• როგორ გავბევრდეთ

    პარასკევი, 08 მაისი 2020 22:39 view 11304
    ფოტოზე - სულხან ბორძიკაშვილი, ლუიზა მუთოშვილი, რამზან გორგიშვილი ფოტოზე - სულხან ბორძიკაშვილი, ლუიზა მუთოშვილი, რამზან გორგიშვილი

    ყველაფერზე, რაც სჭირდებათ და აინტერესებთ, ყოველ ორშაბათს, საღამოს 5 საათზე რადიოკაფეში ხვდებიან. რადიოკაფე თავისუფალი სივრცეა, ოღონდ ჯერ მხოლოდ რადიოა.

    ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს, საღამოს 5 საათზე

    ორშაბათს ლუიზა მუთოშვილმა მსმენელსა და მაყურებელს უამბო, რომ USAID-მა პანკისის მოსახლეობისთვის მცირე გრანტების პროგრამა გამოაცხადა. ვისაც მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მებოცვრეობის, კენკროვანი კულტურებისა და ბოსტნეულის წარმოების, ტურისტული მომსახურებების წამოწყება ან განვითარება სურს, ამერიკელი ხალხისგან საჩუქრად 10 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა აქვს. პროგრამის კოორდინატორმა ნიკა გვიშიანმა ისაუბრა, რომ პრიორიტეტი ქალებსა და ახალგაზრდებს მიენიჭებათ. პროექტების მიღების ბოლო ვადა 15 მაისია.

    რადიოკაფედან გავიგეთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს კონკურსს. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა 25-30 ათასი ლარი იქნება. უპირატესობა აქაც სოფლის მეურნეობისა და შიდა ტურიზმის განვითარებას მიენიჭება. ამ მხრივ კი პანკისის ხეობას კარგი პოტენციალი აქვს.

    „ეს შესაძლებლობაა, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომ ახალგაზრდები აქედან არ გარბოდნენ - აქვე, ხეობაში, რეგიონში მოახერხონ დამკვიდრება. როცა შემოსავალი აქვთ, საზოგადოებრივ საქმეებშიც უფრო აქტიურები არიან.

    ყოველდღიურად მხოლოდ იმაზე რომ გიწევს ფიქრი, ოჯახს როგორ მიხედო, აუცილებელი სოციალური საჭიროებები როგორ გადაწყვიტო, სამწუხაროდ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრისა და მათი გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობისთვის დრო აღარ გრჩება, მერე სურვილიც იკარგება და ასე იწყება უძრაობა“, - „რადიოკაფეს“ წამყვანი და მასპინძელი ლუიზა მუთოშვილი ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი სამოქალაქო აქტივისტია - იქ დგას, სადაც უნდა იდგეს.

    აქტიური საზოგადოების იდეის გარშემო, ორი-სამი წლის წინ, ხეობაში ბევრად მეტი ახალგაზრდა იყო გაერთიანებული. ლუიზას კარგად ესმის, რატომ წავიდნენ პანკისიდან მისი თანატოლები და ორ მთავარ მიზეზს გამოყოფს - „მთავრობის უსამართლო პოლიტიკა და უპერსპექტივობა.

    პრობლემების წარმოჩენით, ღია დისკუსიებითა და მოქალაქეთა ინფორმირებით, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაა სათემო რადიოს ახალი გადაცემების მიზანი.

    ოთხშაბათს, 17:00 საათზე, „ფოკუსის“ თემა სოფლად ტურიზმის განვითარება იყო. გადაცემის წამყვანები სულხან ბორძიკაშვილი და რამზან გორგიშვილი სტუმრებთან ერთად მსჯელობდნენ, რა უნდა გაკეთდეს ხეობაში შიდა ტურიზმი განვითარებისთვის, პანკისს მეტი ქართველი ვიზიტორი რომ ესტუმროს - აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე; ადგილობრივი წარმოების განვითარება; ქოჩადალას, ლამაზურის, სამყურას ხელუხლებელი ხეობების პოპულარიზაცია; პანკისიდან უკანაფშავში, ხევსურეთსა და თუშეთში ტურების მოწყობა - შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ.

