• სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

    ორშაბათი, 30 აპრილი 2018 14:27 view 5300
    სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

    პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ასევე ალვნიდან, ლალისყურიდან, თიანეთიდან და უკანაფშავიდან მიწვეულმა ახალგაზრდებმა. 24-მა მხედარმა 7-კილომეტრიანი დისტანცია დაფარა, გამარჯვებული კი 15 წლის ისლამ მაჩალიკაშვილი გახდა.

    გამაჯვებულს თემირლან მაჩალიკაშვილის დროშა, ცხენის პატრონს კი ჯილდოდ 500 ლარი და ცხვარი გადაეცა. დოღში მეორე და მესამე ადგილზე ომალოელების და დუისელების ცხენები გავიდნენ. ისინი 350 და 250 ლარით დასაჩუქრდნენ. დანარჩენ მონაწილეებს 20-20 ლარი გადაეცათ.

    დოღის მონაწილეები დაასაჩუქრა 23 წლის ნატო ჩოფიკაშვილმაც, რომელიც პანკისის ხეობაში ყაზბეგიდან ჩამოვიდა. „თემირლანის ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და არ შემეძლო, არ ჩამოვსულიყავი. მინდოდა დოღის მონაწილეები დამესაჩუქრებინა. 100 ლარი მეორე ადგილოსანს, 50 ლარი კი მესამე ადგილოსანს გადავეცი. ამ ზაფხულს, ყაზბეგში მამაჩემის სახელობის დოღის გამართვას ვაპირებ და იმედი მაქვს პანკისელებიც მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა ნატო ჩოფიკაშვილმა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართული დოღის შემდეგ შეარიგეს ქისტი და თუში ახალგაზრდები, რომლებიც 2016 წელს, არგოხში ჩატარებული დოღის დროს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    „თუშებსა და ჩვენს შორის დოღის გამო გარკვეული შუღლი იყო. თემირლანის პატივსაცემად შერიგება მოხდა. ესეც ჩვენი მიზანი იყო“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    დოღი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინიციატივით გაიმართა.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს გარდაიცვალა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

    თემირლან მაჩალიკაშვილს და სპეცოპერაციის შედეგად პანკისში დაკავებულ სხვა პირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის ხელშეწყობაში, კერძოდ, ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. სუს-ს თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებია. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ ბრალი ტერორიზმის ხელშეწყობაში ედებათ. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელყუმბარაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს, მოკლულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ აღარ არსებობს მტკიცებულება, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი მოქმედებაში მოყვანა უნდოდა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, მისმა მშობლებმა, სუს-ის წინააღმდეგ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]