• ზიქრი პანკისში - სუფისტური რიტუალი გაქრობის საფრთხის წინაშე

    პარასკევი, 27 დეკემბერი 2019 20:50 view 7040
    დავით მძინარიშვილის ფოტო დავით მძინარიშვილის ფოტო

    დღეს თერთმეტნი იყვნენ, უმეტესად 80 წელს მიტანებული ქალები. ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა 61 წლის რაისა მარგოშვილია. ხეობაში მასზე უმცროსებიდან საჯაროდ აღარავინ გალობს. ეშინიათ, რომ არ დაიკარგოს ზიქრი - სუფისტური რიტუალი, რომელიც საქართველოში მხოლოდ პანკისშია შემორჩენილი.

    ყოველ პარასკევს ვიკრიბებით აქ, მეჩეთში და ღმერთს მშვიდობას ვეხვეწებით, სამოთხეს ვთხოვთ, ცოდვების პატიებას, შვილების, შვილიშვილების კარგად ყოფნას.

    რას ვგრძნობ იცი? ღამით ხანდახან წნევა მაქვს. დილით ვფიქრობ ხოლმე, შეუძლოდ ვარ, აბა როგორ უნდა წავიდე მეთქი, მაგრამ შემოვაღებ თუ არა კარს, ავადმყოფობას ვეღარ ვგრძნობ. ეს ღმერთის ძალაა. გალობას რომ დავიწყებ, სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს, ამ ქვეყნად აღარ ვარ“, - რაისა მარგოშვილი ჯგუფის წინამძღოლია, ის გალობს, დანარჩენები ბანს აძლევენ.

    ფეხზე მდგომი და მორბენალი ქალების ხმამაღალი შეძახილები და გალობა დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, მერე ლოცვა იწყება.

    როგორც ლოცვის დროს, ასევე, რიტუალის შესრულებისას ქალები და კაცები სხვადასხვა ადგილას არიან, კაცები მეჩეთში, ქალები მეჩეთის ეზოში მდებარე შენობაში.

    ზიქრს, რომელსაც პანკისში „ძიერათს“ ეძახიან, გარდაცვლილის გასვენების დროსაც ასრულებენ, ქალის გარდაცვალების შემთხვევაში ქალები, ხოლო მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევაში მამაკაცები.

    „ახლა მე რა მოვიფიქრე - სპეციალურად ვიწერ გალობებს. რომ მოვკვდები, იქნებ აღარავინ იყოს, ვინც იგალობებს და ჩემი გალობით მაინც ხომ დამმარხავენ“, - რაისა მარგოშვილზე უმცროსი მთელ ხეობაში აღარავინაა, ვინც რიტუალის შესრულების დროს იგალობებს.

    „ყველას გვეშინია, რომ ეს არ დაიკარგოს. ეს გალობა და ჩვენი ზიქრი რომ არ დაიკარგოს. გვეშინია, მაგის კი ნამდვილად გვეშინია. რამდენსაც შევძლებთ, ზოგი 80 წლამდეა, შეუძლოდ არიან, მაგრამ მაინც ცდილობენ, მოვიდნენ, რომ არ შეწყდეს ჩვენი რიტუალი, ჰაჯის ზიქრი“.

    ქისტი უხუცესი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ზიქრის რიტუალი გაქრობის საფრთხის წინაშეა. „ახალი რელიგიური მიმდინარეობა (სალაფიზმი), რომელიც პანკისში გავრცელდა, ზიქრს უარყოფს. ახალგაზრდები რიტუალებში აღარ მონაწილეობენ. ვინმეს ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ვეღარ ბედავს“.

    ბოლო პერიოდში ზიქრი უცხოელების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. პანკისის ანსამბლი „აზნაში“, რომლის წევრიცაა რაისა მარგოშვილი, საფრანგეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში არაერთხელ მიიწვიეს.

    ზიქრი ამ ფორმით კავკასიაში მხოლოდ პანკისსა და ჩეჩნეთშია შემორჩენილი.

    პანკისის სათემო რადიო რამდენიმე დღეში წერილობით მიმართავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ ზიქრის რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

    ხასო ხანგოშვილმა გვიამბო ზიქრი საიდან მოდის:

    „ზიქრიზმი წარმოდგება არაბული სიტყვიდან „ზიქრუ ლ-ლაჰ“, რაც ღმერთის - ალაჰის ხსენებას აღნიშნავს. ზიქრის მნიშვნელობას არაბისტი, აკადემიკოსი აპოლონ სილაგაძე ასე განმარტავს: ეს სიტყვა ყურანში ალაჰის, მისი სახელის ხსენების მნიშვნელობითაც იხმარება. ეს მნიშვნელობა შემდეგში სუფისტური მოძღვრების ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნება გახდა, რომელთანაც დაკავშირებულია მურიდების (გავრცელებული სუფისტური მიმდინარეობა) რიტუალი ღმერთთან მიახლოებისა, სახელებისა და გარკვეული სიტყვიერი ფორმულების მრავალგზის განმეორებით, თანმხლები რიტმული მოძრაობებით, ზოგჯერ კი მუსიკითა და ცეკვითაც.