    „არ გაისუსო“ სულხანთან და რამზანთან ერთად, ეთერში ყოველ შაბათს არის, ტრადიციულად 17:00 საათზე. რატომ ეს სახელი - ვკითხეთ სულხანს: „ამ გადაცემას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ხეობაში, რაიონში, რეგიონში, მთელს ქვეყანაში, ყველგან და ყველაფერში, ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, რაც მათ ეხებათ და არ ეხებათ, რაც მათ მოვალეობებს საერთოდ სცილდება, მაინც. სუსი წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს, იმასაც კი, ვინ სად დასაქმდეს.

    ჩვენ კარგად ვხედავთ პანკისში ყოველდღიურად მზარდ რუსულ პროპაგანდას, აქტივობებს, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ჩვენ ამ პროპაგანდასაც აქტიურად შევებრძოლებით. პირველ რიგში სუსი უნდა ებრძოდეს ამას.

    სუსი მართავს მერიას, საკრებულოს, ყველას და ყველაფერს. ეს არასწორია. გადაწყვეტილებებს ხალხი უნდა იღებდეს. ამ პროცესში მოქალაქეები უნდა ვმონაწილეობდეთ. ასეთია დემოკრატია. ხელისუფლება ხალხის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული და არა მხოლოდ სუს-თან.

    ეს არ არის ერთადერთი - მოქალაქეები ხშირად არ ან ვერ ვსაუბრობთ ბევრ თემაზე სხვადასხვა მიზეზის გამო - შიში, ჩაკეტილობა, „ხელშეუხებელი საკითხები“, მოსალოდნელი რეაქციები და სხვა. სწორედ ამიტომ, გვინდა, წამოვწიოთ ის თემები და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არ საუბრობენ“.


      

    პანკისის სათემო ორგანიზაცია პრობლემების გადასაწყვეტად

    ლუიზა: საქმე ბევრია, თუ არ გავბევრდით, გაგვიჭირდება.

    სულხანი: რესურსი დიდია, მოძიება და ჩართვაა მთავარი. ისინი, ვინც იყვნენ ჩართულები, წავიდნენ და ახლა რა გვაქვს, ვინც არიან დარჩენილები, მათი ჩართვა ჭირს, თვითონაც არ ერთვებიან.

    რამზანი: მათი მხრიდანაც არ არის დაინტერესება და რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მოვახდინოთ მათი ჩართვის სტიმულირება.

    სულხანი: რაღა გავაკეთოთ მეტი?

    ლუიზა: იცი, მე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ არ ვუსმენთ მათ. განსხვავებული ინტერესები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რაღაც საკითხები რომლებიც ჩვენ გვაწუხებს, შეიძლება, იგივე საკითხი უმრავლესობას არ აწუხებდეს. საერთოობის განცდა რომ გვქონდეს ახალგაზრდებს, ქისტებსაც და ფშავლებსაც, რაღაც გვჭირდება, ყველა რომ ვიყოთ პროცესის მონაწილე, თავიდანვე რომ ჩაერთო და შენი მონაწილეობით ცვლილებები რომ მოხდება, ვფიქრობ, ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის“.

    პანკისის სათემო რადიოს ოფისში, ხეობაში მცხოვრებ ქისტ და ფშაველ ახალგაზრდებს შორის გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი პანკისის სათემო ორგანიზაციის დაფუძნებას. საქართველოში მთის სათემო ორგანიზაციების დაარსებასა და მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებას მხარს აშშ-ს საელჩო უჭერს. პროექტს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს.

    ბოლო 20 წლის განმავლობაში, პანკისის კრიზისის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქისტები და ქართველები საერთო პრობლემების გადაწყვეტაზე ერთობლივად იმუშავებენ.

    „მართალია, ძალიან დიდი ხანია, რაც ქისტები და ფშავლები გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, მაგრამ, აქამდე არ გვქონია ისეთი ურთიერთობები, რომ ერთად გვემსჯელა, ერთად გაგვეკეთებინა, ერთად შევჭიდებოდით საერთო პრობლემების გადაწყვეტას.

