• სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვახა ბუგიევი დაიღუპა

    ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 13:14 view 3906
    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვახა ბუგიევი დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი 39 წლის ვახა ბუგიევი დაიღუპა. ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში ის 2015 წელს წავიდა. ბუგიევი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, სადაც მას ცოლი და სამი შვილი დარჩა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება პანკისის ხეობიდან, ოჯახის წევრებმა ვახა ბუგიევის გარდაცვალების შესახებ გუშინ, გვიან ღამით გაიგეს და დღეს მთელი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებენ.


    ვახა ბუგიევი 2012 წელს ლოპოტას სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის წევრები სოფელ ლაფანყურის გავლით, ლოპოტას ხეობაში „ჯიპის“ მარკის ავტომობილით შევიდნენ, რომელიც ვახა ბუგიევის საკუთრება იყო.

    ახლობლებისთვის უცნობია, როგორ მოახერხა ვახა ბუგიევმა 2015 წელს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა და მეორე მხრივ იმიტომ, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებთათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადმოკვეთა გართულებულია.

    ვახა ბუგიევი ეთნიკური ჩეჩენი იყო. საქართველოში ის აზერბაიჯანიდან 2000 წელს შემოვიდა და ერთი წლის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა. 2001 წელს მას ეს სტატუსი ავტომატურად მოეხსნა ხელახალი რეგისტრაციის არგავლის გამო. 2003 წელს ქართველმა სამართალდამცავებმა ვახა ბუგიევი სოფელ ომალოში დააკავეს (მას ომალოელი მეუღლე ჰყავს) და ბრალი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის წაუყენეს.

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 15 პანკისელი დაიღუპა. ბუგიევის გარდაცვალებამდე, ბოლო ორი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის იანვარში გავრცელდა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

    რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ იყო წასული. მანამდე ის თელავში სწავლობდა, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა მან მესამე კურსიდან შეწყვიტა. სირიაში წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები რამზანის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ. დედამისი სირიაში ჩავიდა კიდეც, მაგრამ შვილი საქართველოში დაბრუნებაზე ვერ დაითანხმა. 2015 წელს რამზანს პანკისიდან საცოლე ჩაუყვანეს, 20 წლის გოგონა, რომელიც სოფელ ძიბახევში ცხოვრობდა.

    რაცშეეხება მუხმად თურქოშვილს, ისიც პანკისიდან სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ იყო წასული. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის თურქეთში ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მუხმად თურქოშვილს პანკისში ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]