• რა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ დედისფერულში

    ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 00:50 view 2982
    ფოტოზე - დედისფერულის მკვიდრი ელენე თეთრაული ფოტოზე - დედისფერულის მკვიდრი ელენე თეთრაული

    „გზა არ ვარგა. აი, როგორ ტალახში ვდგავართ, უჩექმოდ გარეთ ვერ გამოვდივართ. ტრანსპორტი არა გვყავს, რომ კვირაობით მაინც საქმეზე (ბაზარში) წაგვიყვანოს და მოგვიყვანოს. ბევრი რამე გვიჭირს, ცოტა კი არა“.

    „ერთი მარშუტკა იყო, დადიოდა. იმანაც თავი გაგვანება და დავრჩით ასე. რაც ეს მთავრობა მოვიდა, ჩვენ სიკეთე არ გვინახავს ბიძაის კაცო. კი დაგვპირდებიან, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, მაგრამ არაფერი არა კეთდება“.

    ლადო ცხვირაშვილი და ეთერ თორღვაშვილი ცოლ-ქმარი არიან, პანკისის ხეობაში, დედისფერულში ცხოვრობენ. დედისფერული ფშავლებით დასახლებული სოფელია. ოცდაათამდე ადამიანი ცხოვრობს.

    სოფელში არაფერი აქვთ, არც საბავშვო ბაღი, არც დაწყებითი სკოლა, არც მაღაზია, არც ამბულატორია. სოფლის გზებიც ისეთია, ბევრგან ფეხით გავლაც ჭირს. ყველაზე მეტად უტრანსპორტობა აწუხებთ.

    ვერ იხსენებენ, ახმეტის გამგებელი როდის იყო დედისფერულში.

    - რომ მოსულიყო, რას მოსთხოვდით?

    - „გზასა და მარშუტკასა. ახმეტამდე 19 კილომეტრია და ტაქსით მგზავრობა 15-20 ლარი ღირს. კვირაობით მაინც წაგვიყვანოს რამემ ბაზარში და მერე უკან წამოგვასხას“.

    „თვითონა ცეკვავენ და ხალხი შიმშილით იხოცება“ - გვეუბნება ეთერ თორღვაშვილი და Tik Tok-ზე გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთადაა გადაღებული. ეს ვიდეო ქართულმა ტელევიზიებმაც გაავრცელეს.

    „არჩევნები რომ არის ხოლმე, ლოგინში დაწოლილი, ავადმყოფი ავმდგარვარ და წავსულვარ. პირნათლად ვასრულებს ჩემს მოვალეობას“, - ხელისუფლების მუშაობით ელენე თეთრაულიც უკმაყოფილოა, მაგრამ „მაინც არ ვუღალატებ. ამ არჩევნებზეც წავალ და ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, იმას მივცემ ხმას. ყველა რომ მიდიოდეს და მონაწილეობდეს, იქნებ რამე საშველი ყოფილიყო“.

    ელენე თეთრაულს სოციალური დახმარება 2016 წელს მოუხსნეს. მას შემდეგ, ყოველ გაზაფხულზე წერს განცხადებას, რომ დახმარება დაუნიშნონ.

    „60 ლარიანი დახმარება მქონდა. მომიხსნეს. წელიწადში ერთხელ შეგიძლია შემოიტანოო განცხადება. ვწერ და ყოველ წელს გაზრდილი ქულა მოდის. კაცო, არაფერი მიყიდია, ეს სახლი ინგრევა, მე ისევ მარტო ვარ, პენსიონერი და ქულას როგორღა ზრდიან, ახალგაზრდა ხომ არ ვხდები, ვბერდები“.

    ლადოსგან, ეთერისგან და ელოსგან მოშორებით ცხოვრობს ომარ ჯველაური. „ყველაზე ცუდ დღეში მე ვარ იმიტომა, რომ არც პენსია მაქვს ჯერ, ერთი წელი მაკლია და არც სადმე სამუშაოა. ხან ტყეში დავდივარ სოკოზე, ხან ვინმეს ვეხმარები და ეგრე გამაქვს თავი“.

    მამაპაპისეული სახლი რამდენიმე წლის წინ დაენგრა. იქვე, ეზოში, ხის პატარა ფიცრული ააგო და თავს აფარებს. მძიმე პირობებშია. სამ წელზე მეტია, რაც უშუქოდაა.

    „ორ-სამჯერ ვიყავი გამგებელთანა, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. სამი წელია ბნელაში ვარ. ძნელია მარტოკა, როცა არც ტელევიზორი გაქვს და არც არავინ გელაპარაკება, მუნჯივითა ხარ რა.

    ბევრი ცხოვრობდა დედისფერულში. ეჰ, მეზობლები სადღა არიან, ახალგაზრდა აქ არ იცხოვრებს და მე კიდე არსად წავალ იმიტომა, რომ ჩემი სამშობლო არის. ტკბილია, აქ გავიზარდე, აქ ავიდგი ფეხი“.

    სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ომარი ჯველაურის შესახებ ფეისბუქში ინფორმაცია გაავრცელა ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ გოზალიშვილმა, რის შემდეგაც მერიის წარმომადგენლებმა მას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს, მცირეოდენი სურსათი და ძველი ტელევიზორი გადასცეს, რომელიც არცერთ არხს არ აჩვენებს.

    რედაქციისაგან: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა პანკისის სათემო რადიოს სატელეფონო ზარებს ტრადიციულად არ უპასუხა. მერი დედისფერულში რომელიმე პრობლემის გადასაწყვეტად რამეს თუ გააკეთებს, რადიო მას ეთერს დაუთმობს. ოღონდ, ისე არა, ომარი პაპას ძველი ტელევიზორი რომ გაუგზავნა და ამით პიარის გაკეთებას ცდილობდა რამდენიმე საინფორმაციო საშუალების გამოყენებით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]