    ხმამაღალი ზიქრი კადირიული ტარიკათის (ტარიკათი - სუფისტური საძმო) ძირითადი რიტუალია, თუმცა სრულდება ჩუმი ზიქრიც.  კადირიულ საძმოში მრავალი განშტოებაა, სადაც ხმამაღალ ზიქრს სხვადასხვა სახით ასრულებენ - მაგალითად, მუსიკით (დაირა, ჭიანური და სხვა). გამოირჩევიან სპეციალური ტანსაცმლით, ქუდებით, 99 მარცვლისგან შემდგარი კრიალოსნებით და ა.შ. ჩეჩნეთში არის საძმო, რომელიც ზიქრს ჭიანურის თანხლებით ასრულებს. ამ საძმოს წევრები თეთრ ფაფახებს ატარებენ და მათ „თეთრფაფახიანებს“ უწოდებენ.

    კადირია - სუფისტური საძმო X-XI საუკუნეებში მოღვაწე მქადაგებელმა  აბდულ კადირ ალ გილანმა დაარსა. ის მოღვაწეობდა ირანის ქალაქ გილანში და ამიტომ ეწოდა ალ გილანი. აბდულ კადირის მოძღვრება ორგანიზაციულად ჩამოყალიბდა XIII საუკუნეში და ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში, რომელიც ეყრდნობა სუნიტურ იდეოლოგიას, არსი კი არის მისტიციზმი.

    კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთში, კადირიული ტარიკათი ქუნთ ჰაჯიმ შემოიტანა. ქუნთ ჰაჯი დაიბადა ჩეჩნეთში. 18-19 წლის ასაკში მამასთან ერთად მოილოცა წმინდა ქალაქი მექა, მეორედ პილიგრიმობდა 1859-1961 წლებში, გაეცნო კადირიულ ტარიკათს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ქადაგება დაიწყო.

    ხალხური გადმოცემით ეს მოძღვრება ქუნთ ჰაჯიმ უფრო ადრე შეიტანა კავკასიაში და დაპირისპირება ჰქონდა შამილთან. სავარაუდოა, რომ ეს ასეც იყო, რადგან შამილმა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გაიხადა იდეოლოგიად. ხაზავათი (ბრძოლა ურწმუნოების წინააღმდეგ) გახდა ძირითადი დოგმა, ხოლო ქუნთ ჰაჯი წავიდა ყოველგვარი ბრძოლის წინააღმდეგ - „ჩემი ხმალი ჩემი კრიალოსანია“. რუსების იმპერიის წინააღმდეგ 70 წლიანმა გამუდმებულმა ბრძოლებმა ჩეჩნები გაწყვეტის პირამდე მიიყვანა და ხალხმა მშვიდობის მქადაგებელი მოძღვრება აიტაცა.

    მისი მშვიდობიანი პოლიტიკის მიუხედავად, ქუნთ ჰაჯის ავტორიტეტის ზრდამ და რელიგიური ორგანიზაციის გავლენამ, რუსი დამპყრობლები შეაშფოთა. 1864 წელს ჰაჯი დააპატიმრეს და ნოვგოროდის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც ის 1867 წელს გარდაიცვალა. მისი მიმდევრების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იგი გაუჩინარდა.

    კადირიული ტარიკათი სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან იმითაც განსხვავდება, რომ თავის რიგებში აერთიანებს ქალებს და სხვა რწმენის ადამიანებსაც კი. ქუნთ ჰაჯი ქალების უფლებებს აღიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარ შეიარაღებულ ბრძოლას უარყოფდა და მხოლოდ სულიერი სიწმინდისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა ხალხს, ნებას რთავდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მათ ქალებს შეურაცხყოფდნენ.

    პანკისის ხეობაში, ქისტ მოსახლეობაში გავრცელებულია კადირიული ტარიკათი, რომელიც ჩეჩნეთიდან XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა.

    ქისტი განმანათლებელი მათე ალბუთაშვილი, რომელიც პანკისში მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, წერს: ქუნთ ჰაჯის მიმდევრები ხეობის მთელ ქისტურ სოფლებში არიან, ისა ეფენდის მიმდევრები მხოლოდ დუისში. ამ ორ საძმოს შორის იდეური განსხვავება არ არის, მხოლოდ ზიქრის რიტუალს ასრულებენ სხვაგვარად. ჰაჯის მურიდები წრიულად - ფეხზე მდგომნი და მორბენლები ასრულებენ ზიქრს, ხმამაღალი შესრულებით, შეიხის მურიდები სხედან და ისე ასრულებენ ხმამაღალ ზიქრს.

    ავტორი - ლევან ონიანი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]