• თავდაცვის მინისტრი პანკისში ვერტმფრენებით [Video]

    ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 16:46 view 4135
    თავდაცვის მინისტრი პანკისში ვერტმფრენებით [Video]

    „უცბად ისეთი ხმა შემოგვესმა, რომ გარეთ გამოვცვივდით, აქეთ მეზობელიც გამოვიდა, რა ხდებაო. გვეგონა რომ რუსებმა საჰაერო სივრცე დაარღვიეს და საქართველოში შემოიჭრნენ. ერთი, ორი, სამი ვერტმფრენი... შეგვეშინდა. თურმე მინისტრები ჩამობრძანებულან“, – ასე იხსენებს სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ლეილა აჭიშვილი 10 იანვარს, პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ვიზიტს.

    „მახსოვს ერთხელ მასხადოვი ჩამოფრინდა ჩეჩნეთიდან ვერტმფრენით, თორემ ისე, თვით სააკაშვილიც კი, ჯიპით დადიოდა აქ“, – ამბობს ლეილა.

    თინა ხიდაშელთან ერთად პანკისის ხეობაში ჩავიდნენ მისი მოადგილეები - ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე. თბილისიდან პანკისში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენით ჩაფრინდნენ ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც.

    თავდაპირველად ვერტმფრენები სოფელ ომალოში დასხდნენ. ხეობაში მთავრობის წარმომადგენლებს ვერტმფრენებით არ ელოდნენ. ამიტომ, ზოგიერთს შეეშინდა, ზოგს კი გაუხარდა და მინისტრის ნაცვლად სამახსოვრო ფოტო ვერტმფრენთან გადაიღო.

    მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ომალოში ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებს შეხვდნენ და ბიზნესპროექტებში მონაწილეობა შესთავაზეს. დაათვალიერეს ომალოს სკოლა, დაზიანებული კლუბის შენობა, ბიბლიოთეკა და მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემებზე დროულად რეაგირებას დაპირდნენ.

    თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ომალოში ახალგაზრდებსაც შეხვდა და ქართულ ჯარში აქტიურად ჩართვა შესთავაზა.

    „ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტად ჩაერთოს ხეობა, აქაური ახალგაზრდები ყველა იმ პროექტში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ ასეთი გასვლები დაგეგმილი გვაქვს მთელ საქართველოში და შემდეგი თვენახევრის განმავლობაში, შევეცდებით მოვიაროთ მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა ხეობა, ბევრი სოფელი, რათა პირადად ჩვენგან მიიღონ ეს დაპირება, რომ ქართული ჯარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

    მისივე თქმით, ქართულ ჯარში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სრულად არის დაცული და მათ პრობლემები არც ლოცვის, არც რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისა და არც კვების თვალსაზრისით არ შეექმნებათ. „არანაირ შეზღუდვას არ ვაკეთებთ არც კვებაზე, არც ლოცვაზე, არც დღესასწაულებზე, მაგრამ იერსახე ყველა სამხედროს ერთნაირი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

    მისივე თქმით, სამინისტრო გამოყოფს სპეციალისტებს, რომლებიც ადგილობრივ აბიტურიენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის მიზნით ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებენ.

    სოფელ დუისში თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები სხადასხვა სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნები სოფლებში გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემის გამართვაა. პრობლემურ საკითხებად საბავშვო ბაღების, სკოლებისა და გზების მოწესრიგებაც დასახელდა. პანკისის ხეობის არცერთი სოფელი გაზიფიცირებული არ არის; სოფელ დუმასტურში 7 თვეა საბავშვო ბაღი დაკეტილია და 27 ბავშვი სკოლამდელ განათლებას არის მოწყვეტილი; წინუბანში კი 2012 წელს დაბადებული ბავშვების უმრავლესობა საბავშვო ბაღს მიღმაა დარჩენილი. ავარიულ მდგომარეობაშია სოფელ წინუბანში არსებული დაწყებითი საჯარო სკოლის შენობა, რის გამოც მუდმივად არსებობს მოსწავლეების და მასწავლებლების ფიზიკური დაზიანების საფრთხე; ამ დრომდე ვერ დასრულდა მდინარე ალაზანზე რკინის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფლებს ჯოყოლოსა და დუმასტურს ერთმანეთთან დააკავშირებდა და რომლის აშენებაც 2013 წლის ზაფხულში დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაუსრულებელმა ხიდმა უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

    თავდაცვის მინისტრმა პანკისის მაცხოვრებლებს მოუწოდა, საკუთარი იდეები პროექტებად აქციონ და მიაწოდონ, რათა მათზე რეაგირება დროულად დაიწყოს.

    მედიისთვის დახურული იყო შეხვედრა „პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის“ და „უხუცესთა საბჭოს“ წევრებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ უხუცესებმა განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის საკითხსაც.

    „სირიის თემაც განიხილებოდა. მინისტრმა გვითხრა, მოგვაწოდეთ თქვენ რა აზრის ხართ, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. აქ, ადგილზე უმთავრესად თქვენზე არის დამოკიდებულიო. ჩვენ შევთანხმდით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმას მივაწვდით. აქ უნდა კომპლექსური მუშაობა, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტულ-საგანამანათლებლო და რათქმაუნდა რელიგიური კუთხით, საჭიროა ტრადიციული ისლამის გაძლიერება“, – აღნიშნა „უხუცესთა საბჭოს“ წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

    „უხუცესებთან საუბარი უმთავრესად შეეხო რათქმაუნდა რელიგიური რადიკალიზმის პრობლემას. ჩვენ მათ შევთავაზეთ რომ ეს ჩამოსვლები შეიძლება იყოს უფრო რეგულარული თუ კი გვექნება მათაგან კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული ხედვა, რეკომენდაციები რა გაკეთდეს იმისათვის რომ მომავალში შევამციროთ რადიკალიზაცია და ახალგაზრდობა დავაბრუნოთ იმ ურთიერთობებსა და ადათ-წესებში, რომელზეც ეს ხეობა მუდმივად იდგა და რომლითაც დღემდე ამაყობს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

    სოფელ ჯოყოლოში მთავრობის წარმომადგენლები თექის დამუშავების სახელოსნოს მოსწავლე გოგონებსაც შეხვდნენ. „შევეცდებით ყველანაირად, ყველა პროცედურა გავიაროთ და თექის სახელოსნოს გოგონებს შევუკვეთოთ იმ საჩუქრების დამზადება, რომელსაც, ბუნებრივია, ყველა უწყება პერიოდულად იყენებს სტუმრები როდესაც ჰყავს. ამ თანხას მაინც იღებს სახელმწიფო და უმჯობესია, ასეთ ინიციატივებს დავეხმაროთ“,- აღნიშნა ხიდაშელმა.

    შეხვედრებს არც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი და არც კახეთის გუბერნატორი არ ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან შეხვედრებში მხოლოდ სოფელ დუისში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი თამარ მარგოშვილი და ახმეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ქინქლაძე მონაწილეოდნენ. ქინქლაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია.

    დღის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჯოყოლოში, ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის ისა ბორჩაშვილის სახლში ისადილეს. ვიდრე სტუმრები სადილობდნენ, ვერტმფრენები საწვავით მოამარაგეს და მთავრობის წარმომადგენლების და ჟურნალისტების თბილისში წასაყვანად, ომალოდან ჯოყოლოში გადაფრინდნენ.

    კითხვაზე, რატომ ჩამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერტმფრენებით, მაშინ როდესაც თბილისიდან პანკისის ხეობამდე დაახლოებით 131 კილომეტრია და ამ მანძილის დაფარვა ავტომობილით ორ საათში შეიძლება, თავდაცვის მინისტრმა გვიპასუხა: „ბევრი მანქანა დაგვჭირდებოდა და გაცილებით უფრო მეტი დაუჯდებოდა ეს ბიუჯეტს. 12 კაცი გადაჰყავს ვერტმფრენს, მანქანა სამი ან ოთხი დასჭირდებოდა. შესაბამისად გამოთვალეთ, გაამრავლეთ სამზე და ასე შემდეგ“...

    სამხედრო – ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს მიაჩნია, რომ პანკისის ხეობაში შვეულმფრენებით ჩასვლის მიზანი, შესაძლოა, ეთნიკურად ქისტი ახალგაზრდების დაინტერესება ყოფილიყო, იმსახურონ ქართულ არმიაში.

    „ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული „იროკეზის“ ტიპის ერთძრავიანი შვეულმფრენი ფრენის დროს საათში ხარჯავს მაქსიმუმ 270 ლიტრ საავიაციო ნავთს. ამ ვერტმფრენის მაქსიმალური სიჩქარე შეიძლება იყოს 185 კმ/საათში. რაც შეეხება იქ ჩასვლას, მე ვნახე რაც თავდაცვის სამინისტროს საიტზე აქვს გამოქვეყნებული და ამას ეტყობა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებზე უფრო ვიზუალური შთაბეჭდილების მოხდენის დატვირთვა ჰქონდა. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, შეთავაზება იყო პანკისის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ, რომ დასაქმდნენ. პირველ რიგში ქართულ არმიაში კონტრაქტი, სამსახური შესთავაზეს. ეტყობა ამაზე იყო გათვლილი, რომ სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენებით თუ ჩაფრინდებოდნენ, შთამბეჭდავი იქნებოდა და ახალგაზრდებს რომ გასჩენოდათ სურვილი იმსახურონ ქართულ ჯარში. სხვათაშორის, ასეთ მეთოდს სხვა ქვეყნებშიც იყენებენ, იგივე აშშ-ში. ვინც საკონტრაქტო სამსახურში სურთ გაიწვიონ, ცდილობენ მათზე სამხედრო ტექნიკით მოახდინონ ერთგვარი შთაბეჭდილება. ჩემი პირადი აზრი ასეთია. პანკისის მაცხოვრებლები ოდითგვანვე ითვლებიან კარგ მეომრებად, გულადი და მებრძოლი სული აქვთ და სხვათაშორის ეს გათვლა ცუდი არ არის იმ გაგებით, რომ პანკისის ხეობაში ამ ხალხის დასაქმება მუდმივად იყო საჭირო და დღესაც არის, რომ არავინ გაიხედოს „ისლამური სახელმწიფოსკენ“.

    თავდაცვის მინისტრი პანკისის ხეობას თებერვლის დასაწყისში კიდევ ერთხელ ესტუმრება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]