• ეკოტურიზმი პანკისში - საფრთხეები და განვითარების შესაძლებლობები

    პარასკევი, 24 აპრილი 2020 21:04 view 13258
    ეკოტურიზმი პანკისში - საფრთხეები და განვითარების შესაძლებლობები

    „დღეს რისთვისაც პანკისში ტურისტები ჩამოდიან, ეს არის ბუნება, სუფთა ჰაერი და ადგილობრივი კულტურა. თუ ხეობაში ჰესების მშენებლობა განახლდა, ეს შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას და პერსპექტივა აღარ გვექნება. ოთხი-ხუთი ჰესით დამძიმებულ პატარა ხეობაში ტურიზმი ვეღარ განვითარდება“, - ნაზი დაქიშვილი, 32 წლის, ჯოყოლოს მკვიდრი.

    თბილისში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა და ქალაქის მერიაში იურისტად მუშაობდა. სამსახური 2 წელში მიატოვა და პანკისში დაბრუნდა. საცხოვრებელ სახლში საოჯახო სასტუმრო მოაწყო.

    თავიდან წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული სტუმარი ჰყავდა. პანკისის პოპულარიზაციას საკუთარი ძალებით ცდილობდა ტურისტულ სააგენტოებსა და ინტერნეტში. ადვილი არ იყო, მითუფრო 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სადაც 3 შეიარაღებული პანკისელი ახალგაზრდაც მოკლეს. ლოპოტის სპეცოპერაციამ კიდევ უფრო გაამძაფრა შიში პანკისის მიმართ, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ პანკისის კრიზისის პერიოდიდან იღებს (1999-2002 წლები). არანაკლებ მძიმე იყო პანკისისთვის 2014-2015 წლები, როცა ხეობიდან სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის და საბრძოლველად 60-ზე მეტი ახალგაზრდა წავიდა. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.

    2015 წელს უსაფრთხოების სამსახურებმა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი. 2016 წლის დასაწყისში, პანკისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებთან ერთად ჩავიდა. ეს იყო ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საჯარო შეხვედრა ხეობაში 2004 წლის შემდეგ. „მე ვარ პანკისის ხეობაში. ჩემთან ერთად არიან ელჩები, ჩემთან ერთად ხართ ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. ამას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას ტერორისტების საწვრთნელად იყენებდა“.

    ხეობაში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. იმ პერიოდში დაიწყო მაუწყებლობა სათემო რადიომ, რომელმაც პანკისში 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტს უმასპინძლა. პანკისში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილობრივებს სხვადასხვა პროგრამები შესთავაზეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ.

    შიშის დაძლევა მოხერხდა. 2016 წლიდან ხეობაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიკრო და მცირე გრანტების სახელმწიფო პროგრამამ პანკისში 30-მდე პროექტი დააფინანსა - შეიქმნა ახალი საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, საქონლისა და ფრინველის მცირე ფერმები, მომსახურების სხვადასხვა ობიექტები.

    2019 წელს ნაზის საოჯახო სასტუმრომ 500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდანაა.

    ნაზიმ და მისმა თანამოაზრეებმა ხეობაში ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია დააფუძნეს, რომელმაც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა დაიწყო. ნაზი გვიყვება, რომ ტურისტებს ყველაზე მეტად კულტურული და საცხენოსნო ტურები აინტერესებთ. 7 გიდი ჰყავს, აქედან 5 საცხენოსნო ტურებისთვის. ცხენებს ადგილობრივებისგან ქირაობენ, ისინიც სარგებელს იღებენ: „ხადორის ხეობას და ჩანჩქერს ვათვალიერებინებთ, ქოჩადალას, ლამაზურის ხეობებს, ტბათანას. ძალიან მოსწონთ აქაურობა, მითუფრო ქოჩადალას და ლამაზურის ხეობები ხელუხლებელია. ხევსურეთსა და თუშეთშიც ვთავაზობთ საცხენოსნო ტურებს. გიდების გარდა ჩემს საოჯახო სასტუმროში კიდევ 6 ადამიანი ვართ ჩართული, სულ 13. პანკისი ვიწრო ხეობაა, მცირემიწიანი. აქ არ არის შესაძლებელი დიდი რაოდენობით მოსავლის მოყვანა, ბაღების გაშენება. მდინარის ორივე ნაპირას სოფლებია და დანარჩენი ტყეს უკავია.

    ადგილობრივების დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა სწორედ ეკოტურიზმია. ბევრი ახალგაზრდა მონდომებული იყო კიდეც და გზას ეძებდა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რამე საქმე რომ დაეწყო, მაგრამ ახლა რა გვაქვს? ახალგაზრდებისგან დაცლილი ხეობა“

     

    ჰესების მშენებლობა

    საქართველოს აქვს „ტურიზმის სტრატეგია-2025“, რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკის ჩართულობით მოამზადა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. სტრატეგია მოიცავს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური და ავთენტური შეთავაზების შექმნას, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, დაცვასა და წარმოჩენას; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომის გაუმჯობესებას.

    ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 60 ათას ლარზე მეტი დახარჯა პანკისის ხეობაში სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და მანიშნებლების მოსაწყობად. 8-დან 6 ბილიკი ხადორის ხეობაზე გადის.

    ხადორი პანკისის ხეობის ნაწილია. ბოლო დასახლებული პუნქტი პანკისში მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს სოფელი ძიბახევია, მარცხნივ კი ომალო. ძიბახევს ზემოთ ერთი გზა ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალისკენ და ტბათანისკენ მიდის. ტბათანა თუშეთის ნასოფლარია. მეორე გზა კი ხადორის ხეობას მიუყვება. ქოჩადალას და ლამაზურის ხეობებშიც ამ გზიდან გადავდივართ.

    ხადორის ხეობაში უკვე ფუნქციონირებს 2 ჰესი - პირველი ჰესი ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით აშენდა და 2004 წელს ამოქმედდა. ხადორჰესს 24 მეგავატი ელექტროენერგია რომ გამოემუშავებინა, მდინარეები ალაზანი და სამყურა მილებში მოაქციეს. ე.წ. სადაწნეო მილსადენი კი 300 მეტრი სიმაღლიდან ეშვება.

    მდინარის მცირე ნაწილი (დაახლოებით 30 %), რომელიც ხადორჰესს გადაურჩა, 2013 წელს „ხადორი 2 ჰესისთვის“ გამოიყენეს (სიმძლავრე 6 მგვტ) და მილებში მოაქციეს. „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, რომლის 96%-ის მფლობელი იოსებ მჭედლიშვილია. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია, რომლის ოჯახის წევრიცაა ლაშა იორდანიშვილი. ეს უკანასკნელი შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 %-ის მესაკუთრეა.

    სწორედ „ალაზანი ენერჯის“ აქვს „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა სოფელ ბირკიანში. მესამე ჰესის მშენებლობა (სიმძლავრე 5.4 მგვტ), ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იგეგმებოდა. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან უნდა მომხდარიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევდნენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩებოდა, არადა, სოფლების ბირკიანისა და ძიბახევის მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობს და შესაძლოა, 600-ზე მეტი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩენილიყო. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდე იყო დაგეგმილი, თუმცა 2018 წლის 29 ივნისს ხეობის მოსახლეობამ კომპანიას ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერებინა. კომპანიამ ვერ შეძლო მოსახლეობის დარწმუნება, რომ ჰესის მშენებლობა უსაფრთხო იყო და ხეობას ზიანს არ მოუტანდა. 2019 წლის 21 აპრილს, გამთენიისას, სამშენებლო სამუშაოები ასზე მეტი პოლიციელის თანხლებით განახლდა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ძალოვნებს შორის შეტაკება მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. მოსახლეობამ დაწვა პოლიციის რამდენიმე მანქანა და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი.

    ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც პანკისში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა.

    „ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, მე ამოვედი აქ იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ ვინ, ვის, რა ესროლა“, - თქვა გახარიამ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, მაგრამ არავინ დაუკავებიათ. რამდენიმე დღის შემდეგ გახარიამ თქვა, რომ რაც მოხდა, შეცდომა იყო.

    პანკისში ნებართვა მეოთხე ჰესის მშენებლობაზეცაა გაცემული. „სამყურისწყალი 2 ჰესის“ აშენებაც იგივე ჯგუფს სურს - შპს „ფერს“. ჰესის სიმძლავრე 27 მგვტ იქნება. დაგეგმილია გვირაბების გაყვანა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებით, სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და ელექტროგადამცემ ქსელთან დაკავშირების მიზნით, სპეციალური, 38 კილომეტრამდე სიგრძის 110 კვ.ტ ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.

     

    უარყოფითი ზეგავლენა ტურიზმზე

    „ზაფხულში, ხადორის ხეობაში წყალი ისედაც აღარ ჩამოდის იმიტომ, რომ მთლიანად მილებშია მოქცეული, რადგან აქ უკვე არსებობს ორი ჰესი. ჩვენ არასდროს არანაირი პროტესტი არ გამოგვიხატავს ამ ჰესებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა აქედან რაიმე სარგებელს ვერ იღებს. საკმარისია ამ ხეობაში ორი ჰესი.

    ორი კილომეტრის მანძილზე, ეს ხეობა მთლიანად მშრალია ხოლმე, წვეთი წყალი არ რჩება ზაფხულში. აქ ადრე თევზი ბინადრობდა, კალმახს ვიჭერდით. სულ გაწყდა თევზი, საერთოდ აღარ არის“

    შენგელი ტოხოსაშვილი სოფელ ომალოში ცხოვრობს. 2019 წლიდან ასკილის ლუდს აწარმოებს. ასკილსა და კუნელს პანკისის ხეობის სოფლებში ადგილობრივებისგან იბარებს. ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარია. გასული წლის ზაფხულში, როცა პანკისი ტურისტების ნაკლებობას არ უჩიოდა, თვეში 2-3 ტონა ლუდს ხარშავდა. ერთ ლიტრს 1 ლარად ყიდის. შენგელი ამბობს, რომ პანკისის საოჯახო სასტუმროები ლუდს ხშირად უკვეთავენ, რადგან ტურისტებს ტრადიციული სასმელის მირთმევა სურთ. ასკილის ლუდი უალკოჰოლოა და მას მუსლიმებიც სვამენ. დარწმუნებულია, რომ ხეობაში ტურისტების შემცირება მასზეც უარყოფითად აისახება, ისევე, როგორც სხვა მცირე მეწარმეებზე, რომლებიც რძის, ხორცის პროდუქტებს აწარმოებენ ან ტრადიციულ რეწვას მისდევენ და სასაჩუქრე ნივთებს ამზადებენ.

    „პანკისის ხეობას ეკოტურიზმის განვითარების სერიოზული პოტენციალი აქვს. პირველ რიგში ეკოტურიზმი არის პასუხისმგებლიანი ტურიზმი, რომლისთვისაც აუცილებელია  იცავდეს ბუნებას; იცავდეს ადგილობრივი თემის წეს ჩვეულებებს; მესამე და აუცილებელი კომპონენტი არის ის, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი უნდა ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობას, თემს. თუ ამ კომპონენტებიდან რომელიმე აკლია, მაგალითად მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს მსხვილ კომპანიას და არა ადგილობრივ თემს, ეს არ არის ეკოტურიზმი“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი. მისივე თქმით,

    პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის პანკისის ხეობის მდგრად განვითარებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, ეს არის სახელმწიფოს ხედვა, რომ ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს.

    „თან სახელმწიფოს ხედვა ისეთია, რომ ჰესები ყოველგვარი გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინების გარეშე შენდება, აი, ისე, დაახლოებით ორმოცდაათი და მეტი წლის წინ რომ შენდებოდა მთელს მსოფლიოში. პრაქტიკულად უგულებელყოფილია საქართველოს კანონმდებლობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. უგულებელყოფილია ევროკავშირის დირექტივებიც კი.

    „მწვანე ალტერნატივა“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ხადორი 3“ ჰესისა და „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის ნებართვების გაუქმებისთვის სასამართლოში დავობენ.

    ჰესის მშენებელი კომპანიის და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ „ხადორი 3“ მცირე ჰესია და ხეობას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს. ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის რეკომენდაციების მიხედვით, ჰესის პროექტის ზომა არ არის მისგან მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ნებისმიერი ზომის პროექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის შედეგადაც გაუარესდება წყლის ობიექტის ხარისხი და დაირღვევა წყლის ჩარჩო დირექტივის (მუხლი 4(7) მოთხოვნები.

    „ამ ხედვას ჩვენთან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ჰესის მშენებელი კომპანიები უგულებელყოფენ. ისინი ხშირად ურცხვად აცხადებენ, რომ მცირე ჰესმა არ შეიძლება  გარემოს ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი.

    ევროკავშირის ამავე რეკომენდაციების თანახმად, აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროექტის დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რათა გადაწყდეს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანს ნამდვილად აღემატება თუ არა ჰესის ეკონომიკური/ენერგეტიკული სარგებელი. ასეთი ანალიზის ჩატარება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობითაც, თუმცა მსგავსი დოკუმენტი არც პანკისში დაგეგმილ ჰესებზე არსებობს და არც საქართველოში მშენებარე სხვა ჰოდროელექტროსადგურებზე.

    ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ჰესებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ეფექტური თევზსავალები და იცავდნენ წყლის ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ხარჯის გამოყენების სტანდარტს, რაც პანკისის ხეობაში მომუშავე ორი ჰესის მაგალითზე ხშირად ირღვევა. 2018-2019 წლებში პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორებმა არაერთხელ დააფიქსირეს ზაფხულობით უწყლოდ დარჩენილი თევზსავალები.

    საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს „ადგილობრივი თემების, განსაკუთრებით სოფლად, თვითმყოფადობისა და ინტერესების პატივისცემას, ადგილობრივი განვითარების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებას“.

    გარემოს დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვილავა მიიჩნევს, რომ „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესმა ვერ შეასრულა ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტის თაობაზე შეთანხმებისა და მხარდაჭერის მიღწევის ფუნქცია. პირიქით, ამ ეკონომიკურად უმნიშვნელო მასშტაბის პროექტმა მკვეთრი კონფლიქტი გამოიწვია ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში.

     

    დაცული ტერიტორიები ეკოტურიზმის განვითარებისთვის

    ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დაცული ტერიტორიების გამოყენებით არის შესაძლებელი.

    დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 6 435 774 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედაბით 12%-ით მეტია. 2018 წლის განმავლობაში 2017 წლის მონაცემებთან შედარებით დაცული ტერიტორიების მიმდებარედ საოჯახო სასტუმროების რაოდენობა გაზრდილია 37%-ით, მაღაზიების რაოდენობა 20%-ით, კვების ობიექტების რაოდენობა 16%-ით

    პანკისის ხეობაშია ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორია, რომელიც ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალს, ბაბანეურის ნაკრძალსა და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.

    ბაწარის ხეობის შუა ნაწილში უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰექტრიანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

    ბაბანეურის ნაკრძალი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვესაა განლაგებული. ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს. აღმოსავლეთით ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება. მისი დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშებისა და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა. მტაცებელი ფრინველებიდან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

    ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა მხოლოდ საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის მიზნით არის ნებადართული. ილტოს აღკვეთილში კი ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების მოწყობაა შესაძლებელი.

    „დაცული ტერიტორიები შესაძლებელია იმგვარად იყოს გამოყენებული, რომ ეკოტურიზმის პოტენციალი განვითარდეს. ამისათვის აუცილებელია რომ ადგილობრივი თემები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაცული ტერიტორიების მართვაში - მნიშვნელოვანი, წამყვანი როლი ჰქონდეთ და არა სახელმწიფო იყოს ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები“, - აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი.

    ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) დაცული ტერიტორიების მართვის რამდენიმე ფორმას განიხილავს.

    ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში დაცული ტერიტორიის მართვის ყველაზე არადემოკრატიულ ფორმას მისდევენ, როცა გადაწყვეტილებებს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება იღებს. IUCN-ის სქემის მიხედვით, საუკეთესო მოდელია მართვის ის ფორმა, როდესაც წამყვანი როლი ადგილობრივ თემებს ეკისრება.

    საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის 87 დაცული ტერიტორიაა, საიდანაც 86-ს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციაა. მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ მეშვეობით. ადგილობრივი თემი არცერთი დაცული ტერიტორიის მართვაში არ არის ჩართული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]