• ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან – აიძულეს აქედან წასულიყო [Video]

    შაბათი, 16 ივლისი 2016 14:21 view 6696
    ინტერვიუ თარხან ბათირაშვილის მამასთან – აიძულეს აქედან წასულიყო [Video]

    ვინ შეატყობინა ოჯახის წევრებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ? რამ შეუწყო ხელი პანკისიდან სირიაში თარხან ბათირაშვილის წასვლას და რა ინფორმაცია აქვს თემურ ბათირაშვილს მის შვილთან ერთად გარდაცვლილი სხვა პანკისელების შესახებ, – პანკისის სათემო რადიო WAY-ის რეპორტიორი შორენა ხანგოშვილი თარხან ბათირაშვილის მამას თემურ ბათირაშვილს ესაუბრა.

    „გუშინ დილით ჩემმა ბიჭმა მითხრა, მართალიაო. მანამდე არ მჯეროდა. ჩემ უფროს ბიჭს სანდო პირმა უთხრა. სულეიმანის ბიჭმა, ისიც იქ არის, სირიაში. იმას დაურეკია. სამძიმარი მივიღეთ და ეს ნიშნავს, რომ თარხანი ნამდვილად დაიღუპა“, – ამბობს თემურ ბათირაშვილი. მისივე თქმით, თარხან ბათირაშვილის გარდა, კიდევ 3 პანკისელის ვინაობაა ცნობილი, რომლებიც სირიაში ბოლო დღეებში დაიღუპნენ, მათ შორის ერთ–ერთი ბექხან ტოხოსაშვილი ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო.

    „ხანდახან კი გამიელვებდა თავში აქეთ-იქით რომ იტყოდნენ, მავანი მოკვდაო, ე, თემო, ფრთხილად, ბოლოს შენს კარზეც არ დადგეს ეს ამბავი, მაგრამ მე რა შემეძლო, რის გამკეთებელი ვიყავი. ვიცოდი, რაღაც უბედურება დატრიალდებოდა ჩვენს თავს. თარხანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მანამდეც არაერთხელ გავრცელდა. ჟურნალისტების რიგი იდგა ხოლმე აქ. ხან გავიქცეოდი დილით, მთელი დღე დამალული ვიყავი. მოვიდოდი, გამოვხედავდი, ისევ გზაზე იდგნენ. მინდორში ხომ ვერ გავათენებდი და მოვდიოდი მერე სახლში. ბევრი გამიყრია კიდეც“, – ამბობს თემურ ბათირაშვილი და დასძენს, რომ თარხან ბათირაშვილს საქართველოდან წასვლა ყოფილი ხელისუფლების დროს აიძულეს:

    „ყველაზე მეტად ეგ მახსენდება, გამწარებული, საქართველოს არმიიდან რომ დაითხოვეს და აღარ იღებდნენ სამსახურში. გამოჯამრთელების შემდეგ დადიოდა, ბევრი შეაწუხა, რომ როგორმე ისევ დაბრუნებულიყო სამხედროში, მაგრამ უარი უთხრეს. მერე იარაღი ჩაგვიდეს, თარხანი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს“.

    - ციხიდან რომ გამოვიდა, რას ამბობდა, რა გითხრათ?

    როგორც ჩანს, ამ ქვეყანას ჩემი თავი აღარავის სჭირდებაო. არადა სახედროში მსახურობდა, რუსეთ – საქართველოს ომში მონაწილეობდა და რუსული მხარის ინფორმაციებს საქართველოს აწვდიდა. მაღალი სამხედრო პრაქტიკა ჰქონდა მიღებული. ამიტომ დაწინაურდა იქ... ჯერ კიდევ აქ როცა იყო, სამხედროში, იქიდან თავის ძმებს სასტიკად აფრთხილებდა: ფრთხილად იყავით, მაგ ვაჰაბიტების ორგანიზაციაში არ შეხვიდეთ იცოდეთო. ეგ აფრთხილებდა თავის ძმებს და ბოლოს თვითონ მოხვდა. ადამიანს რომ სხვა გასაქანი აღარსად აღარ აქვს, რას იზამს? მაგას გასაქანი აღარსად დაუტოვეს, არ დაუტოვა ნაცმოძრაობამ.

    - სირიაში ყოფნისას გეკონტაქტებოდათ?

    ერთხელ დამირეკა და ეგ იყო. მამა, არ ლოცულობო? როგორ არ ვლოცულობ მეთქი. წინა დღეს გიორგობა იყო. მე ხომ ქრისტიანი ვარ და ჩვენს სალოცავში ვიყავი. სანთლები ავანთე და ღმერთს თქვენი თავი შევავედრე მეთქი. ეგ რომ გაიგო, ტელეფონი გადააგდო. იმის შემდეგ აღარ დაურეკავს“.

    დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა გუშინ დაადასტურეს და სამძიმარს იღებდნენ.

    სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი ერაყში, ქალაქ შირქათში ბრძოლის დროს იქნა მოკლული.

    აშშ–ის დაზვერვის ყოფილი ოფიცერის პატრიკ სკინერის განცხადებით, შირქათს ქალაქ მოსულის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შიშანი კი ტაქტიკური მეთაური იყო და ლოგიკურად ბრძოლის ეპიცენტრში უნდა ყოფილიყო.

    შირქათი მოსულის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ერაყის ჯარებმა, აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით, მას ივნისის ბოლოს შეუტიეს და რამდენიმე დღის წინ შირქათთან ახლოს, ქაიარის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავიაბაზა აიღეს. „როიტერის“ცნობით, ამჟამად, ერაყის არმია ქალაქ მოსულის ასაღებად იბრძვის. მოსული ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

    თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანამდე 9–ჯერ გავრცელდა, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის დაღუპვას არც დაჯგუფება ადასტურებდა და პანკისის ხეობაში მცხოვრები მისი ნათესავებიც უარყოფდნენ.

    13 ივლისს კი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა საინფორმაციო სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა.

    თარხან ბათირაშვილი 30 წლის იყო. „ისლამურ სახელმწიფოს“ ის 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე საქართველოში სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წელს მას ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედროდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც უკანონო იარაღის აღმოჩენის ბრალდებით დააპატიმრეს. ბათირაშვილი 2 წლის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა. ამნისტიის შედეგად ციხე სასჯელის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა და საქართველოდან მალევე წავიდა.

    სირიაში ბათირაშვილის ყოფნას უკავშირებდნენ სამხრეთ კავკასიიდან, მათ შორის პანკისის ხეობიდან დიდი რაოდენობით ახალგაზრდების წასვლას. სირიაში ბრძოლების შედეგად უკვე 20 პანკისელი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ არის ცნობილი.

    ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, იგივე დაეში, თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დაჯგუფებაა, რომელიც არ ერიდება ადამიანთა ცოცხლად დაწვას, წამებას, გაუპატიურებას, თავების მოჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტერორისტული აქტების მოწყობას და ა.შ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]