• საჭიროა დიდი ნაწილის აცრა, რათა გარდატეხა მოხდეს – ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან

    კვირა, 14 მარტი 2021 19:12 view 11101
    საჭიროა დიდი ნაწილის აცრა, რათა გარდატეხა მოხდეს – ინტერვიუ ხათუნა ზახაშვილთან

    საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან, 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალის აცრით დაიწყება. აცრის მნიშვნელობაზე, შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ვაქცინებსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე, პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

    რას ნიშნავს ვაქცინაცია, რატომ უნდა ჩავიტაროთ აცრა?

    – კოვიდმა რეალურად ყველაზე საშინელი გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა 21-ე საუკუნეში. ეს ვირუსი მოგვევლინა როგორც ყველაზე საშიში მკვლელი ინფექციურ დაავადებათა შორის, რომელიც ახლა არსებობს დედამიწაზე. ყველაზე დიდი მიღწევა ვაქცინაა მედიცინაში, რომელმაც მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და ძალიან კარგია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შექმნეს ამ დაავადების, „კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინა. სწორედ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ თავი, გადავარჩინოთ ჩვენს გარშემო მყოფები, უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

    – რა ვაქცინები არსებობს დღეს? საქართველოში შემოსატანად რატომ შეირჩა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები?

    – ყველა ქვეყანას აქვს თავისი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს რა წამალი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, ამ შემთხვევაში - ვაქცინა შეიძლება შემოიტანონ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. დიდ და წარმატებულ ქვეყნების აქვთ საშუალება ან თვითონ აწარმოონ ვაქცინა, ან ჰქონდეთ იმდენად კარგი მარეგულირებელი, რომ შეძლოს პრეპარატების ძირფესვიანად შემოწმება-შესწავლა და შესაბამისი მონაცემების შემთხვევაში, დაშვება ქვეყანაში. საქართველო არ მიეკუთვნება ვაქცინის მწარმოებელ ქვეყანებს და სარგებლობს სხვა ქვეყნის მიერ აღიარებით, ან მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციებით. ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის მოხმარებული იყოს მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც აქვს საერთაშორისო მარეგულირებლის აღიარება, ან ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. დღესდღეობით, ასეთ ვაქცინათა სია საკმაოდ შეზღუდულია და მოიცავს თქვენს მიერ ჩამოთვლილ ვაქცინებს. სწორედ ამიტომ ქვეყნის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შემოტანილი იქნას „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“.

    – „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ორდოზიანია. რატომ ხდება ორი დოზის გაკეთება და დროის რა შუალედში შეჰყავთ ის ორგანიზმში?

    – როგორც ამბობენ, პირველივე დოზა იძლევა საკმაოდ მაღალ ეფექტს მძიმე დაავადების განვითარების შემცირებისთვის, თუმცა მეორე დოზა („ბუსტერი“) აძლიერებს იმუნიტეტს, რომელიც პირველი დოზის შეყვანის შემდეგ ჩამოყალიბდა. დამცველობითი უნარი არის უფრო მაღალი. დღეს უკვე წარმოებასა და კვლევაშია ისეთი ვაქცინები, რომელთა ერთი დოზა შესაძლოა საკმარისი იყოს. რაც შეეხება ინტერვალებს, ორივე ვაქცინისათვის ცოტა განსხვავებულია: „ფაიზერისთვის“ ინტერვალი 4-8 კვირაა, ხოლო „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში – 8-12 კვირა. ორი დოზის გაკეთების შემდეგ მიიჩნევა, რომ ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული კოვიდის წინააღმდეგ.

    – საქართველოსგან განსხვავებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში ვაქცინაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. როგორც სპეციალისტს, რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ?

    – ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ეს დაავადება მძვინვარებს მსოფლიოში, მისი საწინააღმდეგო ვაქცინის ისტორია კიდევ უფრო ხანმოკლეა. ამიტომ მეცნიერებს ყველანაირ კითხვაზე ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი. მაგალითად, ისეთზე, თუ რამდენად ამცირებს ვაქცინა დაავადების გადადების რისკს, ანუ შეიძლება თუ არა ადამიანი მაინც დაავადდეს მსუბუქი ფორმებით. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ კი, შეიძლება მაინც დაავადდეს ვაქცინირებული ადამიანი, თუმცა ეს წავა ძალიან მსუბუქად.

    დღესდღეობით, რაც ცნობილია ამ ვაქცინების შესახებ, ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ 80%-ით ამცირებენ მძიმე დაავადებათა განვითარების რისკს და კიდევ უფრო მაღალი პროცენტით ლეტალურ გამოსავლებს.

    შესაბამისად, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ვაქცინაცია ყველა ქვეყანამ დაიწყოს როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, მეორე ფაქტორსაც უნდა გავუსვათ ხაზი - მხოლოდ ვაქცინაციის პროცესის დაწყება არ ნიშნავს, რომ მყისიერად მიღწეული იქნება კარგი შედეგი და მაშინვე მდგომარეობა საგრძნობლად და კარდინალურად შეიცვლება. დაკვირვებაა საჭირო ორი ძირითადი მიმართულებით: როგორ მოიქცევა თვითონ დაავადების გამომწვევი ვირუსი და რა შორეული ეფექტები ექნება ვაქცინას დაცვის თვალსაზრისით, ანუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს აცრილი ადამიანი იმუნიტეტს. ასევე, საჭიროა, რომ აიცრას მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რათა გარდატეხა მოხდეს დაავადების გავრცელების ინტენსივობაში, ამას კი დრო სჭირდება. ვნახოთ, მომავალ გვიჩვენებს.

    – ჩვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ აშშ-ში გაიკეთა ვაქცინა. მისი თქმით, პირველი დოზის შემდეგ მხარში ჰქონდა ტკივილი, თუმცა არ დასჭირვებია ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ჰქონდა მსუბუქი თავისტკივილი. კიდევ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ვაქცინაციის პროცესს?

    – რაც თქვენ ჩამოთვალეთ მსუბუქი გვერდითი მოვლენებია, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ნებისმიერ ვაქცინაციას და მეტსაც გეტყვით, ჩხვლეტის ადგილას ტკივილი არა თუ მედიკამენტის, მხოლოდ ჩხვლეტის შემდეგაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილას შეწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა, იმ ნაჩხვლეტი ადგილის გარშემო ტერიტორიის მცირე ანთებითი შეშუპება და გაცხელება, რაც ძალიან მალე გაივლის.

    ძალიან იშვიათად აცრას შეიძლება ახლდეს საერთო სისუსტე, დამტვრეულობის შეგრძნება, რომელიც როგორც წესი ორ-სამ დღეში, უმთავრესად შემდგომი 24 საათის პერიოდში აუცილებლად დალაგდება. კიდევ უფრო იშვიათად შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმის საერთო რეაქცია, როგორიცაა მცირე ტემპერატურის მატება, რაც ასევე ძალიან ჩქარა, 24 საათის განმავლობაში გაივლის. ძალიან იშვიათად შესაძლოა იყოს უფრო სერიოზული რეაქცია, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართვას და ექიმის დამატებით რეკომენდაციებს.

    – ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებში ან ორსულებში რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციას?

    – ჯერჯერობით ორსულებზე არ არის ჩატარებული კვლევები და ორსულებში შეიძლება თუ არა ამ ვაქცინის გამოყენება, წამლის მწარმოებლებს და ექსპერტებს ამაზე გადაწვეტილება ჯერაც არ აქვთ მიღებული.

    ურჩევენ, რომ ორსულებმა თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან. რაც შეეხება ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, მათთვის პირიქით, პირდაპირ რეკომენდირებულია ეს ვაქცინა, რადგან კოვიდის შემთხვევაში ყველაზე მომატებული რისკის ქვეშ არიან. მათი დაცვის ერთადერთი მექანიზმი დღეისთვის არის ვაქცინაცია (გარდა სოციალური დისტანცირებისა და ნიღაბის გამოყენებისა, რაზეც უკვე ერთი წელია ვსაუბრობთ).

    – ვინ გაუწევს მონიტორინგს ვაქცინაციის პროცესს?

    – ვაქცინის გაკეთება აუცილებლად ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის მიერ. ყველა ადამიანი მიიღებს გაფრთხილებას, რა შემთხვევაში მიმართოს ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მიერ ხდება ამ გვერდითი მოვლენების აღრიცხვა, შესწავლა, შემდგომ გადაცემა წამლის მარეგულირებლისთვის და გადაწყვეტილების მიღება პრეპარატის შემდეგი პარტიების, შემდეგი დოზების შემოტანის თაობაზე.

    – პანკისის ხეობაში გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან უკვე გადაიტანეს კოვიდი. თუ „კოვიდ 19“ უკვე გადავიტანე, მაინც საჭიროა აცრის ჩატარება?

    – ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებითაც არ არის ძალიან დამაჯერებელი და მკაფიო ინფორმაცია, მაგრამ არის გარკვეული შრომები, რომელიც ამბობს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება, მაგრამ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი - ეს ვირუსი მუტაციას განიცდის, ანუ იცვლის თვისებებს და ახალი, მუტირებული შტამებისადმი, შესაძლოა, ამ დაავადების გადატანის შემდეგ ბუნებრივად გამომუშავებულმა იმუნიტეტმა არ იმუშაოს და კიდევ ერთხელ გახდნენ ეს ადამიანები კოვიდის მსხვერპლი.

    ამიტომ რეკომენდირებულია, რომ კორონავირუსის გადატანიდან 120 დღე ადამიანს არ ესაჭიროება ვაქცინაცია, თუმცა თუ გასულია 120 დღეზე მეტი, ის არის მარალი რისკის ქვეშ და ექვემდებარება ვაქცინაციას.

    – ჩვენს მიერ გამოკითხულმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ მათ, ვისაც რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფი აქვს, ბუნებრივად გააჩნიათ ანტისხეულები და არ საჭიროებენ კორონავირუსზე აცრას. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება?

    – არა, რეზუსის ფაქტორი განსხვავებულად არ მოქმედებს კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების ჩამოყალიბებაზე. ეს უფრო მეტად მითია ვიდრე სინამდვილე. მხოლოდ იმიტომ, რომ რეზუს უარყოფითი აქვს, ნუ ჩათვლის თქვენი რესპონდენტი, რომ არ ესაჭიროება ვაქცინაცია. თუ ის მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, აუცილებლად აიცრას.

    – საქართველოში დღემდე არ დაწყებულა საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა, ხოლო 17%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული. პანკისის ხეობაში ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს, რომ ადამიანების უმეტესობა აცრაზე უარს ამბობს. როგორ აპირებთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტაროს?

    პირველ რიგში, ვაქცინა მიეწოდება სამედიცინო პერსონალს, სწორედ ისინი არიან ფრონტის წინა ხაზზე და კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მომეტებული რისკის ქვეშ.

    დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო ჯგუფებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ვაქცინაცია და რისგან შეიძლება გადაირჩინონ თავი და გადაარჩინონ პაციენტები.

    რაც შეეხება მოსახლეობას, რა თქმა უნდა, კვლავ მთავარ საკითხად რჩება მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება, რათა კარგად გაიგონ, რა რისკები მოჰყვება ამ დაავადებას, რა რისკებს შეუქმნის ის ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გარშემო არიან და რაოდენ მნიშვნელოვანია ამ დაავადების დროული უკუქცევა ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური გახსნისთვის.

    ერთადერთი ხსნა ამ მხრივ არის ვაქცინაციის დროულად ჩატარება, თანმიმდევრულად, კარგად, როგორც არაერთხელ გაუკეთებია საქართველოს მოსახლეობას. საერთოდ, ჩვენი ქვეყანა და კავკასია ყოველთვის გამოირჩეოდა მედიცინისადმი, მედიცინის მიღწევებისადმი, თუნდაც ვაქცინაციისადმი განსაკუთრებული მიდგომით. სწორედ კავკასიაში ვაქცინის პირველსახეობა ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენებოდა მაშინ, როდესაც ევროპას ამის შესახებ ჯერ წარმოდგენა არ ჰქონდა და ჩვენი შორეული წინაპრებიც კი იყენებდნენ ვაქცინაციის პირველ ჩანასახებს, რათა ეხსნათ ადამიანები, თავისი ჯანმრთელობა და გარშემო მყოფები. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთივე შეგნებით მიუდგება ვაქცინაციის პროცესს.

    – ამ ხუთი თვის განმავლობაში რა გაკეთდა მოსახლეობის ინფორმირების მხრივ?

    მემგონი, რომ დაწყებულია, თუნდაც ჩვენი საუბარი ამის მაგალითია და მადლობა თქვენ ასეთი საინტერესო თემების წამოწევისთვის. მგონია, ცოტა გადაჭარბებულია შეფასება, როდესაც გვგონია, რომ ადამიანები არ აიცრებიან. ჩვენი საზოგადოება ძალიან გონიერია.

    – ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე იგეგმება მოსახლეობის 60%-ის აცრა. რამდენად რეალისტურია ეს?

    შეიძლება ისევ ცოტა პოპულისტურად გამომდის, მაგრამ ჩვენ ხალხს შეუძლია ერთად დგომა და თანადგომა ისე, როგორც არავის. დარწმუნებული ვარ, თუ ყველა მოვინდომებთ თქვენ, მე, თქვენი რადიომსმენელები აუცილებლად შევძლებთ ამას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]