• weather cur horoscope

    ვითხოვთ იმ პირის დასჯას, ვინც ახალგაზრდას ესროლა - მურაზი გოდერძიშვილი

    ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 20:07 view 2139
    ვითხოვთ იმ პირის დასჯას, ვინც ახალგაზრდას ესროლა - მურაზი გოდერძიშვილი

    "ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფო კანონების აღსრულებას. ამას ყოველთვის ვამბობთ კიდეც. ეს რაც მოხდა, იყო ბოლო წლებში წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ, უარყოფითი ქმედება ჩვენი ხეობისთვის. მოსახლეობის პროტესტზე ხალხის სიმრავლეც მიუთითებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პანკისის სალაფიტური იმამის პრესცენტრის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა.

    "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად, დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც განახორციელა გასროლა ამ ახალგაზრდის მიმართ. საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა დარჩეს.

    დღეს პანკისი ასოცირდება ტერორიზმთან და დანაშაულთან. დღეს ვუსმენთ ჩვენ ექსპერტებს და სირცხვილია, ექსპერტები გამოდიან და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ექსპერტების დონეზეც, რომ პანკისი და პანკისელობა გახდა ტერორიზმთან და დანაშაულთან ასოცირებული, ეს არის ყოვლად მიუღებელი.

    თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ალბათ ყველა უნდა გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას და ამას უნდა ინაწილებდეს თითოეული ჟურნალისტი. ამას ვიძახდით, ნუ აკეთებთ ამას, მასმედია ნუ აშუებს ასე ცალმხრივად რაღაცეებს. არასოდეს არ მოსულან არ დაინტერესებულან", - აღნიშნა გოდერძიშვილმა.

    დღეს პანკისში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას სპეცრაზმმა თავში დაჭრა, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავა: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სუს-ის ამ განცხადებას დაჭრილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, თემირლანს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მას ეძინა, როცა სპეცრაზმელები ოთახში შეუვარდნენ და ესროლეს. მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება, კერძოდ საქართველოში შემოსული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დღეს წაუყენა. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…

    პანკისის უხუცესთა კავშირი - არასდროს გვავიწყდება პატრიარქის მზრუნველობა ქისტებისადმი

    პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]