• weather cur horoscope

    ახალი ზელანდიელი მეგობრები პანკისში სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს დაეხმარნენ

    ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020 23:35 view 1715
    ახალი ზელანდიელი მეგობრები პანკისში სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს დაეხმარნენ

    „ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს უკვე დაეხმარნენ. საქველმოქმედო აქციას პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA) ახალი ზელანდიელი მეგობრების, მაიკ რომანსის და რეი კუკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

    ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი დაქიშვილის თქმით,

    ახალი ზელანდიელი ტურისტები მასთან, საოჯახო სასტუმროში 2019 წელს იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის წინ, როცა გაიგეს, რომ კორონავირუსი საქართველოშიც გავრცელდა და ხალხი დაზარალდა, მაიკმა და რეიმ ნაზის ჰკითხეს, როგორ შეეძლოთ მისი დახმარება.

    „ვუთხარი, ჩემს ოჯახს არ სჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენს თემში არიან გაჭირვებულები, რომლებიც ამ პანდემიის გამო სურსათის ყიდვას ვერ შეძლებენ მეთქი. პროდუქტების პანიკურმა ყიდვამ სურსათის აუცილებელი მარაგი შეამცირა. ამას დაემატა გადაადგილებაზე შეზღუდვა და სოციალური იზოლაცია, რომლის სიმძიმე უფრო მეტად აისახება მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებზე, ხანდაზმულებზე, ავადმყოფებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მარტოხელა მშობლებზე. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებთა უმეტესობა გაჭირვებულია, არ აქვთ სამუშაო, შემოსავალი და არც დანაზოგი, ასეთმა რთულმა პერიოდმა შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს ბევრი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“, - ნაზიმ ადგილობრივი სოციალური მუშაკებისა და მერიის წარმომადგენლების დახმარებით, ხეობის 11 დასახლებაში, მათ შორის ქართულ სოფლებში 85 სოციალურად ყველაზე დაუცველი ოჯახი გამოავლინა.

    თითოეულ პაკეტში შედიოდა 7 საკვები პროდუქტი: შაქარი (2 კგ), მარილი (2 კგ), შვრია (2 კგ), ჩაი (360 გრ), ზეთი (2 ბოთლი), ბრინჯი (2 კგ) და 1 ტომარა ფქვილი (50 კგ).

    სასურსათო პაკეტები ადგილობრივმა მოხალისეებმა დაარიგეს. ასოციაცია ამისთვის მადლობას უხდის ასლან, ალიხან, დუჯან და ზუბეირ მარგოშვილებს; საიდ, დაუდ და ხიზირ ხანგოშვილებს; აბდურაჰმან ნასაგაევს, ქიმრან მაჩალიკაშვილს, ისლამ და ვაალიდ ქავთარაშვილებს.

    ზაქათი ისლამში ერთგვარი ქველმოქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი გაიღებს მოწყალებას სხვისი კეთილდღეობისთვის. ვინც ზაქათის გაცემაშია ჩართული, თავდაუზოგავად, თავმდაბლად და ჯილდოს გარეშე ეხმარება გაჭირვებულებს.

    სასურსათო პაკეტების დარიგებასთან ერთად მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობებზე.

    ნაზის მიაჩნია, რომ შესაძლებელია პროგრამის გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება, თუმცა საჭიროებს ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას.

    თუ მეწარმე ხართ და სურვილი გაქვთ გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროთ, „ზაქათის“ პროგრამის საშუალებით, ამის გაკეთება შემდეგნაირად შეგიძლიათ: 100 ლარად შეიძინოთ 1 სასურსათო პაკეტი (შაქარი, მარილი, ზეთი, ჩაი, შვრია, ფქვილი და ბრინჯი), რომელიც ოჯახს 1 თვის განმავლობაში ეყოფა. ასევე, შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ წამლების, მკურნალობის ხარჯის ან საავადმყოფოში ვიზიტისთვის ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებით.

    დღესვე პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში მცხოვრებმა ალი ქავთარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს, საკობიანოში რამინას საცხობში მივედი პურის საყიდლად და გამყიდველს 5 ლარი მივაწოდე. 5 პური მომცა და ჩემი ხუთლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი. დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა, ფული დატოვა და თქვა, ვინც პურზე მოვა, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცით, ასე თქვა, ჩემს ვინაობას ნურავის ეტყვითო“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]