• კვირაცხოვლობა პანკისში

    სამშაბათი, 25 აპრილი 2017 17:06 view 5522
    კვირაცხოვლობა პანკისში

    კვირაცხოვლობა დღეს პანკისის ხეობაში, ჯოყოლოს ტაძრის ეზოში სულ რამდენიმე კაცი ტრიალებდა. ამჯერად ტაძარიც ღია იყო, თუმცა მსახურება არ ტარდებოდა.

    77 წლის გიორგი ცხადაძე პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაიბადა, მერე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ბოლო დროს ოჯახით დაბრუნდა სამშობლოში, სოფელ კუწახტაში სახლი იყიდა და იქ დამკვიდრდა. კვირაცხოვლობას ტაძარში ერთად იყვნენ მამა და შვილი.

    ცხადაძეები წარმოშობით იმერეთიდან არიან, თუმცა ოდესღაც გიორგის წინაპარი ჯოყოლოს ტაძარში მსახურებდა და აქვე დამკვიდრებულა. გამრავლებულა მისი ოჯახი, ჯოყოლოში დღესაც ცხოვრობენ ცხადაძეები. ტაძარსაც სწორედ ისინი უვლიან. ლადო ცხადაძე აქაურობის მთავარი მცველი და მემატიანეა.

    ჩვენ რომ მივედით, ტაძრის ეზოში კუწახტის ხევისბერი, ერთნიკურად ოსი მერაბ ძოძიშვილი აღასრულებდა წესს: საკლავი უკვე დაეკლა.

    „გილოცავთ, გილოცავთ“, - გალავანს გაღმიდან დაიძახა ასაკოვანმა კაცმა და გალავანს შიგნით შემოვიდა. მოგვესალმა და მოგვიახლოვდა.

    „ეზოში ვიჯექი და ჭიგოებს ვთლიდი. უცებ შემოვიდა ჩემი ბალღი და მითხრა, გურამი არისო აქ, ხატში ამოსული კვირაცხოვლობაზე. ეგრევე ავდექი და აი, ასევე, არც გამომიცვლია, მუშა ფორმაში გადმოვედი გურამის სანახავად. რომ მცოდნოდა, თქვენც აქ იყავით, ცოტა დავმშვიდდებოდი და დავმშვენდებოდი. მოვედი, რომ ეს კაცი მენახა: მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ერთად გაგვიტარებია. ვიცოდი, რომ ცუდად იყო და ამის კარგად ყოფნა, ამის აქ მოსვლა რომ გავიგე, როგორ არ მოვიდოდი.

    ჩვენს თაობას, აი, აქ ხომ სამნი ვართ თანატოლები და კიდევ ბევრნი არიან სოფელში, ჯერ სიკვდილი არ დაგვიწყია, ყველანი ცოცხლები ვართ. ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით“, - გვეუბნება ჯოყოლოელი ვალიკო მუთოშვილი. ის ქისტია. ქისტური გიორგიმაც კარგად  იცის და ძველი მეგობრები ქისტურად აგრძელებენ საუბარს.

    ვალიკო იხსენებს, რომ სულ რაღაც სამი ათეული წლის წინაც, ჯერ კიდევ მაშინ, კომუნისტები რელიგურ მსახურებებს რომ კრძალავდნენ, აღდგომის სწორზე, კვირაცხოვლობა დღეს, პანკისის ხეობის თითქმის მთელი თემი - ქართველებიც და ქისტებიც ერთად გადიოდნენ ჯოყოლოს ტაძარში: იკვლებოდა საკლავი, ინთებოდა სანთელი, იშლებოდა სუფრა და იმართებოდა ხატობა ცეკვა-სიმღერით, ჭიდაობით.

    აქაურები, ქართველებიც და ქისტებიც იხსენებენ, რომ აღდგომა დღე გამორჩეული დღესასწაული იყო ხეობაში, მთელი სოფელი ბალთაგორის წმინდა გიორგის ტაძარში გადიოდა, აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს  კი - ჭობიოს სალოცავში.

    „77 წლის კაცი ვარ და რაც თავი მახსოვს, აღდგომა დღეს იქით, ბალთაგორს რომ ეძახიან, იქ მივდიოდით და ვლოცულობდით. ამ დღეებისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით, ახალ ტანსაცმელს ვყიდულობდით,  ყველა იმის გასახარში იყო, აღდგომა დღეს კარგად მოვირთვები და ხატში მივალო“, - ამბობს ვალიკო ბიძია.

    ბალთაგორის წმინდა გიორგი იმ ადგილის სიახლოვეს არის, სადაც რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს ძველი ნატაძრალის ადგილას მშენებარე სალოცავი. აღდგომას  სანთლის დასანთებად მისულ ქალბატონს სალოცავი დანგრეული დახვდა.

    „მთელი სოფელი გადიოდა მასობრივად. დავსხდებოდით მინდორზე, სანთელსაც ვანთებდით, წითელ კვერცხსაც ვაგორებდით, საკლავს ვკლავდით... ახლობლები ერთმანეთს საჭმელ-სასმელს ვუგზავნიდით თასებით. ეგეთი საყვარელი, დაფასებული დღესასწაული იყო.

    ბოლო დროს შეიცვალა ხეობაში ყველაფერი, რაც ლტოლვილები გადმოვიდნენ. მას მერე გადასხვაფერდა ჩვენი ადათ-წესი, ყოფა, თორემ ამ დღეს ყველა ერთად აღვნიშნავდით. კვირაცხოვლობას მე ახლაც მოვდივარ ხოლმე აქ, ოდესღაც ჩემი წინაპარიც იყო აქ მღვდელი“, - ამბობს ვალიკო ბიძია.   

    სხვა ქისტები, ცხადია, ნაკლებად იყვნენ ჯოყოლოს ტაძრის ეზოში, მერე კიდევ რამდენიმე ფშაველი ეწვია სალოცავს სასმელითა და ქადებით.

    „ჩვენ ფშავლები ვართ, ჩემი ძირი სოფელი ჭიჩოა, ოღონდ ჩვენ უკვე აქეთ ვცხოვრობთ. ახლაც აღდომას ბალთაგორს ვიყავით და დღესაც, ტრადიციულად, აქ მოვედით. ახლა, აქ, როგორც ხედავთ, აღარავინაა“, - გვეუბნება გელა ქეშიკაშვილი.

    თემურ ჯველურიც ფშაველია, ახადიდან. ახლა ორივე დედისფერულში ცხოვრობს. ორივე შერეული ოჯახის შვილია, მამები ქართველები ჰყავდათ, დედები - ქისტები. გელას მეუღლეც ქისტია, თუმცა მას როგორც სიძეს, დღემდე არ იღებენ ცოლეულები.

    ფშავლები ძველ შემთხვევებსაც იხსენებენ: წმინდა გიორგის სალოცავის დაზიანებამდე, ტაძრის აფეთქების შემთხვევა ადრეც იყო, 2002 წელს. ზემოთ ბალთაგორისკენ სალოცავის დაზიანებაც სცადეს. რამდენიმე წლის წინ ჯოყოლოს ტაძარსაც ჩამოხსნეს ჯვარი.

    ვის შეიძლება მსგავსი რამ უნდოდეს?

    „სალოცავის დაზიანება როგორ შეიძლება? ან ვინმე ტუტუცი ბავშვი იზამდა, ან ის, ვინც ჩვენი საერთო მტერია“, - მიაჩნიათ ქისტებს და ხატში მყოფ ფშავლებს.   

    თინათინ მოსიაშვილი

    თინათინ მოსიაშვილი

    თინათინ მოსიაშვილი - Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]