• weather cur horoscope

    პანკისის ხეობის იმამი ბექხან ფარეულიძე დუისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

    ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017 16:00 view 3358
    პანკისის ხეობის იმამი ბექხან ფარეულიძე დუისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

    დუისში 3 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

    „სოფელ დუისში მომხდარმა ფაქტმა მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს კი არა, საერთოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, მათ სახელს მიაყენა ზიანი.

    ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო, ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ. მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე , პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

    მომხდარი ფაქტის შედეგად თუ ვინმე აღმოჩნდა წაგებული, ეს არც საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საბედნიეროდ არ დამწვარა და არც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, რადგან თუ მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ გაუჩნდა, საბედნიეროდ ზარალი არ მიუღია ამ ორგანიზაციას.

    არც რეალური დამნაშავეა დაზარალებული, რომლის ვინაობაც ჯერ არ გამჟღავნებულა, თუმცა მოახერხეს და ჩირქი მოსცხეს ხეობის მუსლიმებს, გრძელდება მუსლიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, – აცხადებს ბექხან ფარეულიძე.

    იმამი ეხმაურება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორის იზა ბექაურის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც იმის შესახებ, „თითქოს ცეკვისა და სიმღერის წრეების გამო ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან იყო მუქარა“.

    „ეს მოვლენებიც ჩვენს თვალწინ, facebook გვერდზე განვითარდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა იმ დიალოგისთვის,რომელიც არა ცეკვა-სიმღერის გამო, არამედ იზა ბექაურის და კიდევ რამდენიმე ხეობაში მომუშავე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლებიც საუბრობდნენ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დანიშნული სოციალური დახმარების არამიზნობრიობაზე, აღნიშნული ფაქტის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენში.

    რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ისლამი და პანკისელი მუსლიმები დგანან ქალთა უფლებების და ქალთა კეთილდღეობის სადარაჯოზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტელევიზიით გაჟღერებული განცხადებები, თითქოს მუსლიმებს ქალთა უფლებების საკითხი გვაღიზიანებს.

    ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი სულიერი ლიდერის, აბდულ-ქერიმ ქავთარაშვილის მიერ ჩატარებული ლექცია ქალთა უფლებების საკითხზე. ეს სწორედ ამ საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. ჩვენ კი არ გვაღიზიანებს ეს თემა, პირიქით ფონდის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კიდეც ამ საკითხებში.

    მართალია ისლამის სწავლების მიხედვით ცეკვა და სიმღერა არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს, არც გაგვიმართლებია.

    ბოლოს, ყველას გვინდა მოვუწოდოთ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი განცხადებების მიმართ და მოეშვან ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე ადამიანების და უფრო მეტიც, ადამიანთა ჯგუფის დადანაშაულებას. ეს არ მოუტანს არაფერს კარგს არც თითოეულ ჩვენგანს და არც ზოგადად პანკისის ხეობას“, – აღნიშნავს ბექხან ფარეულიძე.

    უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი 3 იანვარს, საღამოს წაუკიდეს. დამწვარია ერთ–ერთი ოთახის კარი და იატაკის მცირე ნაწილი. ცეცხლი დარაჯმა დროულად შენიშნა და მისი ჩაქრობა მოახერხა.

    ორგანიზაციის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, ამ ინციდენტს წინ მუქარები უძღოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სახლის დაწვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში «ხადორობა» ეთნიკური ქისტების გარეშე იზეიმეს

    პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“…

    პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო…

    «პანკისის სახალხო კრება» ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

    „პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]