევრ ტურისტს სურდა ველოტურებით ესარგებლა, ველოსიპედები კი არც ჩვენ გვქონდა და ახმეტაშიც არავინ აქირავებდა. ტურისტების ნაწილი ცხენით გადაადგილებას ვერ ახერხებს, ამასთან ცხენის დაქირავება ძვირი ღირს, ვიდრე ველოსიპედის“, – ამბობს ნაზი, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში ველოსიპედების გარდა ტექნიკის შეძენას და ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს, რომ სტუმრებს ეზოში ქართული მხატვრული ფილმები აჩვენოს.

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 15 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვა 25 წლის ელდარ ბორჩაშვილმაც. ბიზნესიდეის შერჩევასა და დასაბუთებაში მასაც „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ დაეხმარა. ელდარი „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ტრენინგებშიც მონაწილეობდა, სადაც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალებს პროექტების ინიცირებას და მცირე გრანტების მოძიებას ასწავლიდნენ. მოპოვებული გრანტით ელდარ ბორჩაშვილი მამასთან და ძმასთან ერთად პანკისში თხების საოჯახო მეურნეობის მოწყობას და თხის ყველის წარმოებას გეგმავს.

    „ოჯახში სამივე მამაკაცი უმუშევრები ვართ. ძალიან ძნელია აქ, ხეობაში სამუშაო ნახო. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას სამივე დავსაქმდეთ და განვითარების შემთხვევაში სხვებიც დავასაქმოთ“, – აღნიშნავს ელდარი.

    32 წლის თეა ხანგოშვილი ოთხი შვილის დედაა. სოფელ დუისში საკონდიტრო საცხობი აქვს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით გრანტი თეამაც მოიგო. თეა საცხობის გაფართოებას და კაფეს მოწყობას აპირებს, სადაც მომხმარებელს მზა პროდუქტების შეკვეთაც შეეძლება. თეა პირველივე ეტაპზე კიდევ ორ ქალს დაასაქმებს.

    საკუთარ სარემონტო კომპანიას შექმნიან ძმები, 24 წლის ადლან და 25 წლის აინდი ბორჩაშვილები. „პანკისის ხეობაში ახალგაზრდების უმეტესობა დაუსაქმებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ხეობას ტოვებენ და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მეც და ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც დროებით წასულები ვიყავით სამუშაოდ ხან ჩეჩნეთში, ხან თურქეთში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო აქ დავბრუნდით. ხუთივე ახალგაზრდას, ვისაც სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება გვინდა, პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. პერიოდულად ვასრულებთ კიდეც სარემონტო სამუშაოებს, რომელიმე ორგანიზაცია როცა გვიქირავებს, მაგრამ ეს არაა რეგულარული. დამოუკიდებლად თვითონ რომ შევასრულოთ სამუშაოები, ინვენტარიც კი არ გვქონდა“, – ამბობს ადლანი. მოპოვებული გრანტით ადლანი კომპანიას შექმნის, ინვენტარს შეიძენს, საწყის ეტაპზე მცირე ტენდერებში მიიღებს მონაწილეობას და 4–5 თანატოლსაც დაასაქმებს.

    დაფინანსებული 22 პროექტი პანკისის ხეობაში მცხოვრები 80–მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში უკვე თითქმის ერთი წელია რაც მუშაობს. ორგანიზაციის მიზანი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის, სამოქალაქო განათლების და ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობაა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრმ პანკისის ხეობაში სათემო რადიო WAY დააფუძნა, რომელიც სიხშირეზე FM 101.1 მაუწყებლობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]