• ჯოყოლო – დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

    ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 17:33 view 7015
    ჯოყოლო – დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

    მდინარე ალაზანზე ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის მიზნით სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ახმეტის გამგეობამ ორ ეტაპად განახორციელა. პირველი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA150022153) 2015 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა, მისი სავარაუდო ღირებულება კი 208 000 ლარით განისაზღვრა. ტენდერის პირობების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 500 000 ლარის ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, არანაკლებ 150 000 ლარის ხიდების მშენებლობის სამუშაოები. ამასთან, ამგვარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ყველა პრეტენდენტს ელექტრონულად უნდა აეტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ტექიმპექსმა“ (ს/კ - 205280532), რომელიც ისე გამოცხადდა გამარჯვებულად, რომ მისთვის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოუთხოვიათ და არც პრეტენდენტის მიერ მომხდარა მათი სისტემაში განთავდება. მასთან ხელშეკრულება ახმეტის გამგეობამ 2015 წლის 31 აგვისტოს, 206 775 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 4 თვის ვადაში, - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებული იყო წარმოქმნილი დაზიანებები აღმოეფხვრა.

    2015 წლის 29 სექტემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განაცხადა, რომ ხიდის მშენებლობა უახლოეს დღეებში განახლდებოდა. მისი თქმით, „ხიდის მშენებლობაზე დაახლოებით 15 000 ლარი უკვე დაიხარჯა, მისი დასრულებისთვის კი ბიუჯეტიდან დამატებით 208 000 ლარი გამოიყო. ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“.

    საბოლოოდ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ ხიდის რკინის კონსტრუქცია გააკეთა. ახმეტის გამგეობას კომპანიის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს და, ხიდის მშენებლობის დასრულების მიზნით, დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ მეორე ტენდერი გამოაცხადა.

    მეორე ელექტრონული ტენდერი (SPA16 0014885) აღნიშნული ხიდის სავალი ნაწილის მოწყობის მიზნით ახმეტის გამგეობამ 2016 წლის 20 მაისს გამოაცხადა. ამჯერად სამუშაოების ღირებულება 64 100 ლარით განისაზღვრა. პრეტენდენტს, 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში, უნდა ჰქონოდა მინიმუმ 200 000 ლარის სამუშაოების გამოცდილება კონკრეტულად ხიდების მშენებლობის მიმართულებით, ხოლო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად უნდა აეტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში. ტენდერში მონაწილეობა კვლავ ერთმა პრეტენდენტმა - შპს „იუნივერსალ ტრეიდინგ ჯორჯიამ“ (ს/კ - 405020702) მიიღო, რომელიც ასევე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე გამოცხადდა გამარჯვებულად (აღსანიშნავია, რომ ამგვარი დოკუმენტები არც გამგეობის სატენდერო კომისიას მოუთხოვია). სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2016 წლის 20 ივნისს, - 63 800 ლარზე (დღგ-ს გარეშე) გაფორმდა და შემდეგში რაიმე ცვლილება აღარ განხორციელებულა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა 2016 წლის 31 ოქტომბერი იყო, თუმცა ახმეტის გამგეობამ ობიექტი დასრულებულად ჩათვალა და ექსპლუატაციაშიც მიიღო.

    გამგეობამ მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება (sms), რომლითაც აცნობა, რომ „დასრულდა ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი“.

    „ხიდის მშენებლობა რამდენიმე წელია რაც დაიწყო. ახლა დასრულდა, მაგრამ უხარისხოდ არის გაკეთებული. ფიცარზე დარტყმული ლურსმნები ზემოთ ამოდის და საბურავებს აზიანებს. ფიცარიც იმტვრევა. იმასაც დაგვპირდნენ, რომ ხიდამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მოხდებოდა, რადგან გზის ორივე მხარეს ხალხი ცხოვრობს და მზიან ამინდში ისეთი მტვერია, ეზოში ვერ გაჩერდები. არც ასფალტი დააგეს, არადა 2 დღი წინ, გამგეობამ მოსახლეობას შეტყობინებები გამოგვიგზავნა, რომ ჯოყოლო – დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა, არადა არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი ჯოყოლა აჭიშვილი.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, პანკისის ხეობის მცხოვრებთა მხრიდან მიღებული პრეტენზიების გამო, ადგილზე დაათვალიერა და შეამოწმა ხსენებული ხიდის მშენებლობის ხარისხი. აღმოჩნდა, რომ ხიდის ნაწილი უკვე დაზიანებულია, მასზე დაგებული ფიცრები ალაგ-ალაგ აყრილი და დამტვრეულია, არაერთ ადგილას ამოშვერილია ლურსმნები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ვითარებაში ხიდზე ავტომანქანით გადასვლა სახიფათოა, რადგან არსებობს მისი სავალი ნაწილის ჩანგრევის საფრთხე.

    „უხარისხოა ეს ხიდი. ფიცრები ზოგან დამტვრეულია. ლურსმნები ამოვიდა და მანქანას საბურავი დაეშვა. საშიშია აქ მოძრაობა“, – აღნიშნავს სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი თამაზ მუთოშვილი.

    შპს „ტექიმპექსი“ სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 9 ივნისს დარეგისტრირდა. მისი იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. №11. საწარმოს დირექტორი და 100 % წილის მფლობელია პაატა შარაშიძე. სულ შპს „ტექიმპექსი“ ახმეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა. ამავე კომპანიის მიერ 2014 წელს შესრულდა ქ. ახმეტაში მდინარე ორვილის ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაციისა და კალაპოტის ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 179 000 ლარი იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას ანალოგიური ხასიათის სამუშაოების გამოცდილება არ გააჩნია.

    შპს „იუნივერსალ ტრეიდინგ ჯორჯია“ დარეგისტრირებულია 2013 წლის 4 დეკემბერს. საწარმოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, კრწანისის ქ. №16, 1-ლი კორპუსი, ბინა 3. კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მფლობელია თამაზ აფციაური. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიამ 2015-2016 წლებში ახმეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორში გაიმარჯვა. კერძოდ, კომპანიის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი სამშენებლო პროექტი - ქალაქ ახმეტაში, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი ქვის გაბიონის მოწყობა, რომლის ღირებულებაც, ხელშეკრულების მიხედვით, 46 000 ლარს შეადგენდა. ხსენებული ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის თანახმად, ამ კომპანიას ხიდების მშენებლობა სხვა დროს არ განუხორციელებია.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]