• ქუჩაში შორტებით გასვლის გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს და დაზიანებები მიაყენეს

    სამშაბათი, 18 აგვისტო 2020 16:42 view 8902
    ქუჩაში შორტებით გასვლის გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს და დაზიანებები მიაყენეს

    პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო, კიდევ ორ ადამიანს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს, სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა. წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მაგრამ მოძალადეები არც ამ საქმეზე დაუკავებიათ.

    ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა. გელა წელაურს პანკისის ხეობაში, სოფელ ყვარელწყალში სახლი აქვს. ყვარელწყალი ფშავლებითა და ეთნიკური ქისტებით დასახლებული სოფელია.

    „თბილისიდან მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩამოსული, ეზოს მივხედეთ, ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდით. წასვლამდე კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო. ხინკლის წასაღებად რომ მივედით, მე კაფეში შევედი, ჩემი შვილი მანქანასთან გაჩერდა. მალევე კაფედან დავინახე, რომ ჩემს შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გარეთ გამოვედი. ვიკითხე, რა ხდებოდა.

    რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას.

    მე ვუთხარი, აგერ ხინკალი გვაქვს შეკვეთილი, მოდი, შევიდეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ და დავმეგობრდეთ მეთქი. რაში მჭირდება შენნაირთან მეგობრობაო. ამ დროს სახინკლედან ქალები გამოვიდნენ და გაშველება დაიწყეს. ეს ახალგაზრდები გაღიზიანდნენ და ხელი მკრეს. წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენ. ჩემი შვილიც ცემეს. სამივე მონაწილეობდა, მაგრამ ისლამ ფარეულიძე ყველაზე მეტად აქტიურობდა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს გელა წელაურმა. მას მარცხენა ხელის ხაზოვანი მოტეხილობა აქვს, აღენიშნება დაჟეჟილობები თვალბუდისა და თავის არეში. სამედიცინო დახმარება თბილისში, მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გაუწიეს.

    გელა წელაურმა პოლიციას რეაგირებისათვის 9 აგვისტოს მიმართა. გამოძიება იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 10 აგვისტოს წელაურს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. დღეს ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილებაში მეორედ იკითხება. გამოძიების დაწყებიდან 8 დღე გავიდა. პოლიციას არავინ დაუკავებია. წელაური ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. მან 2 პირი უკვე ამოიცნო, მესამე კი სამართალდამცავებს ჯერ არ წარუდგენიათ. 

    პანკისის სათემო რადიო იმ კაფეს თანამშრომლებსაც ესაუბრა, სადაც ინციდენტი მოხდა. თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ შელაპარაკება შორტების გამო დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხლა-შემოხლა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. დანაშაულის ადგილს მარცხენა მხრიდან პოლიციის ვიდეოკამერა უყურებს, წინა მხრიდან კი იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ვიდეოთვალი. პოლიციაში არ განმარტეს, გამოძიებამ ამოიღო თუ არა ვიდეოკამერების ჩანაწერები. 

    დანაშაულში მხილებულ ახალგაზრდებს, რომლებიც წელაურის დაკითხვის დროს, პოლიციის შენობის წინ იყვნენ, კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

    ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო თავდასხმის პირველი შემთხვევა.

    2019 წლის 20 ივნისს, სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა პრეტენზიის არქონის მიზეზით.

    ამ შემთხვევიდან მალევე, სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. პოლონელი ტურისტების მეორე ჯგუფი კი ჯოყოლოში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმროში შეაბრუნა და ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

    ძალადობისა და მუქარის არცერთ ფაქტზე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

    ამავე მიზეზით, ფიზიკური შეურაცხყოფის კიდევ რამდენიმე ფაქტის შესახებ იცის პანკისის სათემო რადიომ, თუმცა დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

    ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილება სოფლის შესასვლელშია. სამართალდამცავებმა ქუჩაში თუ შენიშნეს პირი, რომელსაც შორტები აცვია, თვითონვე აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ასეთ დროს, ტურისტები საოჯახო სასტუმრომდე პოლიციის მანქანით გადაჰყავთ.

    რატომ არის მიუღებელი პანკისელების ნაწილისთვის მოკლე შორტებით გადაადგილება, მათ შორის საჯარო სივრცეში და არამხოლოდ ვინმეს კერძო საკუთრებაში? ადგილობრივი მცხოვრებლები ამას რელიგიური წესებით ხსნიან.

    აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ყურანში მოკლე შორტების გამოყენებაზე არაფერი წერია, თუმცა რეგლამენტი მის გამოყენებას არასასურველად მიიჩნევს: „ცემა საერთოდ არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში იქ რელიგიური პირის განჩინება უნდა იყოს, საქართველოში კი შარიათის კანონმდებლობა არ მოქმედებს“.

    „რელიგიურად მამაკაცის დასამალ ადგილად ჭიპიდან მუხლებამდეა მიჩნეული, ქალის შემთხვევაში კი ხელებისა და სახის გარდა, ყველაფერი.

    ვინმეს თუ შორტი აცვია, ვიღაც მივიდეს და ცემოს, სრულიად გაუმართლებელია. შეიძლება აუხსნა, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ, სხვაგვარად ვიცვამთ, სხვანაირი ტრადიცია გვაქვს. თუ ამას პატივს სცემენ, გაგვიხარდება და ვფიქრობთ, უფრო მეტად გვმართებს ურთიერთპატივისცემა. მაგრამ ვინც არ გაითვალისწინებს ან არ იცის ამის შესახებ, მიხვიდე და ფიზიკურად გაუსწორდე, დაუშვებელია.

    თუ სახლში, ეზოში, ჩემს კერძო საკუთრებაში შემოდის ან შემოვა, მაშინაც ავუხსნი და ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს. თუ არ დამეთანხმება, შეიძლება არ მივიღო, მაგრამ ცემას გამართლება არ აქვს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ვახტანგ ფარეულიძემ, არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტმა.

    დაუსჯელობაა შორტებით გადაადგილების გამო გახშირებული ძალადობის მიზეზი - მიაჩნიათ პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს.

    „ჩემი საკუთარი შვილიც რომ იყოს, ჩემი ახლობელიც რომ იყოს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა მოახდინოს რეაგირება. შენიშვნა მაინც მისცენ, გააფრთხილონ მაინც, რომ შემდგომში ასეთი ინციდენტი აღარ განმეორდეს. დაუსჯელობით გათამამებულმა შეიძლება უარესი ჩაიდინოს, სხვა ახალგაზრდამ, თუნდაც იგივემ“, - ამბობს ეთერ ციხესაშვილი, დუისში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.

    „პოლიციამ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება. თუ თავდამსხმელმა ვერ იგრძნო, რომ ამის საპასუხოდ რაღაცას მიიღებს, ასეთი ფაქტები კიდევ მოხდება“, - აღნიშნავს ლეილა აჭიშვილი, ჯოყოლოში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

    გელა წელაური ფიქრობს, რომ მომხდარის გახმაურების გამო, შესაძლოა, პრობლემები კვლავ შეუქმნან, თუმცა სამართალდამცავებისგან მოძალადეების დასჯას მაინც ითხოვს.

    (მასალა განახლებულია - დამატებულია დანაშაულის თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაცია)

     

    ამ თემაზე:

    შორტებით სიარულის გამო ნაცემი მამა-შვილის ინტერესებს «უფლებები საქართველო» დაიცავს

    22 წლის ისლამ ფარეულიძე დააკავეს პანკისში ჩაცმულობის გამო 2 ადამიანის ცემისათვის

    პანკისში მომხდარ ძალადობაზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]