• weather cur horoscope

    როცა ქოხიც ვერ გშველის - ლექსო, ელისო და ნინი ხევისჭალადან ონლაინგანათლების მიღმა

    ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 17:02 view 1711
    როცა ქოხიც ვერ გშველის - ლექსო, ელისო და ნინი ხევისჭალადან ონლაინგანათლების მიღმა

    ლექსო, ელისო და ნინი ხევისჭალადან არიან. ეს იგივე სოფელია, სადაც 11 წლის ალექსანდრე წოწკოლაური ონლაინგაკვეთილებს სახლიდან მოშორებით, ტყის პირას სახელდახელოდ აშენებული ქოხიდან ესწრება. ხევისჭალას ზედა უბანში, სადაც ლექსო, ელისო და ნინი ცხოვრობენ, ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს, მთის წვერზე თუ არ ახვალ! ამ ბავშვებს ქოხიც ვერ უშველის.

    „გორაზე, ტყეში უნდა ახვიდე და იქ ეძებო. ტელეფონიც არ იჭერს აქ. ეზოში, სადმე, ჯეოსელს შეიძლება დააჭერინო. ონლაინსწავლებაში ვერ ვმონაწილეობთ. არც არავის უკითხავს, ტელეფონი ან კომპიუტერი თუ გვქონდა, ისე გადაგვიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე. ხოდა, ვართ ასე მოწყვეტილები. სოფლამდე არც ნორმალური გზაა, სადმე რომ წახვიდე, გაკვეთილს დაესწრო და ისევ მოხვიდე. ნადირიც ბევრია. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიტანჯებით“, - გვიყვება 13 წლის ელისო დავითაშვილი.

    სოფელ ხევისჭალაში სკოლა არ არის. კორონავირუსის პანდემიამდე, ვიდრე საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდნენ, ლექსო, ელისო და ნინი დავითაშვილები ახმეტის საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. ბავშვებმა საშუალო განათლება რომ მიიღონ, სოციალურად დაუცველ ოჯახს მძიმე ტვირთად აწვება. წელს, პანდემიამდე დეიდასთან ცხოვრობდნენ, მანამდე კი ბინა ჰქონდათ დაქირავებული. 

    სკოლისა და ტრანსპორტის არქონის გამოა ხევისჭალადან გახიზნული 11 წლის ალექსანდრე წოწკოლაურიც. სწავლის პერიოდში ის თბილისში, უფროს ძმასთან ცხოვრობს და სკოლაში იქ დადის. ხევისჭალაში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა. პანდემიის პირობებში, სოფელში, მშობლებთან დაბრუნდა. ონლაინგაკვეთილებს რომ დასწრებოდა, ალექსანდრემ ინტერნეტი სახლიდან მოშორებით, ტყის პირას იპოვნა. ვიდრე აცივდებოდა, ღია ცის ქვეშ იჯდა, კაკლის ძირში და გაკვეთილებს ისე ესწრებოდა. როცა აცივდა, მამამ იმავე ადგილას, ქოხი აუწყო. 

    ალექსანდრეს შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანია „სქაიტელმა“ ბავშვს უკაბელო ინტერნეტი მიუყვანა და 18 თვის სააბონენტო გადასახადიც დაუფინანსა. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მეგობრების მხარდაჭერით ალექსანდრესთვის ახალი, მძლავრი კომპიუტერი შეიძინა, რომელსაც ხვალ გადასცემენ. „მთის ამბებმა“ ალექსანდრეს მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ანგარიშზე თანხა გროვდება. ალექსანდრე მშობლებთან ერთად ძველ, ერთოთახიან, დაზიანებულ ფიცრულში ცხოვრობს. საკმარისი თანხის შეგროვების შემთხვევაში, ალექსანდრეს ხევისჭალაში ხის ახალი, ლამაზი სახლი ექნება, რაზეც ოცნებობს.

    რეპორტაჟი „მთის ამბების“ გვერდზე უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. სიუჟეტი ეთერში გაუშვეს TV პირველმა და „რუსთავი 2“-მა. 

    „კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვიცი, გავერკვევით ამ საკითხის შესახებ და დავინახავთ, იქ პრობლემის წყარო რაშია, მაგრამ ზუსტად ასეთი მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ შორის ინტერნეტზე, მასშტაბური ინტერნეტიზაციის პროექტი არის დაწყებული. ამ პროექტის ფარგლებში, ისეთ ტერიტორიებზეც კი, თუმცა დაფარვა დღეისათვის საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასეთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით განათლების მიღების პროცესში“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა.

    სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მიერ, ჯერ კიდევ 2014 წელს დაანონსებული და მომდევნო წლებში დაპირების დონეზე მრავალჯერ გამეორებული საყოველთაო ინტერნეტიზაცია არ მიმდინარეობს. 

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ბოლო, 2020-2025 წლების სტრატეგია 2020 წლის იანვარში დაამტკიცა და საპარლამენტო არჩევნებამდე საყოველთაო ინტერნეტიზაციაც ხელახლა დაანონსდა. პროექტს ამჯერად Log In Georgia ჰქვია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს. აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ „მსოფლიო ბანკი“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებდა და ათასამდე დასახლებული პუნქტი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებდა. 

    ეს პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, სადაც ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და სადაც მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის. საქართველოში 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია. ამ სოფლებს შორისაა ხევისჭალაც.

    გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, საქართველოში 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა საცხოვრისში. ქვეყანაში 221 000 ბავშვი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა.

    რეპორტაჟის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ხევისჭალაში ალექსანდრე წოწკოლაურს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი სოსო ქარუმაშვილი ფოტოგრაფებთან ერთად ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალექსანდრეს დედას უსაყვედურეს, რატომ ამბობს სიუჟეტში, რომ ყურადღებას არავინ აქცევს. 

    „არ ვიცოდით ამ ოჯახის შესახებ“ - უთხრა პანკისის სათემო რადიოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

    მერია რისთვის არის, ან მერი, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, ცალკე სამსახური აქვთ კიდევ მერიაში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისთვის. რატომ არ იცოდით?

    - რეგიონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ვერ გვეცოდინება.

    - აქვე, ამავე სოფელში, ზემოთ კიდევ ერთი ოჯახია, გვარად დავითაშვილები, სასკოლო ასაკის სამი ბავშვი ჰყავთ. აქ არიან, არც ინტერნეტი აქვთ, არც ტელეფონი და კომპიუტერი, რომ ონლაინგაკვეთილებს დაესწრნენ. ისინიც ნახეთ და ირეაგირეთ - ინფორმაცია მიაწოდა გუბერნატორის მ/შ-ს და მერს „მთის ამბების“ რეპორტიორმა. 

    ხელისუფლების წარმომადგენლებს ლექსო, ელისო და ნინი დავითაშვილები არ უნახავთ. არც დაინტერესებულან, რა პრობლემები აქვთ ბავშვებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ალექსანდრე წოწკოლაურის დედას მუყაოს ყუთი გადასცეს, ფოტოები გადაიღეს და ხევისჭალადან წავიდნენ. მუყაოს ყუთში 1 კგ კარტოფილი, 1 პომიდვრის პასტა, 1 მარილი, 1 მაკარონი, 1 შაქარი, 1 ჩაი, 1 წიწიბურა, 1 ჰერკულესი, 2 კგ პურის ფქვილი, 2 თევზის კონსერვი და 2 ბოთლი ზეთი იდო.

    საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გამო სახლშია 3-17 წლის ასაკის 661 500 ბავშვი. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა მთის სოფლებშია, არადა, რთული რელიეფის მქონე ერთი სოფლის ინტერნეტიზაცია დაახლოებით 3-6 ათასი ლარი ჯდება.

     

    ლექსოს, ელისოს და ნინის მხარდასაჭერად, მათთვის კომპიუტერი და ტელეფონი რომ შევიძინოთ და როგორმე ინტერნეტითაც უზრუნველვყოთ, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

    ️ ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003

    ️ ბანკის კოდი: LBRTGE22

    ️ მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

    ️ დანიშნულება: #ლექსოსთვის, ელისოსთვის და ნინისთვის
    #მთისამბები
    #ინტერნეტიმთისსოფლებს

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    შმაგი მუთოშვილს მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა და 4 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი (ასლან) მუთოშვილის საქმეზე…

    თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

    ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის,…

    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

    დაღლილობა, გონების დანისვლა და კონცენტრირების პრობლემა, გემოსა და სუნის შეგრძნების…
  • პოპულარული

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]