• weather cur horoscope

    მუქარა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პანკისში გამართული აქციის ორგანიზატორზე

    კვირა, 25 აპრილი 2021 13:54 view 8035
    ფოტოზე - თემურ ცათიაშვილი (პირადი FB გვერდიდან) ფოტოზე - თემურ ცათიაშვილი (პირადი FB გვერდიდან)

    ნამახვანჰესის წინააღმდეგ და რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების მხარდასაჭერად პანკისის ხეობაში გუშინ გამართული აქციის ორგანიზატორს თემურ ცათიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ამ ინფორმაციას თემურ ცათიაშვილის შვილი, მარიამ ცათიაშვილი ავრცელებს. თვითონ თემურ ცათიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

    სხვადასხვა პირისგან შეკრებილი ინფორმაციის თანახმად, მუქარის ავტორები იმ ჯგუფის წევრები არიან, რომელსაც ბოლო პერიოდში არაერთი მძიმე დანაშაული უკავშირდება, მათ შორის 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობა, პანკისში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ცემა, თბილისიდან ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცება, პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ აქციების მოწყობა, რადიოსტუდიის დარბევისა და ხელმძღვანელზე თავდასხმის მუქარა და ა.შ. აღნიშნული ჯგუფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით სარგებლობს და ჯგუფთან დაკავშირებული პირები დანაშაულების ჩადენის შემდეგ შეღავათებსაც იღებენ.

    24 აპრილს, სოფელ ძიბახევში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ძიბახევი ის ადგილია, სადაც 2019 წლის 21 აპრილს, საპოლიციო ძალებსა და პანკისის მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა, ხეობაში ხადორი 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გამო.

    აქციის ორგანიზატორმა თემურ ცათიაშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე ხალხის ნაკლებობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და პოლიციელების მობილიზებით ახსნა. ძიბახევში რამდენიმე ათეული პოლიციელი და სუს-ის თანამშრომლები მართლაც იმყოფებოდნენ. ის პირები, კი ვინც აქციის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორზე იერიში მიიტანეს, შორიახლოს მანქანებში ისხდნენ.

    „როცა აქცია დამთავრდა და ჟურნალისტები წავიდნენ, ეს ადამიანები, 10-15 კაციანი ჯგუფი იყო, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ მოფარებით და აქციის დასრულებას ელოდნენ, გამოვიდნენ, მამასთან მივიდნენ და გვერდზე გაიხმეს. აქ დაიწყო უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ეუბნებოდნენ, თქვენ ვინ ხართ, რომ ქისტების სახელით საუბრობთო. დაემუქრნენ, რომ ამ ყველაფერს ასე არ დატოვებდნენ და ეს კარგად არ ჩაივლიდა. ხმამაღალი შელაპარაკებისა და დაპირისპირების დროს გამოვიდა პოლიცია და აშველებდა ამ ხალხსა და მამაჩემს. მამა გამოიყვანეს, ის ხალხი იქ დატოვეს. მინდა, რომ ჩემი ოჯახი და მამა დაცული იყოს. არ მინდა, რომ ხვალ რაიმე ცუდი მოხდეს“, - ამბობს მარიამ ცათიაშვილი.  

    პანკისის სათემო რადიო თემურ ცათიაშვილს დაუკავშირდა. ის ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა და სიტყვითაც გამოვიდა. მუქარასთან დაკავშირებით თემურ ცათიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. „თავს შევიკავებ, არ მსურს ამ საკითხზე საუბარი“, - თქვა მან.

     

    ინციდენტის თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის პირები, ვინც თემურ ცათიაშვილს დაემუქრნენ და როგორც მასზე, ასევე, აქციის კიდევ ერთ მონაწილეზე ფიზიკურად გაიწიეს, პანკისისა და ხადორის ხეობებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა ჯგუფის წევრები არიან. მათი ერთ-ერთი ლიდერი პანკისელი ბიზნესმენი და თეოლოგი ვახტანგ ფარეულიძეა, რომელსაც პანკისის ხეობაში გავლენები აქვს.

    ვახტანგ ფარეულიძე აცხადებს, რომ თემურ ცათიაშვილს პანკისის ხეობაში აქციების გამართვის მორალური უფლება არ აქვს, სიცოცხლის მოსპობით კი მას არავინ დამუქრებია.

    „მე ამ დაპირისპირებაში რათქმაუნდა არ ვყოფილვარ. გუშინ, მაგ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი.

    თემურ ცათიაშვილს არ აქვს მორალური უფლება პანკისის ხეობაში აქციები გვიანონსოს და აქციები მოაწყოს. პანკისელები მივხედავთ ჩვენს ხეობას, რიონის მცველები მიხედავენ თავის ხეობას.

    თემურ ცათიაშვილს არ აქვს უფლება აქციები და პროტესტები მოგვიწყოს პანკისის ხეობაში. მას თავის დროზე პანკისიც გაყიდული აქვს და თავისი მამა-პაპის რელიგიაც. ამიტომ, თემურ ცათიაშვილს ცალსახად ემიჯნება პანკისის ხეობა. ჩემი ინფორმაციით, მას სიცოცხლის მოსპობით არავინ დამუქრებია. უბრალოდ, უთქვამთ, რომ აქ რიონსა და ქუთაისის სიტუაციებზე, ბათუმის და თბილისის სიტუაციებზე აქციებს ნუ გამართავს. პანკისი პანკისის ხეობას მიხედავს და სხვები თავის რეგიონებს მიხედავენ. აქ ჩვენ ვიცით, რომ რიონის ხეობაში ჩავიდნენ აჭარელი ბიჭები და რამდენიმე ბიჭი დააკავეს. თემურ ცათიაშვილი ალბათ მოიბამს აქედან, თუ გაჰყვნენ 5-6 პანკისელ ბიჭს, წაიყვანს რიონის ხეობაში, ამათაც დაიჭერენ და თემურ ცათიაშვილი შემოიფარგლება ლამაზი კომენტარებით. დაჭერილ ხალხს თემურ ცათიაშვილი ვერაფერს უშველის. მოკლედ, პანკისის ხეობაში არ არის საჭირო რიონთან და ნამოხვანთან დაკავშირებით აქციები ვატაროთ. პანკისის ხეობელებმა თავის სიტუაციას, ჰესს და თუნდაც სხვა რამეს როგორ მიუდგნენ, იციან. აქ უკვე ზედმეტია რიონის ხეობა და რაღაც სხვა რამეზე ვიღაცამ აქციები მართოს“, - აცხადებს ვახტანგ ფარეულიძე „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

    რამდენიმე თვის წინ, ვახტანგ ფარეულიძე ითხოვდა პანკისის ხეობიდან სათემო რადიოც გასულიყო და მუშაობა შეეწყვიტა.

    „რადიოს წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბიზნესმენ ლაშა იორდანიშვილს პანკისის და ხადორის ხეობებში მესამე და მეოთხე ჰესის მშენებლობის საშუალება არ მიეცა. რადგან ინვესტორს არ მიეცა აქ მუშაობის უფლება და ის სპეცრაზმმაც კი ვერ დაიცვა, არც თქვენ უნდა დარჩეთ ხეობაში.

    რისი იმედი გაქვთ, ვინ დაგიცავთ“, - უთხრა მან პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელს. სწორედ ამას მოჰყვა რადიოს წინააღმდეგ აქციები, დარბევის, დამფუძნებელზე თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის მუქარები, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მიმართვისა და უფლებადამცველების საჯარო მოწოდებების მიუხედავად, გამოძიებაც კი არ დაიწყო. მას შემდეგ პანკისის სათემო რადიო იძულებითი შეფერხებით მუშაობს.

    გელა მთივლიშვილი

    გელა მთივლიშვილი

    საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…

    რა მტკიცებულებები აქვს სუსს პანკისში დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ

    ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული…

    აცრა ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტე – ლილი სვიაკაური

    „მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო თუნდაც ჩემი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]