• უჩა ნანუაშვილი - არ არსებობს ლაფანყურის საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება

    სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 17:33 view 4447
    უჩა ნანუაშვილი - არ არსებობს ლაფანყურის საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება

    "ხუთი წელი ალბათ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ საქმის გამოძიება ლოგიკურ შედეგამდე მისულიყო. სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა. ეს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმეა. როგორც ჩანს არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული", - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პანკისში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას.

    სახალხო დამცველმა "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებებიც გაიხსენა.

    "იყო კიდეც დაპირებები, მათ შორის მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან, რომ ეს საქმე იქნებოდა გამოძიებული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი საქმე, როდესაც სამწუხაროდ სიტყვა და საქმე ერთმანეთს სცილდება. დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც სახეზეა, როდესაც კონკრეტული დანაშაულისთვის არავინ ისჯება და ოჯახის წევრებს არ აქვთ რეალურად ინფორმაციაც კი საქმის მიმდინარეობის შესახებ. ისინი დაზარალებულადაც კი არ ცნეს, რომ ნახონ საქმეში არსებული გარკვეული მასალები", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

    ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდა, თამარ მარგოშვილი ამბობს, რომ ოჯახის წევრებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, მათ ცხედრების ექსგუმაციის შედეგად ექსპერტიზის შედეგებიც არ გააცნეს.

    "მოლოდინი გვქონდა, მაგრამ მოლოდინი მოლოდინად დარჩა. პირადად ჩემი დაღუპული ძმის ინიციატივით დავთანხმდი, ყოველგვარ ჩვენ წეს-ჩვეულებას, რიტუალს გადავაბიჯეთ და ექსგუმაციას დავთანხმდით, მაგრამ შედეგები დღესაც არ ვიცით. ბიძინა ივანიშვილი თელავში დაგვპირდა, გვპირდებოდა ქისტებს, გვპირდებოდა ნათესავებს, რომ აუცილებლად გამოიძიებდა ამ საქმეს, მაგრამ უშედეგოდ. დღემდე არავითარი შედეგი არ არის დადებული", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

    შეგახსენებთ, 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 28–29 აგვისტოს, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა 10 ადამიანი როგორც შეიარაღებული დაჯგუფების, ისე საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. დანაშაული კვლავაც გამოუძიებელია.

    საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა შექმნა საზოგადოებრივი საბჭო, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლისა და დოკუმენტირების მიზნით.

    საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის შედეგად, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პარლამენტს, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევდა სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა.

    სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

    სახალხო დამცველი საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოუწოდებს. ასევე, სახალხო დამცველი კვლავ გამოხატავს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ მისი შეთავაზება – შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, უსაფუძვლოდ და არაგონივრულად, არ იქნა გათვალისწინებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]