• ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ჰესს, რომელიც საფრთხეებს ქმნის - გიორგი ბოტკოველი პანკისის ჰესებზე

    ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 23:15 view 2532
    ფოტოზე გიორგი ბოტკოველი ფოტოზე გიორგი ბოტკოველი

    მისი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მოცულობითია - გამოკვეთილად ეხება თელავს, მოკლედ მიმოიხილავს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების 5 პუნქტიან გეგმას. ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყურძნის მინიმალური ფასის გაზრდა, სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, მდინარეების კალაპოტებისა და ხევების გაწმენდითი სამუშაოები, თელავში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სოფლებში შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. პირობას დებს, რომ კახეთის ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი - გომბორის გვირაბის მშენებლობა განხორციელდება. პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს გიორგი ბოტკოველმა უპასუხა, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

    - პირველი რაც გვინდა გკითხოთ, კანონით დეპუტატის საქმიანობა სხვაგვარადაა განსაზღვრული. მისი უპირველესი მოვალეობაა პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა, საკანონმდებლო ინიცირება, პარლამენტისთვის მოქალაქეთა წერილებისა და მიმართვების გაცნობა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ა.შ. თქვენი, ისევე როგორც დეპუტატობის სხვა კანდიდატების საარჩევნო პროგრამები უფრო მეტად იმ საკითხებს მოიცავს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, თქვენ, შესაძლოა, განახორციელოთ ამ საკითხების ლობირება ბიუჯეტის განხილვის დროს, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით, მაგრამ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამით რატომ ცდილობთ ის ვალდებულებები იკისროთ, რაც მაჟორიტარის საქმე არ არის და ეს პირდაპირ ან ირიბად, ხომ არ მიგვითითებს იმაზე, რომ მაჟორიტარად თქვენი არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა ისევ ისეთი დაკნინებული, ფაქტობრივად უფლებააყრილი იქნება, როგორიც იყო 2012 წლამდე და როგორიც არის ახლა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში?

    - სამწუხაროდ, დღეს თვითმმართველობა ვერ დგას იმ სიმაღლეზე, სადაც უნდა იდგეს. დეპუტატის და ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არსებობდეს რეალური თვითმმართველობა და არა ის, რაც დღესაა.

    გვყავს არჩეული მერები, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რა უფლებები აქვთ მათ და როგორ იმართებიან უსაფრთხოების სამსახურებიდან და ცენტრალური ხელისუფლებისგან. ეს ჩვენი ხელისუფლების პრობლემაც იყო.

    საინტერესო და ირონიული ფაქტის წინაშე დავდექით 2017 წელს, როდესაც თვითმმართველობებს, მათ შორის ქალაქ თელავის საკრებულოს წევრებს ხელი ააწევინეს საკუთარი თავის გაუქმებაზე.

    ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ 12 ქალაქისთვის (აქედან 7 ქალაქს უკვე გაუუქმეს) თვითმმართველის სტატუსი მიეცათ, მაშინვე ნაჩქარევი იყო, თითქოს იმისთვის გაკეთებული, რომ დაპირება, რომელიც დადებული ჰქონდათ, სწრაფად შეესრულებინათ. არ იყო გაწერილი კრიტერიუმები - რას უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული ქალაქი, რომელიც შეიძლება იყოს თვითმმართველი. ყველა ქალაქი იმსახურებს, რომ იყოს თვითმმართველი, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად ყველა ღონისძიება უნდა იყოს გატარებული, რომ ის პრობლემები მოაგვაროს, რომელმაც ხვალ მის სტატუსს შეიძლება პრობლემა შეუქმნას.

    - თქვენს საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ განხორციელდება გომბორის გვირაბის მშენებლობა, რაც თქვენივე ინფორმაციით უნდა გაკეთებულიყო 2013-2015 წლებში. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის, თუმცა სპეციალისტების დასკვნით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით. მის დაკეტვასაც კი ითხოვდნენ. გომბორის გვირაბის მშენებლობის იდეის შესახებ, 2012 წლის მარტში, ნამდვილად მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან, თუმცა არც მაშინ არსებობდა პროექტი, შესაბამისი კვლევები და არც მას შემდეგ არსებობს რაიმე დოკუმენტი. 2017 წლის მაისში კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც ამ არჩევნებში თქვენი კონკურენტია, განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის საკითხს იხილავდა. როცა საარჩევნო პროგრამით ამომრჩეველს ჰპირდებით, რომ გომბორის გვირაბი აშენდება, არსებობს და გაქვთ თუ არა გეოლოგიური და სხვა კვლევები, რაც ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას დაადასტურებს?

    - არ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამის პროექტი ან კვლევა არ არსებობდა. ჩემმა კონკურენტმა და იმ დროს გუბერნატორმა მოიტყუა. მე დაზუსტებით გეუბნებით, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროში ყველაფერი - წინამოსამზადებელი დოუმენტაცია არსებობს და გადაწყვეტილებაც, რომ 2013 წელს უნდა დაწყებულიყო გვირაბის მშენებლობა. კონკრეტული წერტილები იყო განსაზღვრული, თუ საიდან უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო, რა პრობლემას ხსნიდა ეს ყველაფერი, რამდენად ამარტივებდა ადამიანების მოძრაობას და რამდენად უსაფრთხოს ხდიდა მას, რაც ყველაზე მნიშნელოვანია.

    - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება, პანკისის ხეობის მიმართ გამოირჩეოდა რეპრესიული პოლიტიკით. მაგალითად, როცა 2005 წელს, სპეცრაზმმა ავთო და ვახო გუმაშვილები სახლში გამოწვა; ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც 7 ადამიანის ლიკვიდაცია განხორციელდა და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე გვამებით ევაჭრებოდა გარდაცვლილთა მშობლებს, რომ ცხედრებს იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ ჟურნალისტებს ხეობას დაატოვებინებდნენ. არცერთი საქმე არ არის გამოძიებული არც ხელისუფლებაში თქვენი პარტიის ყოფნისას და არც მერე. რატომ?

    - ვერ გავექცევი პასუხისმგებლობას. არცერთ იმ თანამდებობაზე არ ვიყავი, სადაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არ ვყოფილვარ ჩართული უშუალოდ ამ პროცესში, მაგრამ რაც მოხდა, ამ ყველაფერზე უნდა საუბრობდეს გამოძიება. მე დღეს პასუხის გაცემა მიწევს, როგორც იმ გუნდის წარმომადგენელს.

    პასუხის გაცემა მოუწევს მას, ვინც პასუხისმგებლობა აიღო და ხალხს შეპირდა, რომ ამას გამოიძიებდა. ხალხმა, მათ შორის პანკისის ხეობამ, მართლა გადაწყვიტა, რომ აერჩია ის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს დაპირდა. ის, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს და თუ ხდება და საჭიროდ ჩათვლიან შესაბამისი სტრუქტურები, რომ რაიმე სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს, კონკრეტული პასუხების გაცემის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ.

    - 2018 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პანკისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლში მოკლა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ საქმესთან დაკავშირებით, თქვენს პარტიას მოკლული ახალგაზრდის მშობლების მიმართ აქტიურად მხარდამჭერ პოზიციაში ვხედავთ. ეს საქმეც დღემდე არ არის გამოძიებული და მთელი სახელისუფლებო მანქანა გარდაცვლილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მუშაობს. ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. რამდენჯერმე დადგა საკითხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. როგორი იქნება თქვენი პოზიცია მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში?   

    - ეს არის ფაქტი, რაზედაც ხელისუფლებამ პასუხის გაცემა არ ინება. იმის მაგივრად, მაქსიმალურად დაერწმუნებინათ მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, მაშინვე თქვეს, რომ არა, ჩვენ გამოძიებას ვწყვეტთ, იმიტომ, რომ ასე გვინდა და არ დაისჯება არავინ.

    ერთ რამეზე მინდა იმედიანად ვიყო, რომ ბატონ მალხაზს არ დასჭირდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა. მას ეს დასჭირდა მაშინ, როდესაც ნახა, რომ სხვა გზა არ არსებობდა და პასუხისმგებელი ორგანოები, რომლებიც ამ ყველაფერს უნდა იძიებდნენ, არ აკეთებენ ამას. სწორედ ამიტომ მან იმედი დაინახა საგამოძიებო კომისიის შექმნაში, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ისიც ჩავარდა.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, ბატონ მალხაზს არ დასჭირდება შემდეგი პარლამენტისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნა, იმიტომ, რომ იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩაატარონ საფუძვლიანი, სამართლიანი გამოძიება, ხელისუფლებისგან არ ექნებათ ჩარევა.

    - როცა პანკისში და ხეობის მიმართ უსაფრთხოების სამსახურის ტოტალურ კონტროლსა და ამავე დროს უსამართლო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახიფათო პოლიტიკას ვუკავშირებთ 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობასაც, რომელიც ჰესების მშენებლობის მიმართ პროტესტის და ამ საკითხზე გვარებს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო, 2019 წლის 27 ნოემბერს, დღისით, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ხეობის მოსახლეობის ნაწილი პანკისში მესამე და მეოთხე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. არსებობს დამოუკიდებელი დასკვნები, რომლის მიხედვითაც ჰესების მშენებლობა ხეობაზე უარყოფითად იმოქმედებს მრავალი მიმართულებით. ხელისუფლებასთან, სუს-თან დაახლოებულ ინვესტორთან ბრძოლაში მოსახლეობას არასდროს ჰქონია მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის მხარდაჭერა. როგორია თქვენი პოზიცია?

    მე არასდროს ვიქნები იმ პროექტის მომხრე, რომელიც ზიანს შეუქმნის ადამიანების ყოფას. ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რაც ხეობაში მოხდა გასულ წელს. ზუსტად ხელისუფლების არასამართლიანმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვა.

    ამ მიმართულებითაც არ მიმდინარეობს სამართლიანი გამოძიება.

    რაც შეეხება პროექტს, ის არ უნდა განხორციელდეს. ეს მხოლოდ პანკისის ხეობის პრობლემა არ არის. ეს მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ახმეტის პრობლემაა, ზემო და ქვემო ალვნების პრობლემაა. ფაქტობრივად, ეს არის ამ მუნიციპალიტეტის 80 %.

    პირდაპირ ვიტყვი, ხელისუფლებამ პანკისის ხეობასთან ყველა მორალური ბრძოლა წააგო ამ ჰესთან მიმართებაში. მათ არ უზრუნიათ, დაერწმუნებინათ ადამიანები იმაში, რომ ეს არ არის თქვენი ცხოვრების, ჯანმრთელობის საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა არავითარ შემთვევაში არ ექნება ამ ჰესს, რომელიც აზიანებს ადამიანების ცხოვრებას.

    - ამ საკითხების კრიტიკულად გაშუქების გამო, უკვე 2 თვეა პანკისის სათემო რადიოს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა პირის თუ ჯგუფის გამოყენებით. ხეობაში 2 აქცია გაიმართა რადიოს და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებით, რადიომ მაინც გააგრძელა მუშაობა, რის შემდეგაც მერიამ იმ შენობის აქუციონზე გატანა გადაწყვიტა, სადაც მცირე ფართში რადიიოსტუდიაა განთავსებული, სადაც ამ დისკუსიებს ვაწყობთ და თავისუფალი სივრცეა. 7 ოქტომბერს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო, სადაც მერია შენობის პრივატიზებაზე თანხმობას ითხოვდა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამოხმაურების შემდეგ, მერიამ საკითხი არჩევნებამდე უკან გაიწვია. რა პოზიცია გაქვთ თქვენ?

    - რა არის დღევანდელი მთავარი ხელისუფალის ივანიშვილის მმართველობის სტილი - იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს ოლიგარქი, უფრო ნაკლები განათლებული ადამიანი უნდა იყოს, ნაკლები მდიდარი ადამიანი უნდა იყოს, ჯანსაღი ცხოვრებით მცხოვრები ნაკლები ადამიანი უნდა იყოს.

    ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს თავისუფალი გადაწყვეტილებების უფლება უნდა მივცეთ და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინიციატივა, რომ სუს-ი როგორც ასეთი ბინძური ორგანო, რომელიც დღეს არსებობს, უნდა გაუქმდეს და უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელსაც ექნება თავისი მიმართულება - ეს არის კონტრდაზვერვა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანა სავსეა რუსეთის აგენტებით და მეც პირადად თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ რუსეთიდან იმართება და ეს არის პირდაპირ ივანიშვილის მიზანი.

    სწორედ ამას უკავშირდება პირდაპირ - აი, ეს ოთახი და ეს ოფისი ხეობას საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყვნენ ადამიანები, უფრო მეტი განათლებული ადამიანი იყოს ხეობაში. ბრძოლა აქ შენობაზე კი არ არის, ბრძოლა არის თქვენთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ხეობაში ახალგაზრდების უკეთეს განვითარებაზე ფიქრობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]