• weather cur horoscope

    შსს-ს მალხაზ მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით ჰყავს დაკავებული

    ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021 16:41 view 973
    პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰყავს დაკავებული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

    როგორც მისმა ადვოკატმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა მარიამ პატარიძემ პანკისის სათემო რადიოს უთხრა, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

    „საქმის მასალები პოლიციას ჯერ არ გადმოუცია, თუმცა პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.  მალხაზ მაჩალიკაშვილს იზოლატორში შევხვდი. როგორც მისგან გავიგე, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

    ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.

    ინციდენტი მოხდა ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის შენობის წინ „თავისუფლებისთვის“ აქციის ტერიტორიაზე, რა დროსაც, ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა იცნეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეაგინეს. ცდილობდნენ პოლიციის მიერ განთავსებული ჯებირები გაერღვიათ და ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყვნენ ამ ადამიანთან. როდესაც ხმაურზე პოლიციელები გამოჩნდნენ, მალხაზ მაჩალიკაშვილს განცდა გაუჩნდა, რომ პოლიცია საფრთხის შემცველი ადამიანებისგან მის განრიდებას ცდილობდა. გაჰყვა მათ, რაც ვიდეომასალიდანაც ჩანს. პოლიციამ კი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და დაკავებულია. როგორც ვიცი, აქციის „თავისუფლებისთვის“ მონაწილეებიდან ერთადერთი დაკავებულია, ამ მხარეს სხვა არავინ დაუკავებიათ“, - აღნიშნა მარიამ პატარიძემ.

    5-6 ივლისს თბილისში ჰომოფობიური, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ლგბტქ+ თემის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩაშლის საბაბით გამოვიდნენ, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, სცემეს მათ, სხეულის დაზიანებები მიაყენეს და ტექნიკა დაუმტვრიეს. მედიის რამდენიმე წარმომადგენელი საავადმყოფოშია მოთავსებული. ისინი თავს დაესხნენ სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც, რომელიც სპეცრაზმის მიერ მისი შვილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. პოლიციამ 5-6 ივლისის ძალადობრივ აქციებში მონაწილეთაგან 100-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციული წესით მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც აგრესიულმა პირებმა სისრულეში მოიყვანეს დანაშაულებრივი განზრახვა. ბევრი მათგანი ხელწერილით უკვე გაათავისუფლეს, ნაწილს კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან. 7 პირია დაკავებული სისხლის სამართლის წესით ჟურნალისტებზე ძალადობის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები კორონავირუსისგან – ინტერვიუ ნანა გეგეჭკორთან

    რით განსხვავდება „დელტა“ შტამი კორონავირუსის სხვა შტამებისგან და როგორ მიმდინარეობს…

    ტურიზმი და ვაქცინაცია – ინტერვიუ ქეთი ჭუმბურიძესთან

    „არაფერს ექნება ფასი, თუ არ გავხდებით უსაფრთხო“, – ამბობს პანკისის…

    შსს-ს მალხაზ მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით ჰყავს დაკავებული

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]