• ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი პოლიციას არ დაემორჩილა

    სამშაბათი, 02 მაისი 2017 17:55 view 6367
    ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი პოლიციას არ დაემორჩილა

    ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წევრის, ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ახმეტის ბიუროს თანამშრომელი ნათია ფეტვიაშვილი 2 000 ლარამდე თანხით დააჯარიმეს და დროებით ავტომანქანაც ჩამოართვეს.

    როგორც თვითმხილველებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს აცნობეს, ნათია ფეტვიაშვილი საგზაო მოძრაობის წესების რამდენჯერმე უხეშად დარღვევის გამო დაჯარიმდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ქალაქ ახმეტაში მისივე კუთვნილი ავტომანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და წესრიგს დემონსტრაციულად არღვევდა. ამასთან, იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გაჩერების თაობაზე და გაიქცა, რის შემდეგაც კიდევ რამდენჯერმე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შექმნა ავარიული ვითარება, ერთ-ერთ მომენტში კი პოლიციის ეკიპაჟისთვის ავტომანქანით დაჯახებაც სცადა.

    პოლიციის თანამშრომლებისგან მოპოვებული ზეპირი ინფორმაციით, ნათია ფეტვიაშვილის მიმართ ოქმი ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იქნა შედგენილი, ხოლო ჯარიმის საბოლოო ოდენობამ 2 000 ლარს მიაღწია. მასვე დროებით ჩამოერთვა ავტომანქანაც.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს და განმარტეს, რომ არ აქვთ უფლება გასცენ ინფორმაცია მოქალაქე ნათია ფეტვიაშვილი დაჯარიმდა თუ არა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.

    პანკისის სათემო რადიოსთან სატელეფონო საუბარში ნათია ფეტვიაშვილმა დაადასტურა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო დაჯარიმდა, თუმცა უარყო, რომ მოძრაობის წესებს დემონსტრაციულად არღვევდა, პოლიციის თანამშრომლებს რომ გაექცა და ა.შ.

    „მე თქვენ გიჩივლებთ ცილისწამებისთვის ამას თუ დაწერთ. მე მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დავჯარიმდი. რამდენით დავჯარიმდი, არ გეტყვით. 2000 ლარზე არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, – აღნიშნა ფეტვიაშვილმა.

    ნათია ფეტვიაშვილი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ნათესავია.

    გელა სამხარაულის განცხადებით, მან იცის, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუროს თანამშრომელი ნათია ფეტვიაშვილი დააჯარიმეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის, გაქცევისა და საპატრულო ეკიპაჟისთვის ავტომობილის დაჯახების მცდელობის შესახებ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]