• დედისფერულის ერთადერთი მოსწავლე

    ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 22:47 view 7209
    თამარ თორღვაშვილი თამარ თორღვაშვილი ფოტო © Radioway.ge

    მეორეკლასელი თამარ თორღვაშვილი დედისფერულში (კაკლიანი) მცხოვრები ერთადერთი ბავშვია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში სულ 12 კომლიღა ცხოვრობს. პატარა ბავშვებიანი ოჯახები სხვაგან გადასახლდნენ, სადაც სამსახურის შოვნის შანსი და შვილებისთვის განათლების მიცემის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

    თამარი თანატოლების გარეშე იზრდება. გოგონამ საკობიანოს საჯარო სკოლაში სულ რამდენიმე თვე იარა, სახელმწიფოს მიერ დანიშნული „მარშუტკით“. კორონავირუსის გამო სამი სემესტრიდან ორი ფაქტობრივად გამოტოვა. ახლა თამარს ერთადერთი თანაკლასელის სახელი ახსოვს, მარიამის. იცის, რომ ჰყავს ქართულის მასწავლებელი - ეკა და მათემატიკის მასწავლებელი - მზია.

    ოჯახში არც სმარტფონი აქვთ და არც ინტერნეტი. მზია მასწავლებელი გოგონას თანატოლებს ასის ფარგლებში მათემატიკას ონლაინ გაკვეთილებზე ასწავლის, თამარი კი ძირითადად პირველი კლასის მასალებს იმეორებს. მასწავლებლები თამარის მშობლებს ხანდახან ტელეფონით ეხმიანებიან, რამდენიმე დღეში ერთხელ მითითებებს აძლევენ და ამით სრულდება თამარისთვის განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება.

    გოგონას უყვარს მათემატიკა, რომელსაც მამასთან ან თავის საყვარელ სათამაშო დათვთან, მიშასთან ერთად მეცადინეობს. გოგონას სათამაშოები და სასკოლო ინვენტარი უცხო ადამიანებისგან, ქველმოქმედებით შეგროვებული ფულით უყიდეს. 

    პირველკლასელებისთვის დარიგებული კომპიუტერი მასაც ერგო, თუმცა სულ ყუთში უდევს, რადგან კომპიუტერი უბრალოდ არ ირთვება. სამსულიან ოჯახში ერთი ძველი ტელეფონი აქვთ, რომელიც უსახსრობის გამო ხშირად გათიშულია.

    ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახელმწიფოს მიერ 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება ოჯახს აქამდე ვერ აუღია, რადგან ახმეტამდე ჩასასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ტაქსის ფასი გაორმაგებულია და ფეხით სასიარულოდ ხათუნა და გოგია თორღვაშვილებს დუისამდე და უკან 15 კილომეტრის გავლა სჭირდებათ.

    დედისფერულში, ახმეტიდან 19 კილომეტრში, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია, არც ამბულატორია, არც აფთიაქი, არც მაღაზია, არც საბავშვო ბაღი და სკოლა, სადაც თამარი თანატოლებთან ერთად ისწავლიდა.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]