    თითქოს ჩვენ ის არ გვაწუხებდა, რა პრობლემებიც ფშავლებით დასახლებულ სოფლებში არსებობს. ამაზე არაფერი გვითქვამს, არ გვიხმაურია და რა პრობლემებიც დანარჩენ, ქისტურ სოფლებშია, ამაზე ფშავლებს არ ჰქონიათ რაიმე პოზიცია გამოხატული. პანკისის სათემო ორგანიზაციაში, ერთობლივი აქტივობებით, პირველ რიგში აღვადგენთ ხიდს ფშავლებსა და ქისტებს შორის, ერთმანეთის მიმართ არსებულ არასასიამოვნო დამოკიდებულებასაც შევცვლით“, - სულხანის მოლოდინებს სოფელ საკობიანოში მცხოვრები თამარ გოზალიშვილიც იზიარებს:

    „ერთ პატარა, ჩაკეტილ ხეობაში ვცხოვრობთ და თითქმის არ გვაქვს ურთიერთობები. მინდა, რომ ეს აღდგეს და ერთად ვიზრუნოთ პრობლემების მოსაგვარებლად. სათემო ორგანიზაციიდან ველით, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყობთ ხელს სოფელში დარჩნენ და ეკონომიკურად გაძლიერდნენ, აქტიურები იყვნენ“.

    პანკისის სათემო ორგანიზაცია მალე მთის სათემო ორგანიზაციების ქსელის წევრი გახდება.

     

    პეტიცია მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით

    თამარმა, ლანამ, სულხანმა, რამზანმა, ომარმა და ლუიზამ, ერთ დღეში 350-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. პეტიციით, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენენ, პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ.

    მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობის 15 სოფელში 6 738 ადამიანი ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და საარსებო შემწეობის მიმღებია. ხეობაში 10 სკოლაა, სადაც 1210 მოსწავლე სწავლობს.

    გასული წლის ნოემბერში, პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა. კვლევა სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე და პირიქით, მგზავრთა გადაყვანა ე.წ. კერძო „მარშუტკებით“ ხდება, რომელთა განრიგიც მოუხერხებელი და ცვალებადია. ხშირად კერძო გადამყვანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. დიდი სოფლიდან (დუისი) მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე, პროფესიულ განათლებაზე.

    მუნიციპალური ტრანსპორტის უქონლობა პანკისის სოფლებში მასობრივი უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი მიზეზია, რადგან დასაქმების მსურველი პირები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. თვითონ ხეობაში კი საწარმოები არ ფუნქციონირებს.

    კანონის თანახმად, საკრებულომ პეტიცია მაქსიმუმ 2 თვეში უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

    „რა პრობლემების მოგვარებასაც ვითხოვთ, საკრებულოში რომ თანამოაზრეები გვყავდნენ, უფრო მალე და მეტ შედეგს მივიღებდით“, - ლუიზას მიაჩნია, რომ საკრებულოსთან მეტი მუშაობაა საჭირო.

    11 მაისს, 17:00 საათზე, „რადიოკაფეში“ ლუიზა მუთოშვილი პროექტების წერის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგის გამოცდილ სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც პანკისის მცხოვრებლებს რადიოტრენინგით ასწავლიან, 15 მაისამდე, USAID-ის გრანტის მოსაპოვებლად, ბიზნესიდეები როგორ მოამზადონ.

    რადიოკაფე თავისუფალი სივრცე უკვე არის, რაც აკლია - პატარა სოციალური საწარმოა, სადაც მიხვალ, ერთდროულად დაისვენებ და დაიღლები კიდეც; სხვებსაც მოუსმენ და სხვებიც მოგისმენენ; ყავას, ჩაის, ტყის ხილის ნატურალურ წვენებს, ქისტურ ლუდს მიირთმევ; რასაც დახარჯავ, გეცოდინება, რომ ისევ პანკისში, ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას მოხმარდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]