• weather cur horoscope

    უარი არასრულწლოვანთა ქორწინების გაფორმებაზე პანკისში

    ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:54 view 5282
    უარი არასრულწლოვანთა ქორწინების გაფორმებაზე პანკისში

    პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამები არასრულწლოვანთა ქორწინებას რელიგიურად აღარ გააფორმებენ. ეს გადაწყვეტილება ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამებმა რამდენიმე დღის წინ, პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას პანკისის ხეობაში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

    „უხუცესთა კავშირი შევიკრიბეთ, ხუთივე ტრადიციული მეჩეთის იმამი გვყავდა მოწვეული და შევთანხმდით, რომ რელიგიურად აღარ გააფორმონ ქორწინება, სანამ დასაქორწინებელი პირები 18 წლის არ გახდებიან. ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებულია კანონი, რომ 18 წლის ასაკამდე გათხოვება არ შეიძლება. შესაბამისად, ამ კანონიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და პარასკევს გავახმოვანებთ ყველა მეჩეთში“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო ხასო ხანგოშვილის კომენტარს. ამ საკითხზე პანკისის უხუცესთა კავშირის წევრები და იმამები უახლოეს დღეებში სათემო რადიოს ოფისში ჟურნალისტებსაც შეხვდებიან.

    პანკისის ხეობის 12 სოფელი (დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი – ძიბახევი, ხადორი, ომალო, ზემო ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, დუმასტური, ქორეთი, წინუბანი, ყვარელწყალი) ძირითადად ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. ისინი საუბრობენ ქართულად, ქისტურად და არიან მუსლიმები. 2014 წლის მონაცემებით, პანკისის ხეობის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 10 ათასზე მეტია.

    პანკისის ხეობაში თემის ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავისი რელიგიური მისწრაფებებით. მორწმუნეთა ერთი ნაწილი ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევარია, ძირითადად ასაკოვანი ხალხი, მეორე ნაწილი ფუნდამენტური ისლამის, უფრო მეტად ახალგაზრდები. პარასკევის ტრადიციული ლოცვისას მეჩეთებში მყოფი მორწმუნეების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფუნდამენტური ისლამის მიმდევრები რაოდენობრივად აღემატებიან ტრადიციული ისლამის მიმდევრებს. ისინი უმეტესად ცალ–ცალკე მეჩეთებში ლოცულობენ.

    ფუნდამენტური ისლამის მეჩეთების იმამები ძირითადად ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თეოლოგიური განათლება საუდის არაბეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს და თავისუფლად ფლობენ არაბულ ენას.

    ერთ–ერთი მათგანი, ვახტანგ ფარეულიძე (აბდურაჰმანი), ამბობს, რომ პანკისის უხუცესთა კავშირის და ე.წ. ტრადიციული ისლამის იმამების გადაწყვეტილება რელიგიურ წესებს ეწინააღმდეგება.

    მისივე თქმით, შეუღლების რელიგიურად გაფორმებისას (მიქაჰი) შეუღლების მსურველები სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდნენ: მხარეები და ასევე გოგონას მამა თანახმა უნდა იყვნენ შეუღლებაზე; შეუღლებას უნდა მოწმობდეს 2 მამაკაცი; მამაკაცის მხარემ ქალის მამას ან ოჯახს უნდა გადაუხადოს ე.წ. მაჰრი, რომელიც პანკისის ხეობაში 250 ლარით არის განსაზღვრული.

    კითხვაზე, პანკისის ხეობაში ფუნდამენტური ისლამის მეჩეთების იმამები აფორმებენ თუ არა რელიგიურად შეუღლებას, როცა მხარეები არასრულწლოვნები არიან, ვახტანგ ფარეულიძე განმარტავს: „დაქორწინებისას ისლამში ქალის და მამაკაცის წლოვანება განსაზღვრული არ არის. თუ მამაკაცი ქალის შერთვისას აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებს, ჩვენ მას უარს ვერ ვეტყვით. 13–14 წლის ასაკში ხეობაში ქალს ცოლად არ ირთავენ. არც მახსოვს ასეთი შემთხვევა. 15–16 წლის ასაკში კიდევ შეიძლება, მაგრამ უმეტესად 17–18 წლიდან. უხუცესთა კავშირის და ე.წ. ტრადიციული ისლამის იმამების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მათთან, შეუღლების გასაფორმებლად, ძალიან ცოტა ადამიანი მიდის, შეიძლება ითქვას ხეობის მოსახლეობის 5%. უმეტესობა ჩვენ მოგვმართავს“.

    „ეგენი (იგულისხმება ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები. რედ) სახელმწიფო კანონის წინააღმდეგ მიდიან და ყველაფერს შარიათის კანონებით საზღვრავენ. ჩვენ მაგათთვის არც მიგვიმართავს, რადგან კანონის ჩარჩოებიდან ამოვარდნილები არიან. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ქისტებთან, მოსახლეობის 80-90% ვინც არის, მაგათ კი ქორწინების გასაფორმებლად მარტო მათი მიმდევარი ახალგაზრდები მიმართავენ“, – აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით დაიშვებოდა 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. გამონაკლისის სახით, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასთან, ეს საგამონაკლისო ნორმა მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე.

    სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

    გარდა ამისა, სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, − ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

    ექიმი – გინეკოლოგების განცხადებით, 17 წლამდე გოგონებში ორსულობა და მშობიარობა ბევრ რისკ – ფაქტორთან არის დაკავშირებული. მშობიარობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ადრეული ორსულობის დროს ნაყოფის მოშლა და სხვა გართულებები.

    ფსიქოლოგების შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინებას ფსიქოფიზიოლოგიური მოუმწიფებლობა ახლავს თან, რაც არასტაბილური ოჯახების შექმნის წინაპირობებს ქმნის.

    ისლამ გორგიშვილი | პანკისის სათემო რადიო WAY

    ფოტო: დავით მძინარიშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]