• 11 წლის ალექსანდრეს დისტანციური განათლების ქოხი

    ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020 18:22 view 13806
    11 წლის ალექსანდრეს დისტანციური განათლების ქოხი

    კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავთ. ქოხის შუაგულში პატარა ბიჭი ზის. ეს ალექსანდრე წოწკოლაურია, 11 წლის - ერთადერთი მოსწავლე სოფელ ხევისჭალაში. ამ ქოხიდან ის გაკვეთილებს ესწრება. ინტერნეტს მხოლოდ აქ მიაგნო. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.

    „ჩემი სახლი ქვემოთაა. აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტი აქ იჭერდა. ვიდრე აცივდებოდა, გამოვდიოდი და აქ ვმეცადინეობდი. მერე მამამ ქოხი გამიკეთა, რომ წიგნები არ დამსველებოდა და ცუდად არ გავმხდარიყავი. დილით, 09:50 საათზე მეწყება გაკვეთილები. ახლა, როცა ონლაინ სწავლებაზე ვართ, გაკვეთილები ხანმოკლეა და დაახლოებით ორი საათი მიწევს ქოხში ყოფნა. ცეცხლი სულ უნდა ენთოს. ტელეფონს ბოლო ხაზამდე რომ ჰქონდეს მიღება, ინტერნეტი მაინც ჭედავს. ქოხში წინა მხარესაც ჩამოფარებული გვქონდა, მაგრამ მოვხსენით, რადგან ინტერნეტი იკარგებოდა. ტელეფონიც არ ვარგა, კომპიუტერი გაფუჭებული მაქვს და ესეც მიშლის ხელს. როცა მზიანი ამინდია, ტელეფონი მაშინ არ მაწვალებს ხოლმე“, - ალექსანდრე მე-5 კლასის მოსწავლეა. სკოლაში წესით მატანში ან ახმეტაში უნდა ევლო, რადგან სოფელი ხევისჭალა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, ახმეტიდან 10 კილომეტრშია, მატნიდან 6-ში. გზა ტყეზე გადის, რამდენიმე ადგილას მდინარეც კვეთს.

    დედამ სცადა, რომ ალექსანდრეს ახმეტაში, ახლომდებარე სკოლაში ესწავლა. ვერ მიაღწია, რომ ხევისჭალადან სკოლამდე და პირიქით, ალექსანდრეს ტრანსპორტირება განათლების სამინისტროს თავის თავზე აეღო. სწავლა როცა იწყებოდა და ტრანსპორტირების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, მშობლებმა ალექსანდრე თბილისში, ლილოში წაიყვანეს, სადაც ალექსანდრეს უფროსი ძმა ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

    „ძნელია დედასთან და მამასთან რომ არ ხარ. მამასთან ზაფხულობით, არდადეგებზე ჩამოვდივარ. შეიძლება ერთი წელი ვერ ვნახო. მირჩევნია აქ ვიყო და სადმე ახლოს ვისწავლო, თუ მანქანა მატარებს. სახლში რომ ვიყო, დედა მამეცადინებდა, იქ კიდევ მარტოკანამ უნდა ვიმეცადინო. ფეხით შემიძლია წავიდე, 7 საათზე ავდგე, მაგრამ ფეხით სიარული საშიშია, ნადირიც არის. შეიძლება დაგიჭიროს რამემ, მგელმა ან დათვმა, რას გაიგებ, ტყეა. არც არავინ არის, რომ იხმაუროს. მაშინ მეგობარი უნდა გყავდეს. ამ სოფელში კი მარტო ვარ. კიდევ ერთ ოჯახს ჰყავს სამი ბავშვი, მაგრამ ისინიც, სკოლის გამო ახმეტაში ცხოვრობენ“, - უკვე ოთხი თვეა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ - ალექსანდრეც სოფელშია, მშობლებთან. მას არ სჯერა, რომ ხევისჭალაში უწყვეტი ინტერნეტი იქნება:

    „მოხუცები ცხოვრობენ, მარტო მე ვარ ბავშვი. ერთი ბავშვის გამო, არა მგონია აქ ვინმე მოვიდეს“.

    22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი ინიციატივით გამოვიდა, საქართველო დისტანციური სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს, რადგან ქვეყანამ ონლაინსწავლების სისტემა უნიკალურად ააწყო.

    „თქვენ ახსენეთ დისტანციური სწავლება და ეს ნამდვილად თქვენი და თქვენი სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ამ რთულ პერიოდში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში თუ როგორ მოახდინა სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა, როგორ ჩვენს მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს.

    რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ, მე ვფიქრობ, განათლებაში იმ დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების გაციფრულებით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა და მექნება ასეთი ინიციტიავა, რომ სამომავლოდ გვეფიქრა გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო“, - მიმართა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც თქვა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. „ჰაბი ახსენეთ თქვენ და აბსოლუტურად გეთანხმებით, როგორც მოხსენებაში აღვნიშნე, ჩვენ გვიხარია, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო იმ ღონისძიებებმა, რომლებიც ჩვენ გავატარეთ დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩხენკელმა.

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შენარჩუნდა ახალი, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების შემდეგაც. ზუსტად არ არის ცნობილი, რა მასშტაბის ზემოქმედება მოახდინა კრიზისმა ბავშვების მდგომარეობასა და მოწყვლადობაზე, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევით, რომელიც 2020 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს,

    საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გამო სახლშია 3-17 წლის ასაკის 661 500 ბავშვი. მათგან, 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა საცხოვრისში. ქვეყანაში 221 000 ბავშვი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

    კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 222 143 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 206 313 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 418 ადამიანი. საავადმყოფოებშია მოთავსებული 5 624 პაციენტი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]