• ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს

    სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 17:59 view 2194
    ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს სულხან ბორძიკაშვილის ფოტო

    პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებისგან ითხოვენ, პასუხისგებაში მისცეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.

    „23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, დღისით, მზისით მუხანათურად მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი. მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს დანაშაული.

    დაკავებული ჰყავთ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა და მას ეყოლებოდა დამხმარე ხალხი. მოვითხოვთ, დააკავონ ყველა, ვინც ამ დანაშაულს ხელი შეუწყო.

    დამნაშავეების რუსეთისთვის გადაცემა არ შეიძლება. ეს ხალხი არ უნდა გადასცენ რუსეთს. ისინი უნდა დარჩნენ გერმანიაში და გასამართლდნენ გერმანიის კანონით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახტანგ ფარეულიძემ.

    მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს, მისი მოთხოვნის მიუხედავად, რუს დიპლომატებთან შეხვედრის უფლებას არ უნდა აძლევდეს.

    აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავებისა და ახლობლების უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც ევროპაში იმყოფებიან.

    აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საელჩოს წარმომადგენლისგან მიიღეს დაპირება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

    „2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში დაესხნენ თავს. ეს საქმე იქნა შეწყვეტილი და თაროზე შემოდებული. მოვითხოვთ, გამოიძიონ, რატომ შეწყვიტეს ეს საქმე და დაადგინონ, იყვნენ თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებულნი ის ჯგუფები, რომლებიც მას თავს თბილისსა და ბერლინში დაესხნენ. გერმანიას ვთხოვთ, დააკავშიროს ეს საქმეები და აქედან დაიწყოს გამოძიება“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

    40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

    სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 49 წლის ვადიმ სოკოლოვი მალევე დააკავეს. ბერლინის პოლიციამ მისი ფოტო გამოაქვეყნა და გამოძიებაში დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს. ვრცელდება ცნობები, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის ბინაში დიდი ოდენობით ფული იპოვეს. ვადიმ სოკოლოვი ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, მას მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს.

    ზელიმხან ხანგოშვილი ეთნიკური ჩეჩენი და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელი „ზელო დიშნი“ იყო.

    ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.

    ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. ადვოკატების თქმით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]