• მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი ჯოყოლოში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხეობაში

    კვირა, 19 იანვარი 2020 19:34 view 3632
    მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი ჯოყოლოში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხეობაში

    სოფელ ჯოყოლოში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და პანკისის ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა - ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პანკისის ხეობაში ახალგაზრდების სპორტული საჭიროებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა. ორივე პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის პანკისის სათემო რადიო და უხუცესთა კავშირი ადვოკატირების კამპანიებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

    პანკისის ხეობის 10-ზე მეტი სოფლიდან სპორტული დარბაზი მხოლოდ დუისში ფუნქციონირებს. დარბაზში ჭიდაობისა და კიკბოქსინგის სექციები მუშაობს და გვიან საღამომდე დატვირთულია. ხშირად მეცადინეობები საღამოს 9-10 საათამდე გრძელდება. უმეტესად მხოლოდ დუისში მცხოვრებლები ვარჯიშობენ, რადგან საღამოს და განსაკუთრებით ზამთარში, ბავშვებს სხვა სოფლებიდან გადაადგილება უჭირთ.

    პანკისის ხეობის სოფლებში არცერთი სპორტული მოედანი არ არის რეაბილიტირებული. ჯოყოლოს სტადიონი კი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამის მიუხედავად იქ ფეხბურთს მაინც თამაშობენ.

    „ადრე შემოღობილი იყო, მავთულბადე რკინის მილებზე ჰქონდათ მიკრული. ეს მილები ისეა გადაჭრილი, რომ ადამიანი ბურთის დევნისას შესაძლოა ზედ ჩამოეგოს. ძალიან საშიშია. სკოლებში ასე თუ ისე აქვთ სპორტული დარბაზები, მაგრამ ინვენტარი იქაც პრობლემაა. ვინც სკოლის მოსწავლე არ არის, სკოლის შენობაში არ უშვებენ და სასწავლო პროცესის შემდეგ, არც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ შესვლა და დარბაზში თამაში. ზამთარში არც სკოლის დარბაზები თბება. ერთადერთი რაც გვაქვს, დუისის ჭიდაობის დარბაზია. ბავშვები და ახალგაზრდები იქ რომ ჩავიდნენ, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. ალაზნის მეორე მხარეს მდებარე სოფლებისთვის - ომალოსთვის, ზემო, შუა და ქვემო ხალაწნისთვის, დუმასტურისთვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. ალაზნის აქეთა მხარეს კიდევ უკეთესი ვითარებაა, მანქანაც შეიძლება უფრო ხშირად შეგხვდეს და გაგაყოლოს. იქით ძალიან იშვიათად დადის მანქანა. იმ გზაზე თან მთლიანად ტყეა, საღამოს გადაადგილებაც საშიშია, ნადირიც ბევრია.

    დასაწყისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ვითხოვთ, რომ ხელი შევუშალოთ იმ შემაშფოთებელ მდგომარეობას, რაც პანკისში გვაქვს - კანაფისა და მარიხუანის გაზრდილ მოხმარებას, ასევე სხვა ნარკოტიკების კუსტარულად დამზადებას და მოხმარებას ვგულისხმობ. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. რასაც ვითხოვთ, სპორტული ცენტრი ჯოყოლოში, ეს ელემენტარულია“,

    - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა.

    „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს ეს ძალიან მძიმე სურათი ხეობაში, ის არის, რომ ადგილზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ახალგაზრდა ბიჭები დაკავდნენ, თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ. დუისის ჭიდაობის დარბაზი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხეობის სხვა სოფლებიდან შორს არის,  განსაკუთრებით ზამთარში. ჯოყოლოში სპორტული დარბაზის არსებობა ხელს პანკისის რამდენიმე სოფელს შეუწყობდა“, - აღნიშნავს ლუიზა მუთოშვილი, პედაგოგი.

    მთავრობა პანკისელებს ჯოყოლოში სპორტული ცენტრის მშენებლობას ჯერ კიდევ 2017 წელს პირდებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.

    უხუცესთა კავშირის წევრის ხასო ხანგოშვილის თქმით, იმისათვის, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ბავშვებსაც ჰქონდეთ სპორტის ისეთი სახეობების დაუფლების შესაძლებლობა, როგორიცაა ფრენბურთი, რაგბი, კალათბურთი და სხვა, მათ ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე გასვლა და უკან დაბრუნება უნდა შეეძლოთ.

    „არ შეიძლება სოფელში მცხოვრები ბავშვი დასჯილი იყოს იმის გამო, რომ სოფლად ცხოვრობს. ყველა ოჯახს არ აქვს მანქანა და არც იმის საშუალება, რომ ყოველდღე ბავშვები რაიონულ ცენტრში წაიყვანოს და წამოიყვანოს. ამისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტია საჭირო. უტრანსპორტობა ყველაფერს კლავს, უძრაობას იწვევს და ახალგაზრდებს მავნე გზებისკენ უბიძგებს.  

    მწვრთნელების პრობლემაც გვაქვს ხეობაში. ვინც იყვნენ, დაბერდნენ, მოწვეულ მწვრთნელებს კი მწირი ანაზღაურება აქვთ, 300-400 ლარი. აბა, ამ ხელფასზე როგორ იმუშავებენ, გზის ფულიც ხომ უნდათ. ისინიც საკუთარი ტრანსპორტით უნდა მოვიდნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოერივი ტრანსპორტი არ არის და ეს ხელს ამაშიც გვიშლის. ახალგაზრდები ვერც პროფესიულ განათლებას იღებენ და ვართ ასე ჩაკეტილები, ჩიხში მომწყვდეულები“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

    ამ პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და უხუცესთა კავშირი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები კიდევ არის დაგეგმილი. პანკისის სათემო რადიო პეტიციასაც მოამზადებს, რომლითაც ხეობის მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტას მოსთხოვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]