• weather cur horoscope

    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    პარასკევი, 20 აპრილი 2018 17:18 view 3027
    სამი მოთხოვნა ხელისუფლებას პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება; თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯა - ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს, ახლობლებსა და ხეობის მცხოვრებლებს ხელისუფლების მიმართ აქვთ. ისინი დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეიკრიბნენ.

    „ის რომ დღეს მე ვერ გამტეხეს და არ მეშინია, ეს თქვენი, ხალხის დამსახურებაა, თქვენი გვერდში დგომის. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობაზე თვალს არ დავხუჭავთ, რომ ერთად ვართ და არანაირი განხეთქილება და დაყოფა ჩვენს ხალხში არ არის.

    დამნაშავეთა ჯგუფი უნდა დაისაჯოს, ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მოგვენიჭოს და თემირლანი უდანაშაულოდ იქნეს აღიარებული. ულტიმატუმებით არ ვსაუბრობთ, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ეს ულტიმატუმები გაჟღერდეს ჩვენგან. არავითარ შემთხვევაში, ულტიმატუმები არ იქნება.

    შემდგომ ნაბიჯებს დრო გვაჩვენებს", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენლის, მუსა პანკისელის თქმით, ისინი ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან და პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხები პრემიერ-მინისტრისგან მოისმინონ.

    „როცა მთელი ხეობა იდგა ამ ოთხი თვის განმავლობაში და ითხოვდა - მთავრობის  რომელიმე წარმომადგენელი ჩამოსულიყო და ხალხს შეხვედროდა, კაციშვილი აქ არ ჩამოსულა. როგორც კი კერძო ინვესტორის ინტერესები დადგა, მაშინვე მოგვევლინა მინისტრის მოადგილე ახმეტაში და იქ გამართა გარკვეულ ხალხთან შეხვედრა. ასეთი უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან საწყენია. სახელმწიფო უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს პირისპირ და არა შუამავლებით. აქ არავინ არ უნდა გრძნობდეს თავს ისე, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. არა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და ეს უნდა იგრძნობოდეს სახელმწიფოს მხრიდანაც და არავინ უნდა გვიყურებდეს უნდობლობის თვალით“, - აღნიშნა მუსა პანკისელმა.

    მისივე თქმით, მათ აინტერესებთ პრემიერ-მინისტრის შეფასება და პასუხების მოსმენა. „ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვები დაგვიგროვდა და უფრო მეტი საჭიროება არსებობს ამ შეხვედრებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს. პრემიერის შეხვედრა აუცილებელია იმ ფონზე, როცა ასეთი ჰესების ამბავში ვართ ჩართული ხეობის მოსახლეობა“, - განაცხადა იმამის წარმომადგენელმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. 2017 წლის 26 დეკემბერს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

      

     

     

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.…

    შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად…

    ქარტიის საბჭოს დასკვნით, მაჩალიკაშვილებზე «იმედის» სიუჟეტი მანიპულაციურია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელიც…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]