• რა გაირკვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზების შედეგად

    ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 12:01 view 5484
    რა გაირკვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზების შედეგად

    „თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დანიშნული ექსპერტიზები ხარვეზებით ჩატარდა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

    ადვოკატის თქმით, ბალისტიკური ექსპერტიზების შედეგად შესაძლებელი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული სროლის ტრაექტორიის დადგენა და სროლის დროს გამოყენებული იარაღის იდენტიფიკაცია. ექსპერტიზის შედეგები აჩვენებს, რომ გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის კარის შუა ადგილიდან, იატაკიდან 1.35 მეტრის სიმაღლიდან განხორციელდა.

    ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისთვის შეუძლებელი იყო სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა, დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან (რაც დადგენილი კლასიფიკაციით 120 სანტიმეტრია) არ განხორციელებულა.

    საქმის მასალებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილიდან იმთავითვე არ იყო ამოღებული მასრა, რამაც არსებითად გაართულა სროლის მანძილის განსაზღვრა. სუს-ის განმარტებით, მასრის შემთხვევის ადგილიდან ამოღების პრობლემა დაკავშირებული იყო იარაღის ნაწილის დაზიანებასთან, რამაც ავტომატში მასრის გაჭედვა გამოიწვია.

    იარაღის შესაძლო დაზიანების მიზეზებისა და ეფექტის შესასწავლად, ოჯახის ადვოკატებმა ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის ხელმძღვანელის მიერ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვის მასრის წარდგენის შემდეგ, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ მოგვიანებით შესაძლებელი გახადა კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღის ზუსტი განსაზღვრა.

    ბალისტიკური ექსპერტიზის საშუალებით ასევე განისაზღვრა მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარის სახე. თუმცა, სუს-ის გადაწყვეტილებით, ხელყუმბარის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ფარგლებში ის 2018 წლის 19 იანვარს ააფეთქეს. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს მოქმედება ეჭვებს აჩენსყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე, ამასთან, ოჯახის ადვოკატებს, ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

    ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზია, მისთვის, 2017 წლის 26 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული დაზიანებები. ამავე ექსპერტიზით, ვერ დადგინდა გარემოება, თუ რა მანძილიდან ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და გასროლის მომენტში როგორი იყო მისი სხეულის მდებარეობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნავს, რომ სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა თავის არეში მიყენებული დაზიანების ქირურგიული დამუშავების შედეგად კვალის წაშლისა და ასევე სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილი და ხარვეზიანი დოკუმენტირების გამო.

    ადვოკატების განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული გასროლის მომენტში. მათივე თქმით, ამ საკითხის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა.

    ხელყუმბარაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის შედეგების თანახმად დგინდება თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) არსებობა ხელყუმბარასა და ფალიაზე (მათ შორის, სისხლის კვალის სახით). თუმცა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არასაკმარისია მათი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ფალიაზე თითის კვალი საერთოდ არ არის აღმოჩენილი.

    ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, გასროლის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და ნივთის ამოღება და ექსპერტიზის დანიშვნაც სწორედ ამ უწყების მიერ განხორციელდა. ადვოკატების შეფასებით, ეს გარემოება ამოღებული მტკიცებულებების სანდოობასა და ვალიდურობას იმთავითვე სადავოს ხდის.

    ოჯახის ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა და მოწმეების ახსნა-განმარტებები. ექსპერტიზის დოკუმენტებში კი, ხელყუმბარა უკვე ამოღებულ და გადაადგილებულ მდგომარეობაში ჩანს.

    ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ნივთებზე არსებული დაზიანებების კვალის შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა აჩვენებს,  სროლის შედეგად დაზიანებების კვალი ჩანს, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლის შუა ნაწილზე, ისე ბალიშზე, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, სროლის დროს, მსხვერპლის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის საფუძვლიან ვარაუდს ქმნის. 

    ადვოკატების განცხადებით, ყველა ეს გარემოება აჩვენებს, რომ გამოძიების ფარგლებში არსებითი მტკიცებულებების ამოღების, შენახვისა და დოკუმენტირების პროცესში დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრობლემაზე უთითებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მტკიცებულებებისა და სურათის სრულყოფილი აღდგენის შესაძლებლობის განადგურების ინტერესზე ჩნდება ეჭვები.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სახელმწიფოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნაწილში, სტრაბსურგის სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]