• weather cur horoscope

    ოჯახის წევრებმა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურეს [Video]

    პარასკევი, 15 ივლისი 2016 14:16 view 2913
    ოჯახის წევრებმა თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურეს [Video]

    ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

    თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნათესავები დღეს, დილიდან, სამძიმარს სოფელ ბირკიანში, ბათირაშვილის უფროსი ძმის თენგიზ ბათირაშვილის სახლში იღებენ. ბათირაშვილის ოჯახის წევრებს "ჟღალი გენერლის" გარდაცვალების შესახებ გუშინ, გვიან ღამით, სირიიდან "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა შეატყობინა, რომელიც წარმოშობით ასევე პანკისელია.

    ბირკიანში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის სათქმელად მისული პანკისელები ამბობენ, რომ თარხან ბათირაშვილის სირიაში წასვლას ხელი ყოფილმა ხელისუფლებამ შეუწყო.


    როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ის თარხან ბათირაშვილის ბიძამ, ჟორჟიკა ბათირაშვილმა განუცხადა, თარხანი 2010 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომშიც იბრძოდა, 2010 წელს ის სამხედრო სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ ტუბერკულოზი დაუდგინდა.

    "საჩვენებელი ჯარისკაცი იყო, მაგრამ გაწირეს. ჯარში სამსახურის გაგრძელება უნდოდა გამოჯანმრთელების შემდეგაც, აღარ მიიღეს. ბაჩო ახალიასთანაც კი მივიდა, იმასაც კი სთხოვა და უარი უთხრეს. იმავე წელს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. 3 წელი მიუსაჯეს. ციხიდან რომ გამოვიდა, საქართველოდან წავიდა", - აღნიშნა გარდაცვლილი თარხან ბათირაშვილის ბიძამ.

    "თარხან ბათირაშვილი არის გმირი, 2008 წელს საქართველოს მთლიანობისთვის იბრძოდა. მერე უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, გული აუცრუვდა, ციხიდან რომ გამოვიდა წავიდა აქედან. ის გმირია ჩვენთვის", - აღნიშნა პანკისის ხეობის ყოფილმა ემირმა ალი ქავთარაშვილმა.

    "გავიგეთ რომ დაიღუპა და სამძიმრის სათქმელად მოვედი. ძმას, მამას და ახლობლებს მივუსამძიმრე. თარხანს საქართველოსთვის ცუდი არასდროს გაუკეთებია", - აღნიშნა ბირკიანის მკვიდრმა ჯუმბერ ღანიშაშვილმა.

    30 წლის თარხან ბათირაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. მას ორი ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი ერთ-ერთი ცოლი და შვილი სირიაში არიან.

    სირიაში იმყოფება თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილიც, იგივე აბდურაჰმანი, რომელიც ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურია და უშიშროების საკითხებს კურირებს.

    თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საიტზე "ამაქზე" დაყრდნობით, სადაც პირველად გამოქვეყნდა ცნობა შეტაკებების დროს ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ.

    სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ერაყში, ქალაქ შირქატში ბრძოლის დროს იქნა მოკლული. „როიტერის“ცნობით, ამჟამად, ერაყის არმია ქალაქ მოსულის ასაღებად იბრძვის. მოსული ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. არმიამ თითქმის დაასრულა ქალაქ შირქატის ალყაში მოქცევა. შირქატი ბაღდადის ჩრდილოეთით, დედაქალაქიდან 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილთან ერთად კიდევ ერთი პანკისელია გარდაცვლილი, რომელიც მისი პირადი დაცვის წევრი იყო.

    პანკისიდან სირიაში რამდენიმე ათეული პირი იბრძვის, მათ შორის საბრძოლო მოქმედებებში უკვე 20 პანკისელი დაიღუპა: 30 წლის თარხან ბათირაშვილი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი; 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი; 39 წლის ომარ მარგოშვილი; 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი; 39 წლის ვახა ბუგიევი; 24 წლის რამზან ფარეულიძე; 22 წლის მუხმად თურქოშვილი; 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი; 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი; 24 წლის დავით სვიაკაური; 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი; 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი; 22 წლის გურამ გუმაშვილი; 18 წლის ბესო კუშტანაშვილი; 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი; 24 წლის ხალიდ აჭიშვილი; 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი; 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი; 23 წლის რუსტამ გელაევი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტის მერიამ პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე შეაჩერა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან…

    ხელისუფლება პანკისის სათემო რადიოს ოფისის გარეშე ტოვებს

    პანკისის ხეობაში, სათემო რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების შემდეგ, იმ მიზნით,…

    Voices from the Pankisi Gorge - A Region Under Control by the State Security Service

    „There are only two or three of us young activists…